"როსნეფტი" - საქართველოს კანონს მიღმა

4 აგვისტო 2015 Shadow

„ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა მე გავეცი დავალება ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს როდესაც მისი შესწავლა დამთავრდება მოგახსენებთ ამის შედეგებს“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 იანვარს გააკეთა. ამით ის გამოეხმაურა რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის ნავთობ ტერმინალის შესყიდვის საკითხს.

 იმ პერიოდში საზოგადოების ნაწილი მოითხოვდა „როსნეფტის“ სანქცირებას, რადგან კომპანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება.

რა შეისწავლა და რა შედეგი მიიღო საქართველოს სამმა სამინისტრომ (ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა) საზოგადოებისთვის უცნობია. ის, რაც ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, თავად „როსნეფტი“  საკუთარი ვებგვერდის საშუალებით ადასტურებს.

 rosneft

იურიდიულად ტრანზაქციები ოფშორულ ზონაში განხორციელდა, ინფორმაცია კი თავად როსნეფტმა გაავრცელა და 2014 წლის 29 დეკემბერს განაცხადა, რომ მან “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა.

„პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედი „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს. „როსნეფტის“ წარმომადგენლთა თქმით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება. პეტროკასის ერთპიროვნული მფლობელი ოფიციალურად ოფშორული კომპანია „ნექსტრა სერვისიზ ლიმითედია“

ფაქტობრივად კი  „პეტროკასი“, (შესაბამისად „გალფი“) რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის ბიზნესმენს, დავით იაკობაშვილს ეკუთვნის, მანვე მიყიდა კომპანიის წილი „როსნეფტს“. ამ ფაქტს თავად გალფი ადასტურებს.

იმას, რასაც როგორც „როსნეფტი“, ისე „პეტროკასი“ არ მალავს,  საქართველოს ხელისუფლება იანვრიდან სწავლობს და მის დადასტურებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ „როსნეფტი“ იმ რუსულ კომპანიებს შორისაა, რომელსაც ევროკავშირმა, ამერიკამ, შვეიცარიამ და ნორვეგიამ 2014 წელს ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

საქართველო არც საერთაშორისო შეზღუდვების მიერთებია და არც ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის გამო „როსნეფტისთვის“ რაიმე ტიპის სანქცია დაუკისრებია.

rosneft