რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებასაც გეგმავენ

10 ნოემბერი 2015 Shadow

წყარო:resonancedaily.com

ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, სასარგებლო წიაღისეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია "ვიმპელკომზე", რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილი აქვს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენის სურვილს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ "ვიმპელკომი" "კავაკასუს ონალაინის" შეძენას გადაწყვეტს, მან მარეგულირებელ კომისიას აუცილებლად უნდა მიმართოს: "ნებისმერ შემთხვევაში, თუკი ხდება 5%-ზე მეტი წილის გასხვისება, საჭიროა წინასწარი თანხმობა, იქიდან გამომდინარე, რომ კომისიამ უზრუნველყოს ადეკვატური კონკურენცია ბაზრის ამ სეგმენტზე. კომისიამ ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა შეისწავლოს, რათა არ მოხდეს კონკურენციის დარღვევა", - აცხადებს მარეგულირებელი კომისია.

ის, რომ "ვიმპელკომს" "კავკასუს ონლაინის" შეძენის დიდი სურვილი აქვს, "კავკასუსის" დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ დაადასტურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მაშინ მისი ხელში აღმოჩნდება ის კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება.

"მაქვს ინფორმაცია, რომ "კავკასუს ონლაინის" შეძენას აპირებს "ვიმპელკომი". თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რუსეთი ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს.  "კავკასუს ონლაინში" კი დარჩება ის მოსასმენი აპარატურა, რომელიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დაამონტაჟეს ოჯახებში, ამით კი მოსმენას "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი გააგრძელებენ" „- განაცხადა მამია სანადირაძემ.

საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. მისი მეშვეობით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით,რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილოა და ისინი დღემდე არასაიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან.

"არსებობს გარკვეული დეტალები. მაგალითად, როდესაც შემოვიდა "ბილაინი", მაშინდელი ხელისუფლების წევრები ამბობდნენ, რომ ამით კონკურენტუნარიანობა გაიზრდებოდა და მომხმარებლისთვის ბევრად უფრო დადებითად შეიცვლება პროცესები. პრაქტიკულად, ასეც მოხდა. "ბილაინის" შემოსვლის შემდეგ მომსახურების ტარიფები შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რუსული კომპანია, მის გააქტიურებას საკმაოდ კარგი შედეგი მოჰყვა. რაც შეეხება "ვიმპელკომს", თუ ის შემოვა და კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი მხოლოდ ნაწილობრივ მონოპოლისტს შეცვლის და იმავდროულად მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებეს, ეს ცალსახად მიუღებელია. ახლა უფრო მეტი სიფრთხილე და გათვლაა საჭირო", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩილ გამზარდიამ.

a1447095104

რუსულმა კაპიტალმა ქართულ ბაზარზე ფეხი უკვე კარგად მოიკიდა. ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის. "ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია "ინტერ რაო", რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია "თელასს", თბოსადგურ "მტკვარი ენერგეტიკას", "ხრამჰესი-1"-ს, "ხრამჰესი-2"-ს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს "ენერგიასაც", რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი, შილდაჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ "საქრუსენერგოსაც", რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს.რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს". ნავთობკომპანიები "ლუკოილი", "გალფი", "ფოთის ნავთობტერმინალი", ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანია "ერემჯი", აგრეთვე მინერალური წყლების მწარმოებელი "ბორჯომი", მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს "ელმავალმშენებელი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია" და ა.შ.

გარდა ბიზნესისა, რუსული ფული ტრიალებს არასამთავრობო სექტორშიც. როგორც ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" კვლევაშია აღნიშნული, პრორუსული არასამთავრობოები და მათ დაქვემდებარებული მედიასაშუალებები საქართველოში საკმაოდ მრავლად არიან და აქტიურადაც საქმიანობენ. კვლევაში საუბრია "ევრაზიულ კავშირზე", "ევრაზიის ინსტიტუტზე", "ევრაზიულ არჩევანზე" და ა.შ. კვლევაში ასევე შესწავლილია რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ფონდის, გორჩაკოვის ფონდის და რადიო "სპუტნიკის" საქმიანობაც საქართველოში.

საქართველოში ოპერირებს რუსული "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრი "ბილაინი" ("მობიტელი"), რომელიც ქვეყანაში 2007 წელს შემოვიდა. "ბილაინი" საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის.

მანამდე კი, სანამ რუსული ფიჭური გიგანტი "ვიმპელკომი" "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილს გაამჟღავნებს, "კავკასუსისთვის" საქართველოში ოპერირებული კომპანიები იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო.