მონანიების იმიტაცია

28 ივლისი 2020 Shadow

ავტორი: ინნა კულიშოვა - პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

პირველად გამოქვეყნდა: https://www.ng.ru/style/2019-03-24/12_7538_style.html 

სტატიაში შერჩეული ფაქტები და მათი ინტერპრეტაცია წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას.

 

ძველ ქართულ ფილმებში უმეტესწილად უმთავრესია ფონი. კინოს და მათ შორის ქართული კინოს ოქროს ხანა დაემთხვა საბჭოთა ეპოქას, როდესაც მშობლიური მიწის სიყვარული და მისი სრული სილამაზით გამოხატვისკენ სწრაფვა, იდეოლოგიზებულ სიუჟეტზე საინტერესო ხდებოდა. საშუალო ხარისხის ძველი ფილმები სწორედ ამითაა საინტერესო. ეს ცალკეა მოსათხრობი.

არსებობს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, გამორჩეული ბრძნული, დახვეწილი იუმორით. არის დიადი კინო, ისეთი როგორც „ცისფერი მთები ანუ არაჩვეულებრივი ამბავი“- მწარე რეალობის შეუცდომლად ამსახველი და ამავდროულად მართლაც სასაცილო, პერსონაჟების ზუსტი ხასიათებით და ყოველდღიურ ყოფასთან მიახლოებული სიტუაციებით.

ამასთან, არის კინო, ისეთი ღერძით, სადაც ფონი არსებითად აღარაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ ეს ძირითადად კინოიგავებია. იგავები, განუყოფლად დაკავშირებული საბჭოთა პერიოდთან. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თვე თებერვალია, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია ქალაქში შემოვიდა. ეგრეთწოდებულმა შულავერის კომიტეტმა, რომელიც ბოლშევიკებმა შექმნეს და სათავეში ფილიპე მახარაძე, წმინდანად შერაცხული მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მკვლელი, ჩაუყენეს, მოსკოვში ტელეგრამა გააგზავნა თბილისის აჯანყებაზე (რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია) და ამით წითელი არმია ქვეყნის დასაპყრობად მოიხმო. ერთი სიტყვით  ყველაფერი  სტალინისეული სცენარითა და  თამაშის წესებით გათამაშდა. 1921 წლის მარტის შემდეგ სიტყვათშეთანხმება „შულავერის კომიტეტი“ ქართულ ენაში ღალატის და გამცემლობის სინონიმად იქცა.

... სოლოლაკის ქუჩით (მას შემდეგ კიროვის სახელი ეწოდა, ახლა კი ლეონიძის, იმ გოგლა ლეონიძის, რომელიც საქართველოს გამორჩეული პოეტი და მწერალია, ვისი მოთხრობის მიხედვითაც გადაიღეს „ნატვრის ხე“, აბულაძის ტრილოგიის მეორე ფილმი), რომელსაც თავისუფლების მოედნამდე მივყავართ, შემოდიოდა წითელი არმია თბილისში. მოედანი კი მაშინაც თავისუფლებისა იყო, იქამდე შტაბის და ერევნის, პასკევიჩ-ერევანსკის სახელობის (ესეთი დაწყვილებები არა შემთხვევითობის კანონი, არამედ ბედის და ისტორიის რითმებია: პასკევიჩმა ჩაახშო აჯანყება, რევოლუცია უნგრეთში, პოლონეთში, აიღო ერევნის ციხესიმაგრე და ა.შ.) შემდეგ ბერიას სახელობის გახდა, შემდეგ - ლენინის, დღეს - კვლავაც თავისუფლებისაა.

ცხოვრება შეიცვალა. იმგვარად, რომ ბევრისთვის ახლაც ძალიან რთულია მოგონებების გადააზრება. მუდმივად იცვლებოდა ქალაქის იერსახეც. მაგალითად, ისევ და ისევ სოლოლაკის რაიონი, რომელსაც კვეთდა კოჯრის გზა, მდიდარი, ბურჟუაზიული რაიონიდან, პატარა კერძო კლინიკებით და სავაჭრო სკოლებით, გიმნაზია-პანსიონებით, გადაიქცა კომუნალურ საცხოვრისად, პარტიული ელიტისა და ამავე დროს ღარიბთა ნავსაყუდლად. პარადოქსულად, სიუხვის რქიდან თითქოს ტრაგედია და სიღარიბე გადმოიფრქვა. სოლოლაკის ზოგი მაცხოვრებლის ბედ-იღბალი დიდი რეჟისორების საკულტო ფილმებს დაედო საფუძვლად. ბევრი ისტორია ცალკე თხრობას იმსახურებს... ხალხიც, ქუჩებიც.

თენგიზ აბულაძის ფილმში, „მონანიება“ - აბელის ოჯახობის ფონი, მისი დეკორაცია საქართველოს მწერალთა სახლია, არაერთი დიდი პიროვნების გადარჩენისა და დაღუპვის მომსწრე. 1937 წელს,  მწერალთა კავშირის ცნობილ სხდომაზე როდესაც თითქმის ყველა „მომხრე“ აღმოჩნდა, ტიციან ტაბიძე - უკვე დახვრეტილი იყო და  სხვების ჯერი ახლოვდებოდა, პაოლო იაშვილმა  დატოვა ყრილობა,  გავიდა და ტყვია დაიხალა.

ამავე ქუჩაზე, თითქმის მოპირდაპირედ მდებარე სახლიდან, გამოასახლეს ალიხანოვების ოჯახი, რეპრესიების ქარცეცხლში  გაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი თბილისის კონსერვატორიის დამაარსებელთა შორის . სამზარეულოში კვლავაც წვავდნენ ერბოკვერცხს, შლიდნენ სუფრას,  თუმცა მაგიდასთან უკვე სხვა ოჯახი სადილობდა. ეს ეპიზოდი მოხვდა ოთარ იოსელიანის ფილმში „ყაჩაღები: თავი VII“ (თებერვალში რეჟისორი 85 წლის გახდა). 1984 წელს გადაღებული ფილმი „მონანიება“ მრავალჯერ თაროზე შემოდებული, ეკრანზე გამოვიდა 1987 წლის მარტში - ამბობენ რომ რეჟისორის დაკავების ორდერიც კი გამოწერეს. მაშინ ფილმი  ედუარდ შევარდნაძემ გადაარჩინა.

უცნაურად, თუმცა ბუნებრივად, ეს სურათები გაერთიანდა, და გაჩნდა საზრისი, რომელიც არ ეთავსებოდა ცხოვრებას, მაგრამ ხელოვნებამ  შეითვისა. „ყაჩაღებშიც“ და „მონანიებაშიც“ ყველაფერი სიმბოლურიცაა და ამავდროულად რეალურიც. ყველა მოვლენას ასე თუ ისე ჰქონდა ადგილი, ამა თუ იმ პერსონაჟს ჰყავდა პროტოტიპი და აზრიც უფრო კონკრეტული და ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ტრაგედია განზავებული ტრაგიფარსით. („არ იცით, ვინ არიან კომუნისტები?“ – „როგორ არ ვიცი: თანასწორობა, ძმობა, ბედნიერება. ფული გჭირდებათ?“ – „ყაჩაღებიდან“).

ფილმში „მონანიება“, მხატვარ სანდრო ბარათელის პროტოტიპი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი შევარდნაძეა და საუბარიც  ფილმში რეალურ ტაძარზეა. ბოლშევიკებმა თბილისში საკმაო რაოდენობის ეკლესიები ააფეთქეს: ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი გუნიბის მოედანზე (დღეს - რუსთაველის გამზირი), ვენის ტაძარი (ორივეგან სასაფლაოები იყო), ცისფერი მეჩეთი მეტეხის ხიდთან. 1937 წელს ბერიამ გადაწყვიტა მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის განადგურებაც და შოთა რუსთაველის უზარმაზარი ძეგლის აღმართვა, დიდი პოეტის იუბილეს აღსანიშნავად. საქართველოს მთელი ინტელიგენცია ფეხზე დადგა. დიმიტრი შევარდნაძე პირველი იყო, რომელიც უძველესი ფუნდამენტის მქონე (V საუკუნე), XIII და XVIII საუკუნეებში აღდგენილ ეკლესიას თავგამოდებით იცავდა. ის მიუნხენში სწავლობდა, იყო თეატრისა და კინოს პირველი ქართველ მხატვარი, აწყობდა ექსპედიციებს შიდა ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტაძრების მოხატულობის შესასწავლად, აგროვებდა ნახატებს, იყო ეროვნული სამხატვრო გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი (დღეს მისი სახელობის). ძმებ ზდანევიჩებთან ერთად ძალა არ დაიშურა ფიროსმანის ნახატების გადასარჩენად. ბერიას სურდა მეტეხის ტაძრის ადგილას გასახსნელი მუზეუმის დირექტორად დაენიშნა, თუმცა მან უარი განაცხადა. 1933 წელს მეტეხის ციხეში (მეტეხის გარშემო ძველად მეფის სასახლის ადგილი იყო, XIX საუკუნის დასაწყისიდან კი საპყრობილე ააშენეს, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო გააფართოვეს) გადაიტანა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი: „ეს ციხე ახალი ლუვრი გახდება!“ არავინ იცის, რა ძალისხმევით მოახერხა მეტეხის გადარჩენა, მაგრამ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს.

„მონანიებაშიც“ საუბარია სწორედ ღვთისმშობლის ტაძარზე. ცნობილი ფრაზა ფილმის ბოლოს ორიგინალში ასე  ჟღერს: „ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე[1] მიგვიყვანს?“. ფილმში ქუჩა ვარლამის სახელობისაა, რაც ასევე არაა შემთხვევითი: ამ ადგილიდან შორიახლოს მდებარეობს ყოფილი КГБ-ს შენობა, რომლის სარდაფებშიც დაკავებულების დაკითხვა და წამება მიმდინარეობდა. შემდგომში სახლი საცხოვრებლად გადაკეთდა. ქუჩა, რომელზეც სახლი დგას საბჭოთა პერიოდში ძერჟინსკის სახელს ატარებდა. და ეს ყველაფერი ხდება იმ გზის შორიახლოს, რომელზეც ჩაიარა „ნატვრის ხის“ დაბერებულმა, გროტესკულმა პერსონაჟმა, ფუფალამ - სწორედ ასეთი ჩაიფიქრა რეჟისორმა თავისი გმირი.

ერთადერთი რაც „მონანიებაში“ სიმბოლური არაა, - ის რომ მონანიება არ შედგა. ბერძნულად „მონანიება“ – „მეტანოია“, ანუ ცხოვრების წესის რადიკალური შეცვლაა... ივრითზე - „ტშუვა“, საკუთარი თავისთვის პასუხის გაცემა და ღვთის წიაღში დაბრუნება. გადაგდებული გვამი - არ არის მონანიება. ამოთხრა არ არის გამოსასყიდი, გამოსასყიდი არ არის გადარჩენა. ყველაფერი იმიტაციას ჰგავს. ქუჩას ვარლამ არავიძის სახელი აქვს - არავის სახელობისაა. ქეთი ისევ ისე აცხობს ნამცხვრებს (ამ პერსონაჟსაც ჰყავს პროტოტიპი) რომლებსაც იგივე ხალხი ყიდულობს. და თუ რამე ხდება - იშვიათად, ერთი ოჯახის შიგნით, ცალკეულ ადამიანებთან და არა უმეტეს. იქნებ, მეტი არცაა საჭირო? მაინც ხომ არაფერი იცვლება.

მდუმარება და სიმშვიდე ყველა ეპოქაში შემაშფოთებელია. ჯერ კიდევ ფიროსმანი გრძნობდა ამას. ერასტ კუზნეცოვი წერს: „სამყაროს გახრწნილობის წინასწარ განჭვრეტა მოულოდნელად აყენებს ფიროსმანაშვილს საუკუნის დასაწყისის იმ დიდი მხატვრების რიგში, რომლებიც ამ შეგრძნებას ტილოზე ასახავდნენ. ის ჭეშმარიტი ნათესავია თავისი თანამედროვეებისა, რომლებიც კატასტროფის მჭმუნვარე წინათგრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი.

რეალობა ხანდახან ჩაგვაგონებს ისეთ საზრისებს რომ იმკითხაო ვერ ჩაწვდები. უნიკალურია ცნობილი პიროვნების, დავით სარაჯიშვილის ყოფილი სასახლის (აშენებულია 1905 წელს, დღესდღეობით მწერალთა სახლი) ვერანდის მეტლახი. ასეთივე მეტლახი ცნობილ იტალიურ ფირმას სხვა დროს მხოლოდ ერთხელ შეუკვეთეს, გემ „ტიტანიკისთვის“... 80-იანების ბოლოს ახალგაზრდებმა ააფეთქეს ფილიპე მახარაძის საფლავი და რეალობა იგავად აგიზგიზდა, ისტორიას კი რეალობის ცეცხლი მოედო, და კვლავაც ვერავის ვერაფერი ასწავლა. რაინდები იქცნენ საუკუნეებში მოხეტიალე ყაჩაღებად. ოთარ იოსელიანთან მათ როლებს ერთი და იგივე მსახიობები ასრულებენ. ისინი თითქმის უკვდავნი არიან, როგორც სიცარიელე ჩვენს ირგვლივ. ვიდრე დედამიწა კიდევ ბრუნავს. ზოგჯერ, მონანიების დროც დგება, თუმცა როგორც წესი, როცა უკვე ძალიან გვიანია.

 

[1]ორიგინალი სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართულად სიტყვა ტაძარი სხვა ენებისგან განსხვავებით განსხვავებული კონოტაციის მატარებელია და მასში ორაზროვნად შეიძლება მოიაზრებოდეს მრავალი რამ, მაგალითად „ვარლამ არავიძის ტაძარი“, ანუ ყოფილი НКВД-ს შენობა.