სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და 68 რუსი სპორტსმენის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც რუს მძლეოსნებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას უკრძალავს. გამონაკლისი მხოლოდ სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა იქნება
რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის მიზეზი მსოფლიო ანტისადოპინგო ასოციაციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს რუსეთის სპორტის სამინისტრო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და მოსკოვის ლაბორატორია შეთანხმებულად აყალბებდნენ რუსი სპორტსმენების დოპინგ სინჯებს. დასკვნის მიხედვით, მეთოდი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა 2010 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეიმუშავეს.
მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაცია მიესალმა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფედერაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს "სუფთა სპორტსმენების" უფლებების დაცვას და თანასწორ გარემოს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეთათვის.
პარალელურად, მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს მოთხოვნას, რომ ყველა რუს სპორტსმენს აეკრძალოს რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ეს მოთხოვნა ეფუძნება ანტიდოპინგური სააგენტოს მეორე ანგარიშს, რომელშიც ასევე რუსეთის სახელმწიფოს მიერ დოპინგ პროგრამების დაფინანსებაზეა საუბარი.
რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება.