ავტორი: ნინო ყიფშიძე
სტატია მომზადებულია ჟურნალ "საარქივო მოამბესთვის"
საქართველოს ისტორიაში XX ს-ის 30-იანი წლები მასობრივ რეპრესიებს უკავშირდება. 1937 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ქართულ მწერლობასა და მწერლებს შეეხო: „ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან _ აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაფიქრდნენ და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას, ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა, ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს.
მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა, ჭკუა ისწავლოს. სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.
ზედმეტი არ იქნება, სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები.
საბჭოთა მწერალი, პირველ რიგში, ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას,სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, საბჭოთა სამშობლო და ღრმად სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.
ჩემ მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიანდა დაჰგმობენ თავიანთ წარსულ საქმეებს, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი.”
ფაქტობრივად, ლავრენტი ბერიას ამ სიტყვებით დაიწყო ქართველი მწერლების „წმენდა“ და სისხლიანი რეპრესიები, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა...
1937 წლის მწერალთა კავშირის სხდომების ანგარიში ერთგვარი სარკეა იმისა, თუ რა ხდებოდა ზოგადად მთელ ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა მოვლენები: დასმენა, ინტრიგები და თავის გადარჩენა...
პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ფაქტი პროვოკაციულ ქმედებად მონათლეს; ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს, ზეწოლის ქვეშ სასურველი ჩვენება დააწერინეს და დახვრიტეს; ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი ჯერ მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ კი მათაც სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს...
კომუნისტური რეჟიმისათვის ქართული მწერლობა და კულტურა განსაკუთრებით საინტერესო იყო და უმთავრეს ამოცანასაც ქართველი ინტელიგენციის დამორჩილება წარმოადგენდა. ცენტრალურ კომიტეტში სწორედ ამ მიზნით შეიქმნა აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო. აღნიშნულ სამსახურებს მეცნიერებაში და ხელოვნების სხვადასხვა დარგში ჩარევისა და ცენზურის შეუზღუდავი უფლებები ჰქონდათ. ლიტერატურის კუთხით ამ ტიპის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია „რაპპი“ (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) გახლდათ. „რაპპის“ ფილიალი საქართველოშიც ფუნქციონირებდა.
ოცდაათიან წლებში არსებული პროლეტარ მწერალთა ასოციაცია განსაკუთრებული დასაყრდენი იყო ბოლშევიკური ხელისუფლებისთვის, რადგან ორგანიზაციაში შემავალი მწერლებისთვის ეროვნული ფასეულობები არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ პროლეტარ მწერალთა შემოქმედება უნიჭობით გამოირჩეოდა, ხელისუფლება განსაკუთრებით უწყობდა ხელს და მათ წინა ფლანგზე წარმოჩენას ცდილობდა.
საქართველოს მწერალთა კავშირში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც ქართველ მწერალთა შემოქმედების გაკონტროლება ევალებოდა. მწერლების ნაწარმოებები მხოლოდ პარტიისა და ბელადის ხოტბის შემსხმელი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კავშირის რიგებს დაატოვებინებდნენ. თუმცა ისიც ცხადი იყო, რომ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა ბოლშევიკური ხელისუფლება...
1937 წლისათვის სურათი გაცილებით დამძიმდა. რეპრესიების ტალღამ თითქმის ყველა სფეროს გადაუარა და მწერლობასაც მიადგა. ხელისუფლება თავისუფალ მწერლებს პირველ ეტაპზე პროლეტარი მწერლების მეშვეობით დაუპირისპირდა. მთელი ეს მოვლენები კარგად ჩანს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის ოქმებში. პროლეტარი მწერლები დაუპირისპირდნენ კონსტანტინე გამსახურდიას, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, გიორგი ლეონიძეს. ისინი „ცისფერყანწელების“ წინააღმდეგ გამოვიდნენ და ამ ჯგუფის განადგურებაც კი მოითხოვეს:
დ. დემეტრაძის საანგარიშო მოხსენება, 1937 წელი, 17 მარტი: „ჩვენი კავშირის პარტიულმა ნაწილმა დროზე ვერ გამოიჩინა კლასობრივი სიფხიზლე. თავი მივეცით პოლიტიკურ უდარდელობას. ქიქოძე-ტოროშელიძის კონტრრევოლუციურმა საქმიანობამ დამღუპველი გავლენა იქონია ახალგაზრდა მწერლების ნაწილზე, ტოროშელიძე მფარველობას უწევდა უნიჭო ახალგაზრდა მწერლებს, რათა უნარიანი ახალგაზრდა მწერლები დაეჩრდილა. ამას ჩადიოდა განზრახ, მაგ: მისი წინასიტყვაობით გამოვიდა ნ. ფხაკაძის პოემა საუკეთესო გაფორმებით. ნაწარმოები მხატვრული თვალსაზრისით კი ოდნავი ყურადღების ღირსიც კი არ იყო. ჩვენ ვერ ვაწარმოებდით აგრეთვე გადამჭრელ ბრძოლას ჩვენი მწერლების მემარჯვენე ნაწილთან. მაგალითად: გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ გაკრიტიკებულ იქნა მხოლოდ წიგნის გამოცემის შემდეგ. იმავე წიგნის რუსული გამოცემა შინაარსის ზოგიერთი ნაწილის მიუღებლობის გამო შეჩერებულია.“ (სტილი დაცულია)
პ. ქუთათელაძე-სამსონიძის სიტყვა, 1937 წელი, 17 მარტი:
„ჩვენმა პარტორგანიზაციამ ვერ შესძლო გაენადგურებია ძველი ინტელიგენციის დამყაყებული თეორია, თითქოს კომუნისტისგან არ შეიძლება მწერალი შეიქმნას. ძველს საბჭოთა მწერლებს ვაფასებთ. მათი მიღწევა ჩვენი მიღწევაცაა, მაგრამ არ არის საჭირო მათი გაბერვა. სახარებაში სწერია „უფალს უფლისა და კეისარს კეისრისო.“ მაგ. პ. იაშვილის პოემა აპოლიტიკურია... მაინც იბეჭდება ვიღაცის წყალობით. როცა იგი ჩვენს თვალში ბეწვს ხედავს, მის თვალში სვეტსაც ვერ ამჩნევენ ჩვენი ხელმძღვანელები. ხელმძღვანელობის ბრალია ზოგიერთ კომუნისტ პოეტების ჩაგდება, მე და ბობოხიძეც მან ჩაგვაგდო. ჩვენ არ მოვითხოვთ შემოქმედებით შეღავათს, მაგრამ თუ უპარტიო მწერლის საშუალო ლექსი ფრიადზე შეფასდება, მაშინ ჩვენი კარგი ლექსი კარგად მაინც უნდა შეფასდეს.“ (სტილი დაცულია)
პ. ჩხიკვაძე, 1937 წ. 21 მაისი: „საჭიროა გავიხსენოთ, რომ იაშვილის ხელით იყო დაწერილი ქართველი დელეგაციის სახელით რომ გამოუცხადეს სოლიდარობა ბუხარინს ყრილობაზე. ეს მოხდა მაშინ, როცა ტოროშელიძე მოსკოვში ავად გახდა და მას მომვლელად ყავდა იაშვილი, სწორედ მაშინ დამეგობრდნენ ტოროშელიძე და იაშვილი. ბუხარინი იაშვილს მფარველობას უწევდა. საჭიროა ყანწელებმა სთქვან, თუ რა დამოკიდებულებაში იყვნენ ისინი არა მარტო ქართველ ხალხის მტრებთან, არამედ რუსეთშიაც ხალხის მტრის ბუხარინის მიმართაც. მე ბუხარინს ვებრძოდი თავიდანვე. რაც შეეხება ბუაჩიძეს, მე თანახმა ვარ, მისი საკითხი გამოიყოს განსაკუთრებთ. საჭიროა ილაპარაკონ ბუაჩიძის ჯგუფის წევრებმაც თავიანთ შეცდომებზე.“ (სტილი დაცულია)
„ყოფილი ყანწელები ყველგან ძვრებიან. მაგ. საიუბილეო კომისიებში, რედკოლეგიებში და სხვა. საჭიროა ჩვენ დავუპირისპიროთ მათ მოქმედების ჩვენი ორგ. მუშაობა. ჩვენ უნდა ვიყოთ დიდ ლიტერატურულ საქმეთა ინიციატორებად და არა ისინი...
„ყანწელების ჯგუფების განადგურება უსათუოდ საჭიროა.“ (სტილი დაცულია)
ყველა ის პირი, ვინც ბოლშევიკურ ხელისუფლებას ტაშს არ უკრავდა, „მოღალატედ“, „კონტრრევოლუციონერად“, „ტროცკისტად“ და „ჯაშუშად“ ინათლებოდა. შედეგად აპატიმრებდნენ, სასურველ ჩვენებას აწერინებდნენ, ათობით პიროვნებას „ჩააშვებინებდნენ“ და ბოლოს ხვრეტდნენ... ეს იყო ის მარტივი სქემა, რომლითაც ხელისუფლება მოქმედებდა და ინტელიგენციის დიდ ნაწილს უსწორდებოდა. გამონაკლისი არც ქართველი მწერლები იყვნენ. ლავრენტი ბერიას 1937 წლის საანგარიშო მოხსენება იმის მანიშნებელი იყო, რომ მწერალთა რიგებში „წმენდა“ დაწყებულიყო... პროლეტარმა მწერლებმა ფრთები შეისხეს, ეროვნული მწერლები კი კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იმ პირთა აშკარა კრიტიკა და შევიწროება დაიწყო, რომლებიც ბერიამ თავის ანგარიშში ახსენა.
„1937 წლის I ივნისი, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის სხდომის ოქმი: გვეგონა, რომ ჩვენი მწერლები სერიოზულად დაფიქრდებოდნენ ცეკას პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას გაფრთხილების გამო, გულწრფელად აღიარებდნენ წარსულ დამნაშავეობრივ საქმიანობას და კავშირს კონტრრევოლუციონერებთან. მწერალთა კავშირის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები: იაშვილი, მიწიშვილი, გამსახურდია, მაგრამ მათი გამოსვლით ჩანდა, რომ ლავრენტი ბერიას მოხსენებიდან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანეს. პაოლო იაშვილმა პირველ გამოსვლაში სამშობლოს მტრებთან კავშირი არ აღიარა და კიდევ უფრო დიდი პოლიტიკური შეცდომები დაუშვა. იგი ეცადა, ლამის გმირებად წარმოეჩინა ლომინაძე, ღოღობერიძე, ჯიქია. როცა მას მწერლებმა სიტყვა შეაწყვეტინეს, იძულებული გახდა, მეორედ წარმსდგარიყო აუდიტორიის წინაშე. თუმცა, არც მეორე გამოსვლაში გამოუსწორებია დაშვებული შეცდომები. მცირედ შეეხო სამშობლოს მტრებთან კავშირს, მაგრამ ბოლომდე არაფერი თქვა და სრული სურათი არ წარმოგვიდგინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იაშვილმა იმის მეათედიც არ თქვა, რაც რეალურად იცის. დუმილს განაგრძობენ კონსტანტინე გამსახურდია და ნიკო მიწიშვილიც. არადამაკმაყოფილებელი იყო ზემოჩამოთვლილი მწერლების გამოსვლაც. ცხადია, რომ მათი კავშირი სამშობლოს მტრებთან შემთხვევითი არ გახლდათ და მათთვის ცნობილი იყო მოღალატეების შავბნელი საქმეები.
რადგანაც ამ მწერლების გამოსვლა არადამაკმაყოფილებელი იყო, კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ, ყველაფერი აღიარონ, გამოტყდნენ ძველი საქმიანობებისა და კავშირების შესახებ, შეიცვალონ ძველი პოზიციები, ხოლო თუ ასე არ მოიქცევიან, მათი მწერალთა კავშირიდან გარიცხვის საკითხი უნდა დაისვას.
ლავრენტი ბერიას გაფრთხილება არა მხოლოდ ამ მწერლებს ეხებოდა, არამედ ტიციან ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს, კ. ჭიჭინაძეს. მათაც ბერიას მოხსენებიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანონ. შემდეგ სხდომაზე ჩვენ ყველა ამ მწერლის გამოსვლა უნდა მოვისმინოთ. ასევე აუდიტორიის წინაშე უნდა წარსდგეს მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
...მწერალთა კავშირიდან რომელიმე წევრის გარიცხვას თუ გადავწყვეტთ, უნდა გვქონდეს საფუძვლიანი არგუმენტები და ფაქტები. ჩემთვის ცნობილია, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი. ტაბიძემ ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვისა და ლენინგრადის გამომცემლობებთან, მაგრამ პირობები არ შეასრულა და ჩრდილი მიაყენა საბჭოთა საქართველოს.
...ლავრენტი ბერიამ თავის ანგარიშში ისაუბრა მწერალ კონსტანტინე გამსახურდიაზეც. მან აღნიშნა, რომ გამსახურდიას მსოფლმხედველობა ფაშიზმითაა გაჟღენთილი. იგი ბოლო ნაწარმოებში, ,,მთვარის მოტაცებაში“ ეცადა, თავი დაეღწია ძველი პოზიციებისგან და ჩვენი სოციალისტური რეალობა მხატვრულად ეჩვენებინა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ძალიან სუსტად გამოუვიდა.
თუ კონსტანტინე გამსახურდიას სურს, იყოს საბჭოთა მწერალი, ბურჟუაზიულ-კლასობრივი და ნაციონალისტური იდეებისგან უნდა გათავისუფლდეს, უფრო ახლოს დადგეს ჩვენს სოციალისტურ რეალობასთან და თავისი დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობა საქართველოს მშრომელ ხალხს მოახმაროს... ამით ყველაფერი ნათქვამია.
გამსახურდიაც დაკავშირებული იყო სამშობლოს მტრებთან, მაგალითად, ლიდია გასვიანთან. გამსახურდიას გამოსვლა საქმეების დასაბუთება უფრო იყო, ვიდრე წარსულის განსჯა და შეცდომების აღიარება.
ზემონახსენები მწერლების კავშირი სამშობლოს მოღალატეებთან საქართველოს საზღვრებს სცილდება. სომხეთში ისინი დაკავშირებული იყვნენ ერზინკიანთან და ფირუმოვთან, მოსკოვში კი ბუხარინთან და კამენინთან. თუ იაშვილმა რაც იცის, იმის უმნიშვნელო ნაწილი თქვა, ლეონიძესა და ტაბიძეს საერთოდ არაფერი უთქვამთ. ლავრენტი ბერიას ანგარიში მწერალთა აქტივის პლიტიკური აღზრდისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობა უპარტიო მწერლებმაც უნდა მიიღონ და თავიანთი დამოკიდებულება გამოავლინონ. არც იაშვილს, არც ტაბიძეს და არც ლეონიძეს სიტყვა არ დაუძრავთ ბუხარინთან და კამენევთან კავშირზე, რომლებისგანაც ეს ადამიანები ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების სანაცვლოდ, რაც არ შეუსრულებიათ.
ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრის გამოსვლის ანგარიში ბუხარინის დასაცავად მომზადებული იყო არამხოლოდ მოღალატე ტოროშელიძის მიერ, არამედ იაშვილისა და ლეონიძის ხელიც იგრძნობოდა, რომლებიც ბატონკაცურ დამოკიდებულებას ავლენენ მწერალთა კავშირზე და არავის უწევენ ანგარიშს. ამიტომაც არც ამ სხდომაზე ჩაუთვლიათ საჭიროდ, რაიმე ეთქვათ სამშობლოს მტრებთან კავშირზე. ლეონიძემ ასევე უნდა ისაუბროს, თუ რა ურთიერთობა აქვს ძმასთან, აგრონომ ლეონიძესთან, ცნობილ თავგასულ ფაშისტთან“...
ამ სხდომიდან მეორე დღეს, 1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს, სასურველი ,,აღიარება“ მიიღეს და რამდენიმე პირის საწინააღმდეგო ჩვენებაც დადეს, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოში დაბრუნების შემდეგ მე დავუკავშირდი ნაციონალისტურად განწყობილ მწერლებს, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილის გარშემო, ასევე დავუკავშირდი ქართველ ლიტერატორებს, „ცისფერყანწელებს“, პაოლო იაშვილსა და სხვებს. ეს ნაციონალისტ-ლიტერატორთა გაერთიანება საბოლოო ჯამში არალეგალურ ფაშისტურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ბოლო დღემდე მე ვიყავი. ჩვენი მიზანი საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბება იყო.“
1937 წლის 13 ივლისს ნიკოლო მიწიშვილი დახვრიტეს.
პაოლო იაშვილმა ყველაზე უკეთ იცოდა, რომ არც მას დაადგებოდა კარგი დღე, მით უმეტეს, ნიკოლო მიწიშვილის დაპატიმრების შემდეგ შინსახკომმა იგი რამდენჯერმე დაიბარა, პარალელურად კი მწერალთა კავშირის სხდომებზე იაშვილის კრიტიკა, ლანძღვა-გინება და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ წყდებოდა. 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. არც ამის შემდეგ შეწყვეტილა პოეტის სახელის დისკრედიტაცია. მისი თვითმკვლელობა პროვოკაციულ აქტადაც კი მოინათლა:
ოქმი #1
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტ-ჯგუფისა და პარტ-ორგანიზაციის სხდომისა
1937 წ. 28 ივლისი.
თავმჯდომარე -დ. დემეტრაძე
მდივანი -კ. ბობოხიძე
მოისმინეს - ამხ. დ. დემეტრაძის ცნობა პ. იაშვილის მიერ ჩადენილ პროვოკაციული აქტის (თვითმკვლელობის) შესახებ.
დაადგინეს - ამხ. დემეტრაძის განცხადება ხალხის მტრის, პავლე იაშვილის პროვოკაციულად ჩადენილი თვითმკვლელობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად, პარტ-ჯგუფი და პარტორგანიზაცია აღნიშნავენ, რომ გამომჟღავნებული ხალხის მტერი პავლე იაშვილი გაექცა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ამ პროვოკაციული აქტის საპასუხოდ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო გაამახვილებს კლასობრივ სიფხიზლეს, რათა ბოლომდე გამომჟღანებულ იქნენ პ. იაშვილის მსგავსი გაიძვერები, რომელნიც, შესაძლებელია, საბჭოთა მწერლის ნიღბით ჯერ კიდევ იმყოფებიან ჩვენს რიგებში.“
საბჭოთა ხელისუფლებისათვის იაშვილის მსგავსი „გაიძვერაა“ მიხეილ ჯავახიშვილიც. ამიტომაც მწერალთა კავშირის სხდომაზე 1937 წლის 17 აგვისტოს დაადგინეს: „დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანის და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი.
დაევალოს „ლიტ. საქართველოს“ რედაქციას, მოათავსოს ერთი გამანადგურებელი წერილი მიხ. ჯავახიშვილის მოქმედების შესახებ.“
მიხეილ ჯავახიშვილის შემდეგ ტიციან ტაბიძის ჯერი დადგა. „8 ოქტომბრისათვის მოწვეულ იქნას პრეზიდიუმის სხდომა, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად დაისვას საკითხი საყვარელიძისა და ტ. ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის შესახებ.“
შედეგად კი მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს.
მწერლებს შორის დაწყებული „წმენდა“ წარმატებით დასრულდა:ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადასახლებაში გაუშვეს, ნაწილი კი ტერორის გზით,უბრალოდ, დაიმორჩილეს.
„მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ და ახლა თუ კიდევ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა გამოვძებნოთ, ზოგი გადავხარშოთ და ვინც გამოუსწორებელია, გავაგდოთ.“
პ.ს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ზოგადად ქართულ ეროვნულ მწერლობას გადაუმტვრია ხერხემალი.