წყარო: ტაბულა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფები ოკუპირებულ აფხაზეთში ოჩამჩირედან ენგურამდე რკინიგზის აღდგენაზე მუშაობენ. სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
„რუსეთის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში ივლისის ბოლოს ჩავიდნენ, რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნით მის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად. ყველა სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რესპუბლიკის [აფხაზეთის] შიგნით სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად მიმდინარეობს" - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დმიტრი ბულგაკოვმა რუსულ სააგენტო რია ნოვოსტისთან საუბრისას.
მისი თქმით, ოჩამჩირესა და ენგურს შორის მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებში 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს. მონაკვეთის სიგრძე 33 კილომეტრია, მესამედი უკვე შემოწმებულია ფეთქებადსაშიში საგნების არსებობაზე, 9 კილომეტრი გასუფთავებულია მცენარეებისგან, აღებულია 1,5 კილომეტრი ძველი უვარგისი ლიანდაგი.
ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოების დასრულება დეკემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც სარკინიგზო ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება.