წყარო: agora.ge
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასული კვირის ბოლოს ძირითადი განაკვეთი უცვლელად, 11%-ის ნიშნულზე დატოვა და ამასთან რუსეთის ეკონომიკის განვითარების პროგნოზი გააუარესა.
მთავარი მიზეზი - საგარეო ფაქტორებია. მარეგულირებლის აზრით, უახლოესი სამი წლის მანძილზე, ნავთობი, $110-ის ნაცვლად დაახლოებით $50 ეღირება, ასე რომ რუსეთის ეკონომიკა ეჩვევა შემოსავლების კლებას საგარეო ეკონომიკური საქმიანობიდან.
“საგარეო ფაქტორების გაუარესების და ბოლო სტატისტიკური მონაცემების ფონზე, ჩვენ გადავხედეთ პროგნოზს მიმდინარე წლისთვის. ჩვენ საბაზისო სცენარში გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური აქტივობის ვარდნის ტენდენციის შეცვლას მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ველოდებით“, - განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ.
ცენტრალური ბანკის აზრით, წელს რუსეთის ეკონომიკა 3.9-დან 4.4%-მდე დაკარგავს და უკვე მეორე კვარტალში 4.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მომავალ წელს ვარდნა შენელდება და „მწვანე ზონაში“ ეკონომიკა მხოლოდ 2017 წლის ბოლოს გავა.
როცა აგვისტოში ნავთობის ფასი $50-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რუბლმა იგივე გააკეთა. რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების დაახლოებით 17% დაკარგა აშშ დოლართან და 23% - ევროსთან, ხოლო ინფლაცია 15.8%-მდე გაიზარდა.
რუსეთის მოქალაქეები ეკონომიას აკეთებენ და მათი რეალური შემოსავლები ეცემა: „როსსტატის“ მონაცემებით, საცალო სავაჭრო ბრუნვამ ამ წლის პირველ ნახევრში ანუ ჯერ კიდევ საზაფხულო დეველვაციამდე, აჩვენა 1991 წლის შემდეგ ყველაზე შთამბეჭდავი ვარდნა - 8.1%.