რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო ექვს ევროპულ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა. მათ შორისაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - მონტენეგრო, ალბანეთი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები - ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი, აგრეთვე უკრაინა.
„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას, ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება“, - ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში
ევროკავშირმა ასევე აშშ-მ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სანქციები უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო 2014 წელს დაუწესა.
2015 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გააგრძელა, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ კი - 2016 წლის23 ივნისამდე.
ევროკავშირის სანქციებს რუსეთმა 2014 წლის ზაფხულში უპასუხა - ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომელიც სანქციებს შეუერთდა, რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვების შეტანა აუკრძალა. 2015 წლის ივნისის ბოლოს რუსეთმა პროდუქტებზე ემბარგო 2016 წლის 5 აგვისტომდე გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ჯამში 50-მდე კომპანიას შეეხო. მათ შორის სამი - ლუკოილი, VTB ბანკი და „როსნეფტი“ საქართველოშიც საქმიანობენ.
შენიშვნა: საქართველო შეუერთდა იმ დეკლარაციას, რომლითაც ევროკავშირი აწესებს შეზღუდვებს ყირიმისა და სევასტოპოლის არალეგალური ანექსიის საპასუხოდ. სანქციები ეხება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიიდან პროდუქტების იმპორტს იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს უკრაინის სახელმწიფო სერთიფიკატი. აგრეთვე იზღუდება ინვესტიციების განხორციელება და ტურისტული სერვისების შეთავაზება რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე.
ზემოთ აღნიშნული 6 ქვეყნისგან განსხვავებით საქართველო არ შეერთებია იმ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო უკრაინაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებების გამო.