2006 წლის 31 მარტი- რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შეთანხმებაზე ხელის მოწერის დღე

31 მარტი 2016 Shadow

2006 წლის 31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შეთანხმებას. რუსი ხელმომწერი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ალექსეი მასლოვი იყო. საქართველოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე- მამუკა კუდავა წარმოადგენდა.

რუსებთან მოლაპარაკებები  ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე, ვენაში, 1996 წლის მაისში დაიწყო.

4 ქვეყნის (საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-მოლდოვა) მონაწილეობით ვენაში  ერთობლივი ფრონტი ჩამოყალიბდა რუსეთის ბაზების გაყვანის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ამ ჯგუფს აქტიურ ლობირებას უწევდა დასავლეთის არაერთი დედაქალაქი, ვაშინგტონის მეთაურობით.

ეს რთული პროცესი 1999-ში ეუთო-ს სამიტზე ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევით დაგვირგვინდა. 17 ნოემბერს ადაპტირებულ ხელშეკრულებას და თანმდევ „სტამბულის შეთანხმებას“ სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი - კლინტონი, ელცინი, შევარდნაძე და ა. შ.

ხელშეკრულების მიხედვით, 2001 წლის 1 ივლისამდე კრემლს უნდა გაეთავისუფლებინა ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები. საქართველო დროებით ანიჭებდა მოსკოვს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას, მაგრამ 2000 წლის განმავლობაში მხარეებს უნდა დაესრულებინათ მოლაპარაკებები ამ ორი სამხედრო ბაზის დახურვის ვადებზე.

2001 წლისთვის რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ბაზა ვაზიანიდან და ნაწილობრივ - გუდაუთიდან. თუმცა, ამ უკანასკნელის შემოწმება არ ხერხდებოდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების გამო. რადგან რუსეთი არ ასრულებდა „სტამბულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებას ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის თაობაზე, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და გაიწელა.

კარდინალური გარდატეხა 2003 წლის ხელისუფლების ცვლილებამ მოახდინა. ახალმა მთავრობამ გაზარდა ზეწოლა მოსკოვზე. საქართველოს პარლამენტმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა ბაზების მომარაგების გზების ჩაკეტვის შესახებ. კვლავ რთული მოლაპარაკებების შედეგად, 2005 წლის 30 მაისს რუსები დათანხმდნენ ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც ხელი საგარეო მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს. 1999 წლის მსგავსად, ეს დიდწილად შესაძლებელი გახდა ასევე მოსკოვთან დასავლელი პარტნიორების მუდმივი დიალოგისა და ლობირების შედეგად.

2006 წლის 31 მარტს კი სოჭში მოხდა საბოლოო ხელმოწერა, რაც ძირითადად ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების 2008 წელს დახურვის საკითხებს ითვალისწინებდა. რუსებმა ორივე მათგანი ვადამდე, 1 წლით ადრე, 2007 წლის ნოემბერში მთლიანად გაიყვანეს, ნაწილი - სომხეთში, ნაწილი - ჩრდილო კავკასიაში.

12593789_10154037933963879_3113632024405587571_oსოჭში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების ვადების, პირობებისა და გაყვანის შესახებ“ და „შეთანხმება რუსეთის სამხედრო ტვირთისა და პირადი შემადგენლობის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“. "Соглашением между РФ и Грузией о сроках, порядке временного функционирования и выводе российских военных баз и других военных объектов Группы российских войск в Закавказье, расположенных на территории Грузии", "Соглашении об организации транзита российских воинских грузов и персонала через территорию Грузии".

როგორც წესი, ასეთი დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებს პრეზიდენტები ან მინისტრები აწერენ ხელს. რასაკვირველია, საქართველოს ინტერესებში შედიოდა, რომ ეს ხელმოწერა რაც შეიძლება მაღალ დონეზე ყოფილიყო ხელმოწერილი, რომ მისი შესრულების მეტი გარანტია მიგვეღო. ამ შემთხვევაში კი რუსეთს სურდა მისთვის მტკივნეული საკითხის შედარებითი დაკნინება. სწორედ ამიტომ ხელმოწერა შედგა არა თბილისში ან მოსკოვში, არამედ სოჭის საბჭოთა ტიპის მიყრუებულ სანატორიუმში - შორს მედიისაგან და დამსწრე პუბლიკისაგან. რუსული მხარის თხოვნა იყო ასევე ხელმომწერთა დონის დაწევა, რაზეც ოფიციალური თბილისი იძულებით დათანხმდა - პროცესი არ უნდა გაწელილიყო. საქართველოდან ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ- მამუკა კუდავამ მოაწერა.  ხელმოწერა სიმბოლურ თარიღს - 15 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს - დაემთხვა.

2 საუკუნის განმავლობაში ქართულ მიწაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის 15 წლიანი მცდელობა უდავოდ ქვეყნის დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა. ბაზების გაყვანიდან უკვე 1 წელში პუტინმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, მათ შორის დაუხურავი გუდაუთის ბაზის გამოყენებით. თუმცა, დღეისთვის მოსკოვმა ახალი სამხედრო ბაზები გახსნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

 

წყარო