რატომ იყენებს რუსეთი ევროკავშირის წინააღმდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ისეთ მითებს, როგორიცაა ლგბტ წყვილების ქორწინება მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის ქვეყნებში ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომები არსებობს; ზოგიერთ წევრ ქვეყანას კი უფრო მკაცრი მიდგომა აქვს ლგბტ ქორწინების მიმართ, ვიდრე, მაგალითად, საქართველოს?!
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირმა სპეციალური ბროშურებიც დაამზადა, რომლებშიც საუბარია ევროპული გაერთიანების შესახებ არსებულ მითებზე. მაგალითად, მოლდოვისთვის შექმნილ ბროშურაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად წყვეტენ იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
“ევროკავშირი მოლდოვისგან ითხოვს მხოლოდ მისი მოქალაქეების დაცვას დისკრიმინაციისაგან. ანტიდისკრიმინაციული კანონი უბრალოდ უზრუნველყოფს ადამიანებისადმი თანაბარ მოპყრობას”, – ვკითხულობთ ბროშურაში.
ევრომაიდნის მოვლენების დროს, როდესაც მაშინდელი მთავრობის მხარდამჭერები ევრომაიდნის საპირისპირო აქციებს მართავდნენ, უკრაინის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი გამოვიდა და თქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაფორმება მხოლოდ ლგბტ წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებით იყო შესაძლებელი.
“ჰომოფობიური სენტიმენტები საერთოა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და რუსეთი მას იყენებს. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებლმა ეკლესიამ და რუსეთის საელჩომ დიდი როლი ითამაშეს, რომ ეს “არგუმენტი” ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის საგანი გამხდარიყო. გაერთიანება “უკრაინის არჩევანის” დამფუძნებელი ვიქტორ მედვედჩუკი, ბიზნესმენი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, და რუსი დიპლომატები ავრცელებდნენ ბროშურებს, რის თანახმადაც ევროკავშირთან ასოცირება ლგბტ ქორწინების დაკანონებას ნიშნავს”, – წერს მკვლევარი და ევროპული კვლევების სპეციალისტი ელეონორა ტაფურო “Eurasia Review”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
საქართველოშიც აღნიშნული საკითხი აქტუალური იყო 2014 წლის მაისში, როდესაც პარლამენტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტს განიხილავდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროტესტის ავტორები დაამშვიდა და განაცხადა, რომ “კანონპროექტით ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება არ ხდება”, იგი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო განმარტება, რომ “ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა”.
“რუსეთი ირჩევს ნებისმიერი საზოგადოების ყველაზე სუსტ წერტილს და ცდილობენ ეს თემა გაამწვავონ. ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების შესახებ მითები დაფუძნებულია იმავე პრინციპზე. თუ რუსეთი ხედავს, რომ ქვეყნები, როგორიცაა საქართველო ან სხვა, რომლებიც ძალიან შეშფოთებული არიან ლგბტ უფლებებით და კონსერვატორული ღირებულებების მატარებელია, ირჩევენ ლგბტ თემას და აღვივებენ მას. მაგრამ ეს ასე არ არის. ლიტვა, მაგალითად, ძალიან კონსერავტორული ქვეყანაა, მათ შორის ამ საკითხის მიმართ. ჩვენ 10 წელია ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. ჩვენს პარლამენტში იმასაც კი ცდილობენ, ოჯახური ღირებულებების შესახებ ინიციატივებით გამოვიდნენ. ასეთი საკითხები ევროკავშირის რეგულირების სფერო არ არის”, – ამბობს მარიუს ლაურინავიჩუსი, ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის” წარმომადგენელი.
როგორია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომა ქორწინებისადმი
ევროკავშირი წყვილებს შორის ურთიერთობის სამ ფორმას იცნობს. პირველი, ესაა ქორწინება, რომელიც განსაზღვრავს წყვილის უფლებებსა და მოვალეობებს ისეთი საკითხის მიმართ, როგორიცაა საერთო საკუთრება, ასევე, მოიცავს პირის, როგორც მშობლის უფლებების და მოვალეობების საკითხს. განსხვავდება რელიგიური და სამოქალაქო ქორწინება. ზოგიერთი ქვეყანა რელიგიურ ქორწინებას სამოქალაქო ქორწინების ტოლფასად აღიარებს, ზოგი კი – არა. 28 ქვეყნიდან ევროკავშირის 8 ქვეყანა აძლევს ლგბტ წყვილებს დაქორწინების საშუალებას. ესენია: ბელგია, დანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი (ჩრდილოეთ ირლანდიის გამოკლებით).
ქორწინების გარდა, წყვილს შეუძლია პარტნიორობა ოფიციალურად დაარეგისტრიროს. ევროკავშირი ამ ფენომენს სამოქალაქო პარტნიორობას უწოდებს. რეგისტრირებული პარტნიორობა მიიჩნევა ქორწინების ტოლფასად ევროკავშირის ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა ქვეყანაში. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც არ ითვალისწინებენ რეგისტრირებულ პარტნიორობას, არის ბულგარეთი, კვიპროსი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი.
ურთიერთობის კიდევ ერთი ფორმა არის “დე ფაქტო ერთობა”. ასე უწოდებენ იმ წყვილების სტაბილურ ურთიერთობებს, რომლებიც არ არიან დაქორწინებულნი და არც სადმე არიან დარეგისტრირებულნი. თუ ადამიანი მის პარტნიორთან ერთად უწყვეტად და სტაბილურად ცხოვრობს, ისინი სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელებული უფლებებით მაშინაც კი, თუ არ აქვთ ურთიერთობა ოფიციალურად გაფორმებული. ეს უფლებები ეხება მემკვიდრეობის, ქონების, გადასახადების გაყოფის საკითხებს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ზუსტად არ განსაზღვრავს, როგორ უნდა დაამტკიცოს წყვილმა, რომ ისინი დიდი ხანია ერთად არიან.
უფრო ნათელი სურათისთვის განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება. მაგალითად, ხორვატიაში ქორწინება კონსტიტუციაშია განმარტებული, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრება. ინიციატივა 2013 წელს კათოლიკე კონსერვატორების ჯგუფმა წამოაყენა. მათ ოჯახის სახელით წამოიწყეს კამპანია რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. კამპანიის ფარგლებში 710 000 ხელმოწერა მოგროვდა, რაც რეფერენდუმის ჩატარების მოსათხოვად საკმარისია. პარლამენტმა რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა, მასში ამომრჩეველთა 38%-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან 66%-მა მხარი დაუჭირა ქორწინების საკონსტიტუციო განმარტებას, ხოლო 34% -მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების უფლება შეზღუდულია, ხორვატიაში არსებობს პარტნიორობის დარეგისტრირების საშუალება, რაც იმავე უფლებებით სარგებლობას ნიშნავს, რითაც დაქორწინებული წყვილები სარგებლობენ.
რაც შეეხება ლიტვას, მართალია, ქორწინების კონსტიტუციური განმარტება ამ ქვეყანას არ აქვს, თუმცა ამის მცდელობა იყო. 2013 წლის აპრილში თვრამეტმა დეპუტატმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ოჯახური ცხოვრება – ეს ქალსა და კაცს შორის ქორწინება, ან მამობა და დედობაა. დეკემბერში მთავრობა დათანხმდა ინიციატივის განხილვას. პირველი განხილვით ინიციატივას 65-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 8 წინააღმდეგ წავიდა, 11-დეპუტატმა კი თავი შეიკავა, თუმცა საბოლოოდ ინიციატივა ჩავარდა.
ქორწინების საკონსტიტუციო განმარტება აქვს პოლონეთსაც, სწორედ ამ განმარტების გამო პარლამენტმა 2013 წლის დეკემბერში 3 სხვადასხვა ინიციატივა უკუაგდო, რომელიც სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას ქმნიდა, როგორც ჰეტეროსექსუალი, ისე ჰომოსექსუალი წყვილებისთვის. თებერვალში პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამოქალაქო პარტნიორების ცნების გაჩენა შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობად განმარტავს.
რატომ მითები?
რატომ ირჩევს რუსეთი მითების გზას და მითების რა კონცეფციას იყენებს რუსეთი სხვადასხვა ქვეყანაში? – ამ შეკითხვებით “ნეტაზეთმა” ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს მიმართა. იგი ამბობს, რომ მითოლოგიზაცია არის ძალიან კარგი გზა სტერეოტიპიზაციისკენ:
“სხვაობა ზღაპრებში შექმნილ მითებსა და დღევანდელ სინამდვილეში შექმნილ მითებს შორის არის ის, რომ ის მითები იმ კონკრეტული ხიფათების, რისკების დაძლევას ემსახურება, აქ შექმნილი მითები კი – პირიქით: ამ მითების დანიშნულება ზუსტადაც არის სტერეოტიპიზაცია, შედეგად ვიღებთ განზოგადოებულ მტრებს,” – ამბობს ქორიძე.
უშუალოდ ლგბტ ქორწინებასთან დაკავშირებულ “მითზე” ქორიძე ამბობს, რომ ევროპაში ეს სამოქალაქო კულტურას უკავშირდება:
“სამოქალაქო ურთიერთობების მოწესრიგება კანონმდებლობით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროპული საზოგადოებების განვითარებისა. იმ ქვეყნებში, სადაც ითქვა, რომ ჩვენ გვინდა ქორწინება, მათ სამოქალაქო პროცესით მოიპოვეს ეს უფლება. მათ მოიპოვეს უფლება არა იმაზე, რომ იცხოვრონ ერთად, მოიპოვეს უფლება, რომ გააფორმონ სამოქალაქო ურთიერთობები. ეს ახალი სამოქალაქო სიტყვა იყო. აქ არა უფლებრივ, არამედ ქონებრივ საკითხებზეა საუბარი. უფლებრივი საკითხები დიდი ხანია ევროპას გარკვეული აქვს”.
ზვიად ქორიძე ამბობს, რომ საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის რღვევის შემდეგ ეს იდეოლოგია სხვადასხვა მითებით ჩანაცვლდა. მაგალითად, რუსეთ-ყაზახეთის შემთხვევაში ეს არის ყაზახეთში მცხოვრები რუსული მოსახლეობის დაცვის იდეა და საერთო ისტორიული წარსული. უკრაინასთან არსებობს საერთო ისტორიული და რელიგიური კონტექსტი, საქართველოს მიმართ კი რუსეთი ერთმორწმუნეობის იდეას იყენებს:
“რუსეთს ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული აქვს, ყველგან სხვადასხვა ტიპის მითებია. რა თქმა უნდა, საქართველო-სომხეთის მიმართულებით ჰომოფობიური მითები უფრო ძლიერია, მაგრამ უკრაინის მიმართ, მცდელობის მიუხედავად, ამან არ იმუშავა. ამიტომაც იქ უფრო მეტად კეთდება სხვა ტიპის თემებზე პედალირება, თუმცა ჰომოფობიური აქცენტები იქაც იყო ერთი პერიოდი, მაგრამ ძირითადად ახალი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის ცალკეულ წევრებზე გაკეთებული მინიშნებებით და სიუჟეტებით დარჩა. ეს არის დივერსიფიცირებული დოქტრინა, რომელსაც ძალიან კარგად იყენებს რუსეთი იმისათვის, რომ მოახდინოს ევროპული იდეის დევალვაცია ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში”, – ამბობს ქორიძე.
რუსეთის მხრიდან მითებისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაზე საუბრობს ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის ვიცეთავმჯდომარე ვიტა ტერაუდა:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ, ჩვენთანაც არსებობს მითების საკითხი, რადგან ჩვენთანაც იგივე გავლენებია. რუსული ნარატივი დასავლეთის დეკადენტურ სურათს ხატავს. ისინი ყოველთვის ირჩევენ ისეთ თემებს, რომლებიც საზოგადოებაში აზრთა სხვაობას იწვევს, როგორიცაა ჰომოსექსუალობა, აბორტი… არადა, ეს საკითხები სულ სხვა ღირებულებით კონტექსტში შეიძლება იყოს დანახული, ინდივიდუალური არჩევანის, თავისუფლების ღირებულების კონტექსტში. რუსული ნარატივი ეწინააღმდეგება დასავლურ იდეას, რომელიც დამოუკიდებლობას და ადამიანის ინდივიდუალური არჩევანის მიმართ ლიბერალურ მსოფლმხედველობას გულისხმობს”.
წყარო: netgazeti.ge