რუსული აგენტურა საქართველოში ანტი-თურქულ განწყობილებებს აგორებს. თუ საქართველოს სპეცსამსახურებს ანალიზის უნარი აქვს, ეს მათი გამოვლენის კარგი საშუალებაა. რუსეთიდან დაფინანსებული სააგენტოები და ”ანალიტიკოსები” ზედაპირზე ტივტივებენ - მოსაზრებას ამის შესახებ ექპერტი რომან გოცირიძე გამოთქვამს და აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი პრორუსული მედიასაშუალებების პარალელურად, უამრავი სხვადასხვა "ტროლი" სააგენტოები გამოჩნდა, რომლებიც რუსეთის ინტერესებზე მუშაობენ და ქმნიან პრორუსულ კლიმატს საქართველოს მედიასივრცეში. ანალიტიკოსი განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებების ერთ-ერთი გამოხატულება ბოლო პერიოდში თურქეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული მდგომაროების ფონზე ანტი-თურქული "ისტერიების ატეხვაა", რომელიც "ქართული პატრიოტული თემატიკის აგორების კონტექსტში ხდება".
რომან გოცირიძეს სხვადასხვა მაგალითებთან ერთად ყარსის ხელშეკრულება და საქართველოსთვის ყოფილი ტერიტორიების შესაძლო დაბრუნების საკითხი მოჰყავს და აცხადებს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს, ერთი შეხედვით მსგავსი აბსურდული თემების სჯერა. ექპერტი განმარტავს, რომ ყველაფერი არა პრორუსული ინტერესების არამედ ქართული ინტერესების შენიღბვით ხორციელდება.
"შემდეგ ჩნდება რუსეთთან დამოუკიდებლად ცალკე ისეთი თემები, რომლებიც თურქეთს ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს, მაგრამ სინამდვილეში ეს ისევ რუსულ წისქვილზე ასხავს წყალს, ანუ მეთოდები არის სხვადასხვა. ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა თურქეთი საქართველოში ქმნის უმაღლეს სასწავლებლებს, რომელიც ემსახურება საქართველოში რაღაც ძალების მომძლავრებას და ქმნის სკოლებს უნივერსიტეტებს და ერთ-ერთად მოიხსენიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც მე ვასწავლი პირადად და სადაც საერთოდ არავითარი, არანაირი ჭაჭანება არ არის, არც ისლამიზმის და არც რაიმე ანტიქართულის. თემა, რომ თითქოს, თურქეთის მის მიერ დაფუძნებული სტრუქტურები ანტიქართულ საქმეს აკეთებენ, სადღაც რომელიღაც სააგენტოში გავრცელდა ჯერ კიდევ შარშან და წელს იგივე სტატიას ოდნავი კორექტირებით ავრცელებენ ისეთი სააგენტოები, რომ გადახედო, აშკარად რუსულ ინტერესებზე ასხავენ წყალს. აშკარაა, რომ საქართველოში დღითიდღე მძლავრდება რუსული პროპაგანდა და ამ პროპაგანდას სამწუხაროდ ხელს არ უშლის ხელისუფლება. პროპაგანდას აქვს ძალიან დახვეწილი სახე, პირველი, რომ ის უნდა იყოს ქართული პატრიოტული გრძნობების კონტექსტში, ხშირ შემთხვევაში ლანძღავს წინა ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ თუკი ძველ ხელისუფლებას ვინმე ლანძღავს, თუნდაც რუსული სამრეკლოდან ეს არ არის სახიფათო და თვალს ხუჭავს და ხშირად ხელისუფლება პირიქით აფინანსებს ოდიოზურ მედია საშუალებებს, რეკლამებითა თუ სხვა სახელმწიფო რესურსებით , ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ პრორუსული პროპაგანდა ნაკლებად საშიშია, თუკი ისინი ეწევიან წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდას. ძალიან და დახვეწილად მოქმედებენ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებაზე. შედარება არ არის, დღეს ძალიან დიდი ფული და ბევრი მომხრეები შეიძინა რუსულმა პროპაგანდისტულმა ძალებმა საქართველოში და ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის მომხდარი გამწვავების თემაა. ხდება ასევე ისეთი ინფორმაციების გაჩენა, რომ თითქოსდა აყვავდება ქართული ეკონომიკა, თურქეთის საქონლის რუსეთის ბაზრის გადაკეტვის შემდეგ, ტურისტები მოგვაწყდებიან და ჩვენს საქონელს რუსები დაიტაცებენ და ა.შ ანუ შანს არ უშვებენ, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც იქნება ამ კონტექსტში გამოყენებული იყოს ასეთი პროპაგანდის მიზნით. ასევე ძალიან ბევრი "ექსპერტი" მომრავლდა, რომლებიც აშკარად რუსულ ინტერესებს აღვივებენ ქართული პატრიოტული მოტივებით, მეორეს მხრივ ისინი ვერ გრძნობენ რაიმე დისკომფორტს ხელისუფლების მხრიდან და მათი ამოცანა არის თავი წარმოაჩინონ ხელისუფლების მხარდამჭერებად და რუსების მეგობრებად პროდასავლური ძალების საწინააღმდეგოდ. მათი ლოზუნგი არის ასეთი, რომ ხელისუფლება არის კარგი, რუსეთი არის კარგი დასავლეთი არის ცუდი და მხარში ამოვუდგეთ ქართულ ხელისუფლებას დასავლეთთან ბრძოლაში და რუსეთთან მეგობრობის განმტკიცებაში",- აცხადებს რომან გოცირიძე.