რუსეთის რბილი ძალა საქართველოში

25 იანვარი 2016 Shadow

რუსეთის მიერ საქართველოში რბილი ძალის* გააქტიურება სულ უფრო ხშირად ხდება დასავლური კვლევითი ორგანიზაციების განხილვის საგანი. დასავლურ მედიაში ჟღერდება პროგნოზები საქართველოში პროდასავლური არჩევანის შესაძლო ეროზიაზე, რასაც ხელს უწყობს პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მმართველ ელიტაში არსებული პრორუსული ელემენტების აქტიურობა.

ერთ-ერთი ასეთი ექსპერტი, რომელიც საქართველოში რუსეთის რბილი ძალის გააქტიურებას იკვლევს არის ანდრეი მაკარიჩევი. ანდრეი მაკარიჩევი რამდენიმე უნივერსიტეტსა და კვლევით ორგანიზაციაში მოღვაწეობს, მათ შორის - საჯარო სამსახურის აკადემიაში (ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი), ბერლინის უნივერსიტეტში და ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფეროებია - რუსეთის საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება და რეგიონალიზმი.

მაკარიჩევი ვრცელ სტატიას უძღვნის რუსეთის რბილი ძალის გააქტიურებას საქართველოში. ის თავის ნაშრომში აღწერს თუ როგორია რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და რა ლოგიკას ემყარება მოსკოვის ქმედებები:

 „რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ აქვს რამდენიმე მიმართულება. რუსეთს აქვს პრეტენზია ითამაშოს განსაკუთრებული როლი მის „ახლო სამეზობლოში“ არსებულ კონფლიქტურ ზონებში. ეს გამომდინარეობს არა მარტო რუსეთის სტატუსიდან, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრისა, არამედ მისი „მშვიდობისმყოფელის“ როლიდან, როდესაც არც ერთ სხვა ორგანიზაციას თუ ქვეყანას არ შეეძლო მსგავსი როლის შეთავსება. 1997 წელს, ევგენი პრიმაკოვმა შეასრულა მედიატორის როლი აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბასა და საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის. მან დაითანხმა არძინბა აფხაზეთი ხელახლა გაერთიანებულიყო საქართველოსთან, თუმცა შეთანხმება ჩავარდა რადგან შევარდნაძე იყო უნიტარული სახელმწიფოს იდეის მომხრე, რაც აფხაზი მხარისთვის მიუღებელი იყო.

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ეფუძნება სპეციფიკურ ლოგიკას. გეოპოლიტიკური რეალისტები* აღიქვამენ რუსეთის ქმედებებს, როგორც ჰეგემონის სურვილს დაამყაროს კონტროლი მერყევ კავკასიაზე. ნორმატივიზმის* მიმდევრების (მაგალითად ლეონიდ კალაშნიკოვი, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი) თანახმად, რუსეთს არავითარი მატერიალური ინტერესი არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისას საქართველოს წინააღმდეგ და ყოველივეს აკეთებს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე.

რაზეც ორივე მხარე თანხმდება არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება (რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს) არის ევროპის მხრიდან რუსეთის მარგინალიზაციის კიდევ ერთი ნიშანი. მართლაც რომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტს მიაღწიეს ევროკავშირთან ურთიერთობებში ვიდრე რუსეთმა. იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ რუსეთზე ადრე გაიკვალოს გზა „ევროპეიზაციამდე“ გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთის მმართველი ელიტისთვის.

რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი არგუმენტები თანმიმდევრულ ნარატივად გარდაექმნა, რომელსაც ქართველები მიიჩნევდნენ მიმზიდველად. მოსკოვი უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებს ნამდვილად სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია და სანაცვლოდ ირწმუნება, რომ აშშ ახორციელებს საქართველოს მანიპულირებას ამ მიმართულებით. ქართველი ექსპერტების გადმოსახედიდან ეს პოლიტიკა არის ირაციონალური და მარცხისთვის განწირული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ მხოლოდ შეასუსტა რუსეთის ბერკეტები თბილისზე.“

 

ავტორი ასევე მიმოიხილავს და აანალიზებს რუსეთის ხელთ არსებულ ბერკეტებს:

1) აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

„ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები. ერთი მხრივ, რუსეთი არ აღიარებს საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ და ხშირად მოუწოდებს თბილისს პირდაპირ აწარმოოს მოლაპარაკებები ცხინვალსა და სოხუმთან. მეორე მხრივ, რუსეთს სურს შეინარჩუნოს სრული კონტროლი ნებისმიერ მოლაპარაკებებზე და დაჟინებით ითხოვს საქართველოსგან მედიატორის როლი ჩამოაშოროს მის პარტნიორებს, რათა პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს მოსკოვთან.

პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსეთის მიდგომა გულისხმობს, რომ კონფლიქტების მოგვარება ჰიპოთეტურად შესაძლებელია, თუმცა ამის ფასი ზედმეტად მაღალია საქართველოსთვის. მიუხედავად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით „მთავარია დაარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ საქართველოსთან კონფედერაციაში უკეთ იცხოვრებენ ვიდრე დამოუკიდებლად. ეს თუ იქნება მიღწეული, შეიქმნება სრულიად ახალი პოლიტიკური მდგომარეობა.“ ვლადიმერ პუტინსაც აქვს მსგავსი განცხადებები გაკეთებული. თუმცა, რუსეთი დიდი ალბათობით სანაცვლოდ მოითხოვს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რაზეც თბილისი ვერ დათანხმდება.“

 2) მოძმე ეკლესიების ნარატივი

„მეორე პოტენციური საყრდენი რუსეთისთვის არის რელიგიური დიპლომატია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უჭერს მხარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიულ მთლიანობას. ძირითადად ეს ხორციელდება გავლენის შესანარჩუნებლად, ისევე როგორც იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესია იყოს რუსეთის ეკლესიის მხარეს, როდესაც პრობლემური საკითხები დგება დღის წესრიგში, ისეთი როგორიცაა - პრობლემები უკრაინის ეკლესიასთან ან საეკლესიო საკუთრების საკითხი ესტონეთში. კრემლისგან განსხვავებით, რუსეთის ეკლესია პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოს ეკლესიასთან კარგ ურთიერთობას აფხაზეთთან და ოსეთთან კარგ ურთიერთობაზე (განცხადებების დონეზე).

ამავდროულად, რუსეთის რელიგიურ დიპლომატიას ახასიათებს კონსერვატორული დღის წესრიგი გეოპოლიტიკური ელფერით. ლგბტ საზოგადოების საკითხი გამოყენებულია როგორც საშუალება საქართველო ჩამოაშორონ დასავლეთს. ბევრი ქართველი მკვლევარის აზრით რუსეთი განზარახ მანიპულირებს მართლმადიდებლური ღირებულებებით რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს.“

ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ორგანიზაციებზე და ჯგუფებზე, რომლებიც რუსული დღის წესრიგის გამტარებლები არიან საქართველოში. ის აღწერს ამ ორგანიზაციების ძირითად გზავნილებს, აანალიზებს გზავნილების მახასიათებლებს და პარალელს ავლებს კრემლისა და ამ ჯგუფების მოსაზრებებს შორის:

„რამდენიმე „Think Tank“ და ფონდი ასევე ასრულებენ კომუნიკაციის არხის ფუნქციას რუსეთსა და საქართველოს შორის. კავკასიის დიალოგის პროგრამა არის ამის საუკეთესო მაგალითი. ასეთი ტიპის ორგანიზაციები ეფუძნებიან იდეას, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არის საპასუხო რეაქცია საქართველოს ანტირუსულ პოლიტიკაზე. ისინი მიანიშნებენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობაზე თუ საქართველო შეიკავებს თავს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც გააღიზიანებს კრემლს. მათი აზრით, ევრაზია არის აღმავლობის გზაზე მყოფი რეგიონი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ რუსეთს, ხოლო საქართველოს ევროპული არჩევანი არის უტოპიური „ნათელი მომავალი“. რუსეთის მიერ სააკაშვილის მთავრობის კრიტიკა მათი ნარატივის მნიშვნელოვანი

ნაწილია. მათი მოსაზრებით, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შეუძლიათ ურთიერთობების დალაგება. მათი შეხედულებით, რუსეთს სინამდვილეში სჭირდება პროქართული ელიტა თბილისში (რომელსაც ამოძრავებს საქართველოს ინტერესები), რომელიც იქნება მზად ითანამშრომლოს ევრაზიულ კავშირთან, რათა საქართველო იქცეს ერთგვარ ხიდად რუსეთსა და ევროკავშირს შორის.“

„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში უჭერს მხარს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევრაზიულ კავშირში. ასეთი ორი მაგალითია - „ერეკლე მეორის საზოგადოება“ და „ევრაზიული არჩევანი - საქართველო“. ორივე ჯგუფი არის „რუსული სამყაროს“ მომხრეებთან მჭიდრო კავშირში. ამ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ საქართველო „ბუნებრივადაა“ დამოკიდებული რუსეთზე და რომ ქართველების უმეტესობა მომხრეა რუსეთის, იმ უმცირესობისგან განსხვავებით, რომელსაც „მართავს“ დასავლეთი.“

სტატიაში მაკარიჩევი ასევე აღწერს რუსული რბილი ძალის ჭეშმარიტ სახეს და მიუთითებს იმ ფაქტორებზე, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობა არ ექცევა რუსული პროპაგანდისტული საშუალებების გავლენის ქვეშ:

1. „რუსული რბილი ძალა განუყოფელია რუსული კონვენციური (სამხედრო) ძალისგან. მაგალითად, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი კილომეტრით გადაწევამ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე 2015 წლის ივლისში გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა საქართველოში, მოახდინა საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაცია და შეაფერხა ქართველი ექსპერტებს ღია დიალოგი რუსეთთან. რუსეთი პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად რესურსების ინვესტირებას ახორციელებს საქართველოში, თუმცა აგრესიული ქმედებები კიდევ უფრო აძლიერებენ შიშს, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს ძალა.

2. ბევრისთვის საქართველოში რბილი ძალის კონცეფცია ასოცირდება დასავლური წარმოშობის იმპერიალიზმთან, რომელიც გულისხმობს კონტროლის მექანიზმს, რომელსაც ზურგს უმაგრებს მატერიალური ფაქტორები. რბილი ძალის ამგვარი აღქმა აფიქრებინებს ქართველებს, რომ რუსეთი იყენებს საქართველოს შიდა დებატებს სათავისოდ და ამასთანავე ცდილობს დასავლეთის უმოქმედობის კაპიტალიზაციას.“

დასკვნის სახით, ავტორი გამოყოფს იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის ინტერესების გატარებას ცდილობენ საქართველოში. ის ასევე აღწერს განსხვავებებს დასავლურ და რუსულ რბილ ძალებს შორის და ასკვნის, რომ რუსული რბილი ძალა არსებითი ცვლილებების მექანიზმი ვერ გახდა და მხოლოდ პრორუსული ელემენტების კონსოლიდაცია მოახდინა:

„საბოლოოდ, რუსეთის რბილი ძალა საქართველოში ვერ უწევს წინააღმდეგობას ევროპულ პროექტებს, რომლებიც თავისი არსით უფრო მრავლისმომცველია და პროფესიონალურად განხორციელებული. რუსეთი ძირითადად თანამშრომლობს საქართველოს საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ისედაც პრორუსულია. მათ რიგებში შედიან: ევროსკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირისა თუ ნატოს წევრი; კაპიტულაციის და რუსული ნეოიმპერიალისტური პროექტების მომხრეები; პროსტალინისტები, რომლებსაც საბჭოთა ნოსტალგია აქვთ; მართლმადიდებელი ტრადიციონალისტები.

რუსეთი იყენებს რბილ ძალას სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და პოსტსაბჭოთა დღის წესრიგის გასატარებლად: დასავლური ინსტიტუტების დელეგიტიმაცია და მეზობლების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი არის უსაფრთხოების „ბუნებრივი“ გარანტი სამეზობლოში. რუსეთმა მხოლოდ არსებული პრორუსული ძალების კონსოლიდაცია მოახერხა, თუმცა ქართულ საზოგადოებას აზრი ვერ შეაცვლევინა. ამ მხრივ, რუსეთის რბილი ძალა კარდინალურად განსხვავდება დასავლეთის რბილი ძალისგან, რომლის არსია ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გადაცემა.“

*რბილი ძალა - ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯოსეფ ნაის მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლიც გულისხმობს ერთი მხარის მიერ მეორეს მოზიდვა და დარწმუნება დაძალების, სამხედრო საშუალებების და მატერიალური წახალისების გამოყენების გარეშე. რბილი ძალის ინსტრუმენტებია - კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკური კურსი.

*რეალიზმი - ერთ-ერთი ძირითადი თეორიული მიმდინარეობა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებიდან, რომლის თანახმად საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა ესაა საერთაშორისო აქტორთა დაპირისპირება ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისთვის.

*ნორმატივიზმი - წესებისა და ღირებულებების აღიარება, რომელიც განაპირობებს ადამიანებისა და სოციალური ორგანიზაციების ქცევას. წინამდებარე სტატიის შემთხვევაში წესები და პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო პოლიტიკის აქტორები.