"ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები ირწმუნებიან, რომ ქართველ ხალხს რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობა სურს და ამ სურვილის გასაცნობად პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამ მოთხოვნით პრეზიდენციის კანცელარიაში "ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ განცხადება 24 სექტემბერს შეიტანა.
"ჩვენ ვითხოვთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთის ფედერაციასთან და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ შეგვხდება, შემდეგ აქციაზე ასი ათასი ადამიანი შეიკრიბება", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
პრეზიდეტის ავლაბრის რეზიდენციასთან "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. "გეშინოდეთ რუსეთის","რუსეთი ჩვენი მეგობარია", "გვინდა სამხედრო ნეიტრალიტეტი", "აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები" - ეს ლოზუნგები ისმოდა შეკრებილებს შორის.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. "პირველი რადიოს" ცნობით, ინცინდენტი მოხდა აქციაზე. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელს რომელიც აქციაზე მივიდა და სცენაზე ასვლა სცადა. აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი სამართალდამცავებმა დააკავეს და პრორუსული აქციის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.
"ერეკლე მეორის საზოგადოების" დამფუძნებელი არჩილ ჭყოიძეა. მისივე დაარსებულია "ევრაზიული არჩევანიც". ორივე ორგანიზაცია პრორუსულ აქტივობებს ახორციელებს. არჩილ ჭყოიძე არ მალავს თავის საქმიან და პირად კავშირებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ისეთ იდეოლოგებთან, როგორიცაა ალექსანდრ დუგინი, რომლის ორგანიზაცია "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა" "ევრაზიული არჩევნის" პარტნიორია.
ჭყოიძე მიიჩნევს, რომ “რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილი ღალატია”. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული აქვს გენადი ზიუგანოვისა და ვლადიმირ ჟირინოვსკისგან მიღებული ჯილდოების ფოტოები. “დუგინის ფონდის” დამფუძნებელმა ალექსანდრ დუგინმა 2014 წლის მარტჩი არჩილ ჭყოიძე “ფეისბუქზე” შეაქო ნატოს საწინააღმდეგო კამპანიისთვის: “საქართველოს ევრაზიული გმირი - არჩილ ჭყოიძე ატლანტისტებთან ბრძოლაში, ყოჩაღ არჩილ! ევრაზია უპირველეს ყოვლისა!”“ევრაზიული არჩევნის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე დუგინის სტატუსს გამოეხმაურა და თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.
ჭყოიძეს აქტიურად ციტირებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები, ისინი მომხმარებელს რეგულარულად სთავაზობენ არჩილს ჭყოიძის მოსაზრებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.