პოროშენკო რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევის აუცილებლობაზე საუბრობს.

17 სექტემბერი 2015 Shadow

წყარო: nv.ua

 

kg 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური ავიაკომპანიის ბოინგი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით  ასრულებდა რეისს, უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ  დონბასში ჩამოვარდა. ბორტზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 283 მგზავრი და ეკიპაჟის  15-ვე წევრი დაიღუპა.

 გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინა, მალაიზია, ავსტრალია, ჰოლანდია და ბელგია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის  შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომელსაც  დონბასის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზები უნდა  გამოეკვლია. თუმცა, 29 ივლისს რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გამოძიების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. ჩინეთმა,  ანგოლამ და ვენესუელამ კი თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან.

 ექსპერტების დასკვნით, კატასტროფა ავიალაინერის ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებამ გამოიწვია. უკრაინა  ავიაკატასტროფაში რუსეთს ადანაშაულებს და ამის დამამტკიცებელი რამდენიმე საბუთიც წარუდგინა ფართო  საზოგადოებას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა საკუთარ Youtube არხზე ტერორისტების სატელეფონო საუბრის  ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ისმის როგორ იგეგმებოდა რუსეთის ტერიტორიიდან ბუკის სარაკეტო სისტემის შემოტანა.

რუსეთის მიერ საგამოძიებო სისტემის შექმნის დაბლოკვა ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს.

რუსეთის აგრესიული სამხედრო პოლიტიკის და ამ შემთხვევის გამო, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის აუცილებლობაზე საუბრობს.

 „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, პოროშენკომ განაცხადა, რომ „მსოფლიოს აქვს უფლება იცოდეს, ვინ დგას ამ ტერორისტული აქტის უკან და თუ რომელიმე ქვეყანა, განსაკუთრებით კი რუსეთი, ხელს უშლის გამოძიებას, ამას რაიმე ახსნა უნდა მოეძებნოს“.