რუსეთის მოქალაქეები ტერაქტის მომზადების გამო სერბეთიდან გააძევეს

4 ნოემბერი 2016 Shadow

რუსეთის რამდენიმე მოქალაქე  მონტენეგროში ტერაქტის მომზადების გამო გამოაძევეს სერბეთიდან. როგორც “კომერსანტი” ვარაუდობს,  რუსეთ-სერბეთის სკანდალის აცილების მიზნით, სიტუაციაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ჩარევა გახდა საჭირო.

ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ 27 ოქტომბერს, ბელგრადის გამოცემა Danas-მა სერბეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ოფიციალურმა ბელგრადმა ეს ინფორმაცია არ უარყო და მხოლოდ მოკლე ცნობით შემოიფარგლა, რომელშიც რუსეთის და სერბეთის სპეცსამსახურების წარმატებულ ერთობლივ მუშაობას გაუსვა ხაზი.

რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა პატრუშევის გაუხმაურებელ ვიზიტს ბელგრადში. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი 26 ოქტომბერს სერბეთის ლიდერებს, პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩს, პრემიერ- მინისტრ ალექსანდრე ვუჩიჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს- ივიცა დაჩიჩას შეხვდა. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო.

თუმცა, სერბი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის  ვიზიტის რეალური მიზანი, საერთაშორისო სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, სიტუაციაში გარკვევა იყო. „რუს სტუმარს, ალბათ, უნდოდა გადაემოწმებინა მონტენეგროსთან ერთად მიმდინარე გამოძიების დეტალები“- აღნიშნავს გაზეთის წყარო, სერბეთის მთავრობასთან დაახლოებული პირი.  „მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს, რომ პატრუშოვი ამ მემორანდუმის განსახილველად ჩამოვიდა. საზოგადოება ვერასდროს გაიგებს შეთანხმების დეტალებს, საგულისხმოა, რომ ის ბელგრადში სერბეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან 2 დღის შემდეგ ჩამოვიდა. თან აღსანიშნავია, რომ ვუჩიჩმა რუსეთს დაადო ხელი მონტენეგროში დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრისას“ - ამბობს სერბი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე რადიჩი.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს პოდგორიცაში ტერორისტული აქტის მომზადებისთვის სერბეთის 20 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ისინი სოციალისტური დემოკრატიული პარტიის მიტინგზე აპირებდნენ იერიშის მიტანას, შემდეგ კი მონტენეგროს პარლამენტის დაკავებას გეგმავდნენ. სწორედ 16 ოქტომბერს, მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, რომელიც პრემიერ მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის პარტიამ- სოციალისტურმა დემოკრატიულმა პარტიამ მოიგო.  მისი მოწინააღმდეგე კი დემოკრატიული ფრონტი იყო, რომელსაც რუსეთისგან ღია მხარდაჭერა ჰქონდა

fadg

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ვუჩიჩმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სერბმა გამომძიებლებმა „რამდენიმე სახიფათო ჯგუფი“ გამოააშკარავა, რომელთაც ზურგს „სერიოზული ხალხი“ უმაგრებდა. პრემიერმა დასძინა, რომ ისინი „უცხოელებთან კოორდინირებულად მუშაობდნენ, რადგანაც, გამოძიების მიხედვით, მათ 125 000 ევრო, უნიფორმები და ყველა საჭირო ინვენტარი ჰქონდათ, რადგანაც თავად ასეთ უზრუნველყოფას ეს პატარა ჯგუფი ვერ შეძლებდა.“

მონტენეგროს პრეზიდენტის ფილიპ ვუიანოვიჩის თქმით, სიტუაციის მათი სცენარით წარმართვის შემთხვევაში ეს მონტენეგროს  თანამედროვე ისტორიაში უდიდესი ტრაგედია იქნებოდა, რომელიც ქვეყანას არეულობის და დაძაბულობის რეჟიმში დააბრუნებდა.

“კომერსანტის” წყაროს ინფორმაციით, ბელგრადში ხელისუფლების წარმომადგენლები  იმიტომ არ არიან დაინტერესებული  ფაქტების გახმაურებით და სიტუაციის გამწვავებით, რადგან ევროკავშირში გაერთიანების გეგმების გათვალისწინებით, არ უნდათ მეზობელ ქვეყანაში დანაშაულებრივ აქტებთან რაიმე კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

მაგრამ მონტენეგროში ჩაშლილი ამ ტერორისტული აქტის გამოძიება უმნიშვნელოვანესია მთლიანი რეგიონისთვის.  დებატები არ წყდება იმასთან დაკავშირებით ვინ დგას უკან ამ ჩაშლილი ტერორისტული აქტის უკან. ერთი მხარის ვარაუდით, რუსეთს მონტენეგროში „სისხლიანი მაიდანის“ გამეორება სურდა, რათა ხელი შეეშალა მის ნატოში გაწევრიანებას. კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსეთის როლი ჯერ კიდევ გამოსარკვევია, თუმცა, საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ რუსეთი აქტიურად აფინანსებს ანტი-დასავლურ ოპოზიციას მონტენეგროში, რომლის მთავარი წარმომადგენელიც „დემოკრატიული ფრონტია“. უკანასკნელ პერიოდში მოსკოვი ღიად აფიქსირებდა თავის ინტერესებს გაეძლიერებინა მონტენეგროს ოპოზიცია, რასაც სოციალურ მედიაში პროპაგანდის მეშვეობით ახერხებდა კიდეც. მაგალითად,15 ოქტომბერს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ არარსებულ წყარო დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ, დადებითი ფაქტია, რომ სერბეთისა და მონტენეგროს მთავრობების კოორდინირებული მუშაობა. თუმცა, გამოძიების დეტალები საზოგადოებისთვის ჯერაც არ არის ცნობილი და კითხვა, ვინ დგას ჩაშლილი ტერორისტული აქტის უკან და ვის სურდა სიტუაციის დაძაბვა მონტენეგროში კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება.

წყარო: 

svoboda.org

Lenta. ru