2015 წლის პირველ მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა ინფორმაცია 2013-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მსგავსი ინფორმაცია ინსტიტუტს სამინისტროდან მიღებული აქვს აგრეთვე 2013 წელს, რომელიც მოიცავდა 2009-2012 წლების მონაცემებს. შსს-დან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 117 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) - 139 პირი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2009-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის გამო დაახლოებით ორჯერ მეტი პირი იქნა დაკავებული, ვიდრე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აფხაზეთის ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის გამო დაკავებული პირების რეკორდულ რაოდენობას 2013 წელს მიაღწია - 411 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობა უკვე 116 პირს შეადგენს.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში.
წყარო: IDFI.GE