წყარო: ტაბულა
რუსეთის ფედერაციამ საქართველო სანქცირებული ქვეყნების გაფართოებულ სიაში არ შეიყვანა, რადგან საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯები უმნიშვნელოა, - ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.
რუსეთის მთავრობამ განმარტა, თუ რატომ არ მოხვდა საქართველო სანქცირებული ქვეყნების გაფართოებულ სიაში.
რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს აქტიური ურთიერთობა და მაღალი სავაჭრო ბრუნვა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მიღებული ზომები არის უმნიშვნელო. ამის გამო რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო სიაში არ მოხვედრილიყო", - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ ქვეყნების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. სანქცირებული ქვეყნების სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი დაემატნენ.
"ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ავსტრალიას, კანადას, ნორვეგიასა და აშშ-ს, რომელთაც გასული წლის აგვისტოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი აეკრძალათ, დავამატეთ რიგი ქვეყნები - ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი, ასევე უკრაინა გარკვეული პირობებით", - თქვა მედვედევმა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს კიევი აამოქმედებს.