როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა ჰააგის მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს გამოძიება დაიწყოს 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ოფიციალურად გავრცელებული განცხადების თანახმად, სხვა დანაშაულებებთან ერთად, პროკურორი აპირებს ცხინვალში რუსი სამშვიდობოების ბაზაზე თავდასხმის გამოძიებასაც. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია: „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.“
რა თქმა უნდა, უკვე ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოში ღია ინტერვენცია დაიწყო ჩვენი შეირაღებული ძალების აქტიური შეტევითი ოპერაციის დაწყებამდე გაცილებით ადრე, უკვე ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ე.წ. „მშვიდობისმყოფელებმა“ დაკარგეს მათვის მინიჭებული მანდატი. კერძოდ, ომის ქრონოლოგიის რუსული ვერსიის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცხინვალზე «მოულოდნელი ქართული თავდასხმის» შემდეგ შევიდნენ, ამავე დროს:
1. 7 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, რუსეთის რეგულარული არმიის დაახლოებით 150 ჯავშანტრანსპორტიორი და სამხედრო სატვირთო ავტომანქანა როკის გვირაბით ცხინვალისკენ გამოემართა;
2. «ნიუ იორკ ტაიმსის» მიხედვით, დასავლურმა სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ რუსეთის 58-ე არმიის 135-ე დივიზიის ორმა ბატალიონმა 7 აგვისტოს ღამეს ან 8 აგვისტოს დილას გაიარა როკის გვირაბი;
3. 8 აგვისტოს, დილის 3:41 და 3:52 საათზე საქართველოს დაზვერვამ მოიპოვა როკის გვირაბის სამხრეთ გამოსასვლელთან განლაგებული სეპარატისტების სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლის ორი სატელეფონო საუბარის ჩანაწერი. აღნიშნული სატელეფონო საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრშეტევამდე სულ მცირე 20 საათით ადრე, როკის გვირაბით შემოვიდა რუსული შეიარაღებული ძალების კოლონა. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ეჭვი არ გამოუთქვამს აღნიშნული საუბრების ავთენტურობაში. რუსეთის ნათქვამი, რომ ეს საუბრები შეეხებოდა სამშვიდობო ძალებში მიმდინარე როტაციას, არ შეესაბამება სიმართლეს. იმ დროისთვის მოქმედი სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ნებისმიერი როტაცია უნდა მომხდარიყო დღის საათებში და ყველა შესაბამისი მხარის (საქართველოს მთავრობა, ეუთო) ერთი თვით ადრე გაფრთხილებით. რუსი «სამშვიდობოების» წინა როტაცია 2008 წლის მაისში მოხდა.
მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, უკვე ის ფაქტი, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი რუსეთის „სამშვიდობოებზე“ თავდასხმას ომის დანაშაულების კონტექსტში განიხილავს აუცილებელს ხდის მსჯელობას იმაზე, თუ რეალურად რას წარმოადგენდნენ აღნიშნული რუსული შენაერთები საქართველოში, რა როლს თამაშობდნენ მხარეთა დაშორიშორების პროცესში და ზოგადად, იყვნენ თუ არა ისინი მშვიდობისმყოფელების მანდატით აღჭურვილნი.
2008 წლის კონფლიქტის ქრონოლოგიის განხილვამდე, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ თუ რა შემთხვევაში შეიძლება მშვიდობისმყოფელებმა მათთვის მინიჭებული მანდატი დაკარგონ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სამშვიდობო ოპერაციების გზამკვლევის თანახმად, გაეროს სამშვიდობო მისიები ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
1. მხარეთა თანხმობა;
2. მიუკერძოებლობა;
3. ძალის გამოუყენებლობა, გარდა თავდაცვის ან მანდატის დაცვის საჭიროების შემთხვევაში.
თავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამხედრო დამკვირვებლებისა და სამშვიდობო ოპერაციების შეთანხმების (20 მარტი, 1992) მე-5 მუხლის მიხედვით - მშვიდობისმყოფელები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები და დაუშვებელია მისიის პერსონალის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება კონფლიქტის რომელიმე მხარის სასიკეთოდ.
შესაბამისად, ზემოთ ნახსენები პრინციპების დარღვევის ან შელახვის შემთხვევაში, მშვიდობისმყოფელთა სტატუსი ეჭვის ქვეშ შეგვიძლია დავაყენოთ. სტატიაში მოყვანილი 2008 წლის ომის ქრონოლოგიისა და ფაქტების განხილვისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ზუსტად ამ პრინციპებს და გავაანალიზოთ დაირღვა თუ არა ისინი.
აქედან გამომდინარე, გვინდა მკითხველს შევთავაზოთ, რამდენიმე ფაქტი აგვისტოს ომის ქრონიკებიდან, რომელიც ჩვენი აზრით ნათელს მოჰფენს რუსი „სამშვიდობოებისა“ და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაპირისპირების საკითხებს.
მიუხედავად, იმისა, რომ 7 აგვისტოს ღამეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოსი სეპარატისტების პოზიციების საარტილერიო დამუშავება და გადავიდნენ იერიშზე, როგორც ჩანს, ცხინვალის გარშემო არსებულ რუსი „სამშვიდობოების“ ბლოკ-პოსტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. ქართულ ნაწილებს არ ჰქონდათ ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ მათი მიმართულებით (მიუხედავად იმისა, რომ რუსული ინტერვენცია უკვე დაწყებული იყო). ამას, ადასტურებს ქვევით მოყვანილი 8 აგვისტოს დილას კონფლიქტის ზონაში გადაღებული ვიდეო, სადაც (5:40-დან) კარგად, ჩანს, რომ მიუხედავად, იმისა, რომ ქართულმა ნაწილებმა დაიწყეს მოძრაობა ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის „სამშვიდობო“ ძალების ბლოკ-პოსტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაგრძობს ფუნქციონირებას. მასზე არავის მიაქვს იერიში, არავინ ცდილობს მათ განიარაღებას ან განადგურებას.
მაშინ რა მოხდა, ცხინვალში და რამ გამოიწვია საქართველოს შეიარაღებული ძალების ცეცხლი რუსი სამშვიდობოების ბაზის მიმართულებით? აღნიშნულის გასარკვევად გვინდა განვიხილოთ რამდენიმე ეპიზოდი.
ლეიტენანტი ოლეგ გოლოვანოვი
2008 წლის 22 ნოემბერს, საინფორმაციო-ანალიტიკურ ონლაინ გამოცემა „ოსეთის რადიო და ტელევიზიის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ოლეგ გოლოვანოვი გმირულად დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას“. სტატიის მიხედვით, 32 წლის ოლეგ გოლოვანოვი მსახურობდა ე.წ. სამხ. ოსეთის თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის ოცეულის მეთაურად. სტატიის მიხედვით, 2008 წლის 7 აგვისტოს ლეიტენანტი გოლოვანოვი ასრულებდა საბრძოლო დავალებას. კერძოდ, მას ევალებოდა მოწინააღმდეგის (საქართველოს შეიარაღებული ძალების) შენაერთების და მიზნების აღმოჩენა და მათზე სეპარატისტული ძალების არტილერიის ცეცხლის კორექტირება. სტატიის მიხედვით, ოსი დამმიზნებლის პოზიცია განლაგებული იყო რუსი სამშვიდობოების ბაზაზე (ე.წ. верхний городок), კერძოდ სამშვიდობოების საცხოვრებელი ყაზარმის სახურავზე.
სტატიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გამოთვალა მისი ადგილსამყოფელი (სავარაუდოთ რადიო-კავშირის პელენგაციით), მისი პოზიციის მიმართულებით გაიხსნა ცეცხლი და ის დაიღუპა. მეტიც, სხვა წყაროების მითითებით, სწორედ ოლეგ გოლოვანოვი იყო პირველი დაღუპული რუსეთის სამშვიდობოების ბაზაზე, ცხინვალში.
მაგალითად, ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტის ალექსანდრე ვიქტოროვის სტატიაში „აგვისტოს ომი ერთი წლის შემდგომ. როგორ გაყიდეს მშვიდობისმყოფელები“, ანალოგიურს ამტკიცებენ უშუალო მოწმეები, სამშვიდობოების ბაზაზე მყოფი რუსი სამხედრო ექიმებიც.
მეტიც, ირიბად (ამ შემთხვევაში დაღუპული მოიხსენიება როგორც მშვიდობისმყოფელი და არა როგორც სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მებრძოლი) ამას ადასტურებს თავად რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი კულახმეტოვი. კერძოდ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული საქმის მოკვლევის მასალებში, კულახმეტოვის ჩვენებით ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი სადამკვირვებლო პოსტის მიმართულებით რის შედეგადაც დაიღუპა 1 და დაიჭრა 1 სამშვიდობო
საინტერესოა, რომ ამ ფაქტის ძალაუნებური გახმაურების შემდგომ, ოსურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გააქრეს, აღნიშნული სტატია. კერძოდ, პირველწყაროს ბმული აღარ იძებნება: http://osradio.ru/genocid/10778-oleg-galavanov-pogib-projaviv-muzhestvo-i-geroizm.html თუმცა შემორჩენილია, სტატიის ე.წ. სკრინშოტი, ასევე სტატიის ასლები სხვა ინტერნეტ-რესურსებზე.
საინტერესოა, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მიუხედავად თვითმხილველის (გაზეთ მოსკოვსკი კომსომოლეცის კორესპონდენტი ირინა კუკსენკოვა) ჩვენებისა, იმის შესახებ, რომ ოლეგ გოლოვანოვი დაკრძალული იქნა ცხინვალში:
სამხედრო დანაშაულებების გამოძიების სამხრეთ ოსეთის კომისიის საძიებო ბაზის მიხედვით, მისი ნეშტის ადგილსამყოფელი უცნობია:
თუმცა, მიუხედავად, იმისა თუ რა მოხდა, გოლოვანოვის დაღუპვის შემდგომ, მთავარი მაინც არის ის ფაქტი, რომ სამხ. ოსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დაზვერვის ოცეულის მეთაური, 7 – 8 აგვისტოს იმყოფებოდა, რუსი სამშვიდობოების ბაზაზე, სამხედრო ყაზარმის სახურავზე მოწყობილ სათვალთვალო პუნქტზე და იქიდან ახდენდა არტილერიისა და ნაღმტყორცნების დამიზნება/კორექტირებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ფაქტია, ისიც, რომ მსგავსი ვერ მოხდებოდა, რუსი სამშვიდობოების ნებართვის გარეშე. მეტიც, როგორც მოვლენებმა დაადასტურა, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდგომ სათვალთვალო პუნქტში დაიჭრა რუსი სამშვიდობოც. აღნიშნული, გარემოება სრულად ადასტურებს იმას, რომ რუსი სამშვიდობოები ამ შემთხვევაში უკვე წარმოადგენდნენ კონფლიქტის მხარეს და უშუალოდ მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში.
ცეცხლი რუსი სამშვიდობოების მხრიდან
ინტერნეტში ხელმისაწვდომია ვიდეო ფირი, რომელიც ასახავს, რუსული სამშვიდობო ბატალიონის ბაზაზე არსებულ მდგომარეობას 8 აგვისტოს დილის 6 საათზე, ანუ მაშინ, როდესაც დაიწყო პირველი საცეცხლე კონტაქტი ქართულ და რუსულ ძალებს შორის. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ რუსი სამშვიდობოების ბაზა არ არის დაზიანებული საარტილერიო ცეცხლით, ისმის ინტენსიური სროლის ხმა და ამავე დროს ვიდეოს 6-ე, 37-ე, 64-ე, 71-ე წამზე ცხადად ისმის რუსი ოფიცრების მოწოდება საკუთარი მებრძოლებისადმი, რომ შეწყვიტონ სროლა. 3:15 წუთზე კარგად ჩანს, აგრეთვე რუსული სამშვიდობო კონტიგენტის შენობის სახურავზე განლაგებული სადამკვირვებლო პუნქტიც რომლის მიმართულებითაც წარმოებს ქართველთა სროლა. სწორედ ეს არის ის პუნქტი სადაც გამაგრებული იყო საარტილერიო ცეცხლის დამმიზნებელი ოლეგ გოლოვანოვი.
ვიდეოს 1:35 წამზე ისმის ბრძანება: „იქიდან ნუ ისვრით მედ-პუნქტის საპასუხო ცეცხლს გაუხსნიან“. შესაბამისად ვიდეო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსი სამშვიდობოები უკვე ჩართულნი იყვნენ ბრძოლაში ქართული ნაწილების წინააღმდეგ იქამდე სანამ ქართული ტანკი ცეცხლს გაუხსნიდა ყაზარმის თავზე განლაგებულ სადამკვირვებლო პუნქტს. ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები ბრძოლას აწარმოებენ არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ ტანკ-საწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებითაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ჩვენებების მიხედვით, რუს სამშვიდობოებს დაევალათ ყველა ხერხით აღეკვეთათ ქართული სამხედრო ნაწილების წინსვლა. აღნიშნულის შესახებ ინტერნეტ-ბმულები აღარ არის მოქმედი, მაგრამ ისინი შენახულია ცნობილი რუსი დამოუკიდებელი პოლიტოლოგის ა. ილარიონოვის ამ საკითხისადმი მიძღვნილ სტატიაში
საინტერესოა ასევე, აღინიშნოს, რომ რუსი სამშვიდობოების მეორე დანაკლისი მოხდა ბაზის გარეთ. კერძოდ, გენერალ კულახმეტოვის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გაანადგურა რუსების სადამკვირვებლო პუნქტი, მან გასცა ბრძანება ნიქოზის მიმართულებით ქვეითთა საბრძოლო მანქანის გაგზავნისა, ამოცანით სამშვიდობო მანდატის შესაბამისად არ დაეშვათ მხარეთა დაპირისპირება:
ინტენსიური ორმხრივი სროლისა და ცოცხალ ძალაში უკვე არსებული დანაკარგების ფონზე, რუსი სამშვიდობოების სარდლის აღნიშნული ბრძანება მართლაც სასაცილოდ გამოიყურება. ქვედა სურათზე კარგად ჩანს ბაზიდან რა დაშორებაზე იქნა გაგზავნილი შემდგომში განადგურებული რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანები
ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები და ანალიზი მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტს ცხინვალის რეგიონში დაკარგული ჰქონდა მშვიდობისმყოფელთა მანდატი. ისინი წარმოადგენდნენ კონფლიქტის მხარეს და შესაბამისად მოქმედებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. თავისთავად, საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ვერ შეძლებდნენ სტატიაში მოყვანილი ფაქტების სრულყოფილად შესწავლას, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება ვერ ჩატარდებოდა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა და საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება სტატიაში მოყვანილ ფაქტებს და უნდა გააკეთონ მაქსიმუმი ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად