წყარო: wsj.com
თარგმანი: tabula.ge
ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი Wall Street Journal-ში სტატიას აქვეყნებს, სადაც თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქართველოს NATO-ში სწრაფად გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
რამსფელდი ხსნის, რომ ამ გზებიდან არცერთი არ მოითხოვს მნიშვნელოვან დანახარჯებს და ყველა ამერიკის ინტერესებს ემსახურება.
"პირველ რიგში, საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე ბარიერები უნდა მოეხსნას და ამ ქვეყანამ MAP (წევრობის სამოქმედო გეგმა) ყოველგვარი დაგვიანების გარეშე უნდა მიიღოს. ქართველებმა თავის მოვალეობები შეასრულეს. ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად ერაყსა და ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე რაოდენობით, საქართველოს კონტრიბუცია აშშ-ს გარდა, NATO-ს წევრ ყველა ქვეყანაზე უფრო დიდი იყო. მათ შორისაა ის ქვეყნებიც, რომლებიც NATO-სკენ მიმავალ გზაზე საქართველოზე ბევრად წინ იყვნენ. 81 მილიონიანმა გერმანიამ, 55 ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთში, მაშინ როდესაც 4.9 მილიონიანმა საქართველომ, 32 მამაცი ჯარისკაცი დაკარგა ამავე ოპერაციაში. ", - წერს რამსფელდი.
ყოფილი თავდაცვის მდივანი საქართველოს სტრატეგიულ ადგილსაც უსვამს ხაზს და ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს გაითვალისწინოს საქართველოს მნიშვნელობა რეგიონული უსაფრთხოების საქმეში.
"ახლახანს NATO-მ საქართველოში თავის წარმომადგენლობა გაზარდა და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გახსნა. საქართველოს რუსული სამხედრო აგრესიის გამოცდილება აქვს, ესაზღვრება თურქეთს და ურთიერთობა აქვს მეზობელ ირანთან. ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისა და კონტრდაზვერვითი ოპერაციებისთვის. ", - წერს რასმფელდი.
თავდაცვის მდივანი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგობის მძევლად არ უნდა იქცეს.
" რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას პროვოკაციად აღიქვამს. რუსეთის შესაძლო რეაქციამ NATO-ს წევრი ქვეყნები დაარწმუნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება უნდა დაგვიანდეს. მიუხედავად ამისა, რომ ბოლო სამიტებზე წევრი ქვეყნები მუდამ აღნიშნავდნენ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყანას გაწევრიანებასაც პირდებოდნენ. ახლა მოქმედების დროა. დასავლეთის ინტერესები რუსეთის წინააღმდეგობის მძევლად არ უნდა იქცეს. ", - წერს რამსფელდი.
დონალდ რასფელდი აშშ-ს ისტორიაში ყველაზ ახალგაზრდა და ყველაზე ხანშიშესული თავდაცვის მდივანია - ის ორჯერ 1975-77 და 2001-06 წლებში იკავებდა ამ პოსტს.