რუსეთი: თბილისის ქმედება 2008 წლის შეთანხმებას არ შეესაბამება

8 ოქტომბერი 2015 Shadow

წყარო: ინტერპრესნიუსი

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟენევის დისკუსიების შემდეგ გამოქვეყნდა.

"აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზარდი შეშფოთება საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო. კერძოდ, აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობის ე.წ. პაკეტის პრაქტიკული რეალიზაციის დაწყება, აგვისტოს ბოლოს ალიანსის სასწავლო ცენტრის გახსნა, აშშ-ის გეგმები ქართულ ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო სწავლებების მასშტაბის გაფართოების შესახებ - რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს. ეს ყველაფერი არ შეესაბამება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას სამხედრო შეკავების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში. ჟენევის დისკუსიების რიგით 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართა.

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეწყდა ცეცხლი, გარდა ამისა, ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინება რუსეთის სამხედრო ძალების იმ ტერიტორიაზე დაბრუნებას, სადაც ომის დაწყებამდე იყვნენ განთავსებულნი, თუმცა რეალურად რუსეთმა ახალი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა და დღემდე განაგრძობს საზღვრის გადმოწევას.

 

1265704939