რუსეთი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ MH17-ის ჩამოგდების გამოძიებას ეწინააღმდეგება

31 ივლისი 2015 Shadow

რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის 29 ივლისს ნიუ იორკში გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, 2014 წლის ივლისში უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამოსაძიებლად, საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნებოდა.

გაეროს 15 წევრიანი უშიშროების საბჭოში რუსეთი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას შეეწინააღმდეგა. რუსეთის ეს ქმედება სხვა სახელმწფიფოებმა მკაცრად დაგმეს.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რეისი MH17, რომელიც ამსტერდამი - კუალა ლუმპურის რეისს ასრულებდა, აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუსი სეპარატისტების კონტროლირებად დონეცკის მხარეში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. პრორუსი სეპარატისტები და რუსეთის ხელისუფლება თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თუმცა, დასავლეთის სახელმწიფოები და უკრაინა აცხადებენ, რომ თვითმფრინავი პრორუსმა სეპარატისტებმა ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემა ბუკ-ის საშუალებით ჩამოაგდეს და ამის მტკიცებულებები არსებობს.

BBC-ის ცნობით, ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ ხმის მიცემამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრიბუნალის შექმნა „უდროო“ და „კონტრპროდუქტიული“ იქნება.

„რუსეთმა უხეშად უგულვებელყო კატასტროფის გამო მგლოვიარე ქვეყნებში არსებული საზოგადოების პროტესტი“ - ასე შეაფასა რუსეთის ვეტო გაეროში აშშ-ს ელჩმა სამანტა პაუერმა.

MH17-ის მსხვერპლებისა და მათი ოჯახების შეურაცხყოფის მცდელობად შეაფასა რუსეთის ვეტო ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯული ბიშოპმა.

„ამ რეზოლუციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზი არ არებობს, თუ თავად არ ხარ დამნაშავე“, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს ციტირებს BBC.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა კი განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ავიაკატასტროფასთან დაკავსირებით „უფრო დახურული ფორმით“ უნდა წარიმართოს. მან დასავლური სახელმწიფოები  MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით აგრესიულ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ავსტრალიის პრემიერ მინიტრის ინფორმაციით კი, უკრაინა, ბელგია, ნიდერლანდები და ავსტრალია გამონახავენ სხვა, ალტერნატიულ სამართლებრივ ბერკეტებს სისხლის სამართლის საქმის წამოსაწყებად, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

MH17-ის ბორტზე იმყოფებოდა ნიდერლანდების ყველაზე მეტი - 198 მოქალაქე, ბორტზე ასევე იყვნენ ავსტრალიის, უკრაინის, ბელგიისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

MH17_735875a