წყარო: lenta.ru
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ყირიმში ადამიანის უფლებების შესახებ. რეზოლუცია სახელწოდებით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“, პირველი საერთაშორისო დოკუმენტია,რომელშიც რუსეთის ფედერაცია მოხსენიებულია, როგორც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპანტი.
რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ:
„ვგმობთ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა (ყირიმი) და ქალაქ სევასტოპოლის - ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ“
გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციას კენჭი უყარა 19 დეკემბერს. გაეროს 70-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, მათ შორის საქართველომ. 77-მა თავი შეიკავა, ხოლო 26-მა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ესენიაა: რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, სამხრეთ აფრიკა, სომხეთი, კუბა, ყაზახეთი, უზბეკეთი, სირია, ბელორუსი, ანგოლა, ბოლივია, ბურუნდი, კამბოჯა, კომორის კუნძულები, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეა, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთ სუდანი, სუდანი, უგანდა, ვენესუელა და ზიმბაბვე.
გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა აღმოფხვრას ყირიმის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის:
წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა
თვითნებური დაკავება
რეზოლუცია რუსეთის ფედერაციას ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ის პატიმრები, რომლებიც ყირიმის გავლით გადაყვანილები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
გენერალური ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყირიმელი თათრების „მეჯლისი“(ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანო) ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
რეზოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მოწოდება, რომლის თანახმად, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშვება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
იმის მიუხედავად, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, ის წამოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რადგან ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობის მანძილზე, როდესაც რუსეთი აღიარებული იქნა უკრაინის ტერიტორიის საოკუპაციო ძალად.