ავტორი: ლია კერესელიძე
სტატია მომზადებულია ჟურნალ "საარქივო მოამბესთვის"
ქვეყნდება მცირედი შემოკლებით
XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში რუსიფიკაციის მორიგ მცდელობებს ჰქონდა ადგილი. ამჯერად სამიზნე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ისტორია გახლდათ. ეს მოვლენები დაწვრილებითაა აღწერილი ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“, რომელიც დაცულია სსიპ შსს არქივში, ს.ს. #7726-ის მე-18 ტომში. დოკუმენტების სახელწოდებებია: ,,თბილისის უნივერსიტეტის რუსიფიკაციის ცდები“; ,,საქართველოს ისტორიის სწავლება ქართულ სკოლებში“ ,,ნიკოლოზ სამხარაძე ,,საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხისათვის“ (დოკუმენტების სტილი დაცულია).
დოკუმენტი #1
თბილისის უნივერსიტეტის რუსიფიკაციის მცდელობა
,,1975 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის თანამშრომელმა მარიკა პირველმა დაიბარა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე და უთხრა: ამას წინათ რექტორმა დ. ჩხიკვიშვილმა დამავალა გადმოგცეთ, რომ თქვენს ფაკულტეტზე რამდენიმე საგანი რუსულ ენაზე უნდა წაიკითხოთო. მ. ლორთქიფანიძემ დიდად გაიოცა ასეთი წინადადება და აღშფოთება გამოსთქვა. თუ არ გჯერათ, რექტორთან შევიდეთ და თავად გეტყვითო, უთხრა მარიკა პირველმა. რექტორი მოსკოვში აღმოჩნდა წასული (როგორც ჩანს, რუსიფიკაციის ახალი ინსტრუქციების მისაღებად). რექტორმა ჩამოსვლისთანავე დაიბარა პროფ. მ. ლორთქიფანიძე და ჰკითხა, რად მიწყობთო ობსტრუქციას. მაშინ ლორთქიფანიძემ უთხრა: თუ მიგაჩნიათ, რომ სწორი არ ვარ, მოვიწვიოთ დიდი საბჭო და გამოჩენილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა, პროფესორებმა გადაწყვიტონ ეს საკითხიო. ჩხიკვიშვილმა უთხრა: ჭკუაში ნუ მატყუებთო. მე ის კი არ მითქვამს, სწავლა იყოს-მეთქი რუსულად, არამედ ვთქვი, რუსეთიდან მოვიწვიოთ-მეთქი გაცვლის წესით ლექტორები.
ამის შემდეგ ჩხიკვიშვილმა ტაქტიკა შეცვალა და დაიწყო სათითაოდ დაბარება ფაკულტეტის დეკანებისა. 1976 წლის 15 იანვარს დაიბარა ჟიჟიაშვილი (მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი), ლომსაძე (ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი), ჩანტლაძე (პოლიტეკონომიის კათედრის გამგე), ლეკვეიშვილი (იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), სურგულაძე (ისტორიის ფაკულტეტის დეკანი) და განუცხადა მათ, რომ საჭიროა ზოგიერთი საგნის რუსულად წაკითხვა რუსული ენის უკეთ შესასწავლად. სტუდენტები რომ ამთავრებენ უნივერსიტეტს, ენის უცოდინარობის გამო ვერ მიდიან რუსეთში სამუშაოდ. თან ყველა ეს პირები გააფრთხილა: მ. ლორთქიფანიძეს არ შეატყობინოთ, რომ მე დაგიბარეთო ამ საკითხზე.
რუსიფიკაციის ესოდენ დაურიდებელმა ცდამ განცვიფრება გამოიწვია ფაკულტეტის დეკანებსა და პროფესორებს შორის, თუმც ყველას როდი ეყო მოქალაქეობრივი გაბედულება, რომ პროტესტი განეცხადებინა. აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს რექტორის წინადადებას. უმეტესობამ დუმილი არჩია. მხოლოდ ნაწილმა განაცხადა მტკიცე უარი. ასეთები იყვნენ მაგალითად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ო. ბაქანიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მ. ლეკვეიშვილი. ამ უკანასკნელმა მთელი მგზნებარებით დაასაბუთა, რომ რუსულ ენაზე კითხვა ლექციებისა ეროვნულ უნივერსიტეტში დაუშვებელია. მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ჟიჟიაშვილმა განუცხადა რექტორს: სიტყვა ,,ინტეგრალს“ რუსულად ვიტყვი თუ ქართულად, მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ წინააღმდეგი ვარ ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა. პოლიტეკონომიის კათედრის გამგემ, ჩანტლაძემ განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, ეს არ მოხდება, და თუ ენების შესწავლაზე მიდგება საქმე, მე მყავს სპეციალისტები, რომლებიც გერმანულად და ინგლისურადაც წაიკითხავენ ლექციებს. კატეგორიული წინააღმდეგი იყო აგრეთვე ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა ლომსაძე. დათანხმდა მხოლოდ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი ა. სურგულაძე. ეს უკანასკნელი თავისმა მოადგილემ გასცა მარიკა ლორთქიფანიძესთან. მარიკა ლორთქიფანიძე შევიდა რექტორ დ. ჩხიკვიშვილთან და უთხრა: ან მე დავტოვებ უნივერსიტეტს ან თქვენო. ჩხიკვიშვილი ამშვიდებდა: ქ-ნო მარიკა, თქვენს კათედრას არ ეხება, თქვენ რა გაწუხებთო. ამაზე ლორთქიფანიძემ მიუგო: ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხებაო. ჩხიკვიშვილი უკან დახევის გზას დაადგა და დაამშვიდა: კარგი, კარგი, რახან არ გინდათ, შევწყვიტოთ ამაზე საუბარიო.
აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე რუსულად წაიკითხა ლექცია დოცენტმა ტიკაძემ. მეორე დღეს სტუდენტები აღარ მოვიდნენ ლექციაზე. მ. ლორთქიფანიძემ გაიგო ეს და მიმართა ტიკაძეს, რათა აღკვეთილიყო ეს უმსგავსობა. მ. ფუთურიძემ (აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი) დაიბარა დოც. ტიკაძე და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რატომ ჩაიდინე ეს საქციელიო. ტიკაძემ უთხრა: რა ვქნა, პარტკომში დამავალესო (პარტკომია რ. გორდეზიანი).
განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა რექტორი ჩხიკვიშვილი მეცნიერული კომუნიზმის კათედრაზე. ამ კათედრის თანამშრომლებმა ერთხმად განუცხადეს მას პროტესტი ამ რუსიფიკატორული ღონისძიების წინააღმდეგ. მაშინ ჩხიკვიშვილმა შეკრიბა ამ კათედრის თანამშრომლები და უთხრა: რახან არ თანხმდებით, ცენტრალურ კომიტეტში წამოდით და იქ გავარკვიოთო. ცენტრალურ კომიტეტში კი განუცხადეს განცვიფრებულ რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ასეთი მითითება სულაც არ მიუციათ უნივერსიტეტისთვის; რომ ეს ნებაყოფლობითი ამბავია, თუ მოისურვებენ, შეუძლიათ წაიკითხონ რუსულ ენაზე ლექციები და ა. შ. ამის შემდეგ ჩხიკვიშვილმა გაუქმებულად გამოაცხადა თავისი 15 იანვრის დავალება.
ცხადია, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველივე ამით ნიადაგის ზონდირება მოახდინა და რა დაინახა ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობა, ჯერჯერობით უკან დახევის პოლიტიკა არჩია.
თბილისის სახ. უნივერსიტეტმა და ყველა იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა თუ სამეცნიერო-საკვლევმა ინსტიტუტებმა, რომელთაც უფლება აქვთ სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა, უკვე მიიღეს სსრკ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 29 დეკემბრის ,,Постановление №1067 о положении и порядке присуждения ученых степеней и присвоения ученых званий“, რომელსაც ხელს აწერს სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ა. კოსიგინი და სსრკ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი მ. სმირტიუკოვი.
ახალი დებულების მიხედვით აიკრძალა სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად დისერტაციების შედგენა მშობლიურ ენაზე, ის აუცილებლად შედგენილი უნდა იყოს რუსულ ენაზე. რუსულ ენაზე უნდა იქნეს აგრეთვე დაბეჭდილი წინასწარ გამოქვეყნებული დისერტაციის ძირითადი დებულებანი და რუსულ ენაზევე უნდა ჩატარდეს დისერტაციების დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო მაძიებელს ნებას დართავს დაცვის დროს ილაპარაკოს მისი რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე, ანუ მშობლიურ ენაზე...
რამდენიმე თვის წინათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტებს გამოეცხადათ სსრკ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მინისტრის განკარგულება იმის შესახებ, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები რომელ საგანშიც არ უნდა იყოს, თუნდაც მშობლიური ენის, ისტორიის, ლიტერატურის, _ უნდა დაიწეროს მხოლოდ რუსულ ენაზე და ამ განკარგულების ძალით თბილისის სტამბებიდან მოხსნეს ქართულ ენაზე დაწერილი ყველა სახელმძღვანელო, რომელიც სტამბაში იყო ჩაშვებული დასაბეჭდად. ე. ი. საქართველოს ისტორია, ქართული ენა, ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია ამიერიდან უნდა დაიწეროს რუსულ ენაზე...“
დოკუმენტი #2
საქართველოს ისტორიის სწავლება ქართულ სკოლებში
,,როგორც ცნობილია, 1957-58 წლებში მოსკოვმა დასვა საკითხი ნაციონალურ რესპუბლიკათა სკოლებში ეროვნული ისტორიის ცალკე საგნად სწავლების გაუქმებისათვის. ეროვნული ისტორია უნდა ესწავლებინათ სსრკ-ს ისტორიასთან ერთად, ფაქტიურად რუსეთის ისტორიას რომ წარმოადგენს, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. ასე რომ, ცხრილში, ჟურნალსა თუ დიპლომში აღარ აღინიშნებოდა საქართველოს ისტორია.
ამჟამად საქართველოს ისტორიას განკუთვნილი აქვს 65 საათი და მას ასწავლიან მაღალ კლასებში ოთხი წლის განმავლობაში სსრკ-ის ისტორიასთან ერთად.
განაწილება საათებისა კლასების მიხედვით ასეთია: VII კლასში საქართველოს ისტორიას ეთმობა 35 საათი, ერთიანი ოდენობის ნახევარზე მეტი და მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. (ამავე კლასში სსრკ-ს ისტორიას ეთმობა 70 საათი). VIII, IX და X კლასებისათვის რჩება მარტოოდენ ათ-ათი საათი და ამ სამი წლის მანძილზე სწავლობენ მხოლოდ XIX-XX საუკუნეების პერიოდს. აღსანიშნავია, რომ 1957-58 წლებამდე ამ პერიოდის საქართველოს ისტორიას სკოლებში საერთოდ არ ასწავლიდნენ. მაშინ საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლებოდა საკმაოდ კარგად შედგენილი სახელმძღვანელოთი (ავტორები: ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია). ამ სახელმძღვანელოთი ძირითადად ორი წლის მანძილზე, IX-X კლასებში ასწავლიდნენ და იგი მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. თითოეული კლასისათვის 1948-1952 წლებში განკუთვნილი 66-66 წლიური საათი: სულ 132 საათი, ხოლო 1953-1958 წლებისათვის საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს ეთმობოდა 99 საათი (IX კლ. _ 49 საათი, X კლ. _ 50 საათი), მაშინ, როდესაც ამჟამად ამ ძირეულ და უვრცელეს პერიოდს საქართველოს ისტორიისას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეთმობა მხოლოდ 35 საათი. გარდა ამისა, IV კლასში არის უფლება სსრკ-ს ისტორიის რთულად შედგენილი მასალებიდან, რომელიც 70 საათს მოიცავს, 15 საათი დაეთმოს საქართველოს ისტორიას. თანაც ამ სახელმძღვანელოს კურსი იქეთკენაა წარმართული, რომ მისი 2/3 დაეთმოს საბჭოთა პერიოდს, ხოლო 1/3 ვეებერთელა რევოლუციამდელ პერიოდს. სასკოლო განათლების მესვეურებში არსებობს აზრი, რომ ფეოდალური პერიოდის ისტორია, მეფეთა და გარდასული დროის გმირთა ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის, რომ ეს ხელს უშლის მარქსისტულ-ინტერნაციონალური სულისკვეთებით ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. ამ აზრებს მოსკოვის კარნახითა თუ საკუთარი ინიციატივით განსაკუთრებით ნერგავდა ამ ბოლო ხანებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ამრიგად, ბალანსი სსრკ-ს (იმავე რუსეთის) და საქართველოს ისტორიის სწავლებას შორის თითოეულ კლასში ამგვარია: სსრკ-ს ისტორია 105 სთ. _ საქართველოს ისტორია დაახლოებით 15 საათი. თუკი პეტრე დიდის პერიოდს ხმარდება 8 საათი, ივანე III-ისას და IV-ისას ერთად 10 სთ, დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს ცალ-ცალკე თითო საათი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს, სომხეთისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ისტორიის სასწავლო საათების შემცირებითა და სსრკ-ს ისტორიასთან მისი შერწყმულად სწავლებით. უკრაინა სდუმს, რადგან რუსეთის ისტორია კიევის რუსეთით იწყება. უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები გარდა ტაჯიკეთისა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია გააჩნია.
სკოლის პედაგოგ-ისტორიკოსთა ერთ-ერთ საკავშირო სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელმა დაასაბუთა საქართველოს ისტორიის შერწყმულად სწავლების უხერხულობა სსრკ-ს ისტორიასთან, ვინაიდან საქართველოს ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პერიოდში იღებს დასაბამს, მაშინ როდესაც რუსეთის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. „მაშ ამოვშალოთ მასალა IX საუკუნემდე“, გამოსთქვა თავისი „კომპეტენტური“ აზრი ერთ-ერთმა მოსკოველმა თანამდებობის პირმა განათლების სფეროში. ასეთი რამ თვით შოვინისტ პურიშკევიჩებსაც კი არ განუცხადებიათ.
ისტორიის სწავლების ახალი მეთოდი თითქოს მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის ეროვნებებში „ნაციონალიზმის გაქარწყლებას“ და „ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებას ინტერნაციონალური სულისკვეთებით“. სინამდვილეში კი სსრკ-ს ისტორიის სახელწოდებით იგი ფაქტიურად რუსეთის ისტორიას გვთავაზობს და ამით ავლენს რუსეთის „ობიექტურ მიდგომას სხვა ეროვნებათა ისტორიებისადმი.“
დოკუმენტი #3
ნიკოლოზ სამხარაძე
,,საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხისათვის“
,,ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ გ. ჯიბლაძის ინფორმაცია საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამიდან საქართველოს ისტორიის ამოღებისთვის. მინისტრმა აღნიშნა: ,,საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, შედგენილი ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის და ს. ჯანაშიას ავტორობით მეტად ვრცელ მასალას მოიცავს. ამის გამო ამ სახელმძღვანელოთი სწავლება დიდაქტიკურად გაუმართლებელია და ხელმძღვანელ წრეებში იშვა შემდეგი მოსაზრება: ვიდრე ახალი სახელმძღვანელო შედგებოდეს, საქართველოს ისტორიას საშუალო სკოლებში ახალგაზრდობა შეისწავლის სსრ კავშირის ისტორიის არსებული სახელმძღვანელოებით.“
შემდეგ თქვენ მოისმინეთ პედაგოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიის მეთოდური კაბინეტის გამგის, ლ. ციხისთავის სიტყვა. იგი მთლიანად მიეძღვნა დასაბუთებას, რომ ფართე მოცულობის გამო არსებული სახელმძღვანელოთი საქართველოს ისტორიის სწავლება გაუმართლებელია, ,,...შემომაქვს წინადადება, ახალი სახელმძღვანელოს შედგენამდე სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნას საქართველოს ისტორიის სწავლება.“ შემდეგ იგი დასძენს: ,,საქართველოს ისტორიას ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა სსრ კავშირის არსებული სახელმძღვანელოებით შეისწავლის.“
...ინფორმაცია, რომელიც აქ მოვისმინეთ, გამოწვეულია არა იმით, რომ არსებული სახელმძღვანელოთი სწავლება მართლაც გაუმართლებელია, არამედ სულ სხვა განზრახვითა და მიზეზით. პარტიისა და მთავრობის მმართველ ზედა ფენაში თავი იჩინა ველიკორუსულმა დიდმპყრობელურმა შოვინიზმმა. ველიკორუსთა ეს მმართველი ფენა ცდილობს საბჭოთა კავშირში შემავალ მცირე ერებს, სამოცზე მეტი ნაციონალობისაგან შემდგარსა და მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემცველს, წაართვას საკუთარი თვითშეგნება და მოახდინოს მათი ასიმილაცია...
მილიონები იმიტომ როდი ღვრიდნენ სისხლს, რომ სულ მალე წაართმევდნენ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ თუ სოციალურ თავისუფლებას, მათ შვილებსა და შვილიშვილებს მამა-პაპათა ისტორიის შესწავლასა და თავისუფალ აზროვნებას აუკრძალავდნენ. დღეს ასე ისმის საკითხი: უარყოფა, ხელის აღება ჩვენთა წინაპართა სახელოვანი წარსულის ხსოვნისა, ეს ნიშნავს აწმყოში და მომავალშიც ბრმად მივდიოთ და მივყვეთ მბრძანებლის ნებას, შევეთვისოთ და შევესისხლხორცოთ მას...
ქართველმა ხალხმა თავის ისტორიას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასეულ წლებში ჩაუყარა. შექმნა რა დამოუკიდებელი ანბანი და დამწერლობა, საკაცობრიო ისტორიის ფურცლებზე მან ბევრი საინტერესო და სასახელო საქმე ჩაწერა.
...ერის თვითგამორკვევა შეუძლებელია ისტორიული წარსულის შესწავლის, დამოუკიდებელი სუვერენული უფლების განხორციელების გარეშე. ქართველი ხედავს, რომ არსებობს ეროვნული სახელმწიფო ხელისუფლების იერარქია (წყობა). გარეგნულად ქართველი ხალხი თითქო თავად განაგებს საკუთარ თავს და თავის ბედის ბატონ-პატრონია, მაგრამ არსი სინამდვილისა მეტად მწვავეა და მტკივნეული... ნამდვილად არსებობს ეროვნული სახელმწიფოს მექანიზმი, მაგრამ ამ მექანიზმს არ გააჩნია ცხოველმყოფელი თვითმოქმედი ეროვნული სული. ეს ეროვნული სული ქართველ ხალხს რუსმა დამპყრობელმა გამოაცალა 1801 წელს. წარმოიდგინეთ სხეული უსულოდ საუკუნეთა მანძილზე, მუმიად ქცეული, მუზეუმში მისვენებული სანახაობა.
წარსულში მეფის რუსეთი დაუფარავად და დაჟინებით ახორციელებდა დაპყრობილი ხალხების შთანთქმასა და ასიმილაციას. ქართველი ხალხის მოწინავე შვილები დროდადრო ხმას იმაღლებდნენ და ებრძოდნენ მტერს...
ილია ამბობს: ,,ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავის წარსულისა, თავის ყოვლის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოვლის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნიდან, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედის. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა...“
დღეს მტერი უმიზნებს და სპობს ეროვნული ყოფადობის დასაყრდენს. ველიკორუსმა კარგად იცის, რომ ქართველი ახალგაზრდობა, აღზრდილი თავის წინაპართა გმირულ ისტორიაზე, თავისი ერისადმი მაღალი გრძნობითა და სიყვარულით განიმსჭვალება. ერის სულის შესწავლით ახალი თაობა ადვილად გამოიცნობს მტერსა და მოყვარეს. თავის წინაპართა ღვაწლს სხვა ხალხების ნამოღვაწარს შეადარებს, რაც მისცემს გაგების უნარს: ვინ ვიყავით, რა ვართ და ხვალისთვის რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ავმაღლდეთ და უზრუნველვყოთ ეროვნული ყოფადობა.
ველიკორუსი, შენიღბული და ინტერნაციონალიზმს ამოფარებული, ყოველგვარი ეროვნულ-სოციალური საღი აზრის ჩაკვლას ლამობს. იგი თანდათანობით და დაჟინებით ანხორციელებს დამორჩილებული ერების ასიმილაციას, გარუსებას. ამას დღევანდელი დღე და ჩვენი არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ადასტურებს.
ველიკორუსს პირველი იერიში განვითარებულ ერებზე მიაქვს, რომელთაც მაღალი კულტურა და ხანგრძლივი ისტორიული წარსული გააჩნიათ. ქართველ ხალხზე დაწოლა მრავალმხრივია; გაზრდილი მიგრაცია, არაქართველისთვის უპირატესობის მინიჭება, ბინებისა და სამსახურის მიცემა ინტერნაციონალიზმის სარჩულით. ქართველთა დაწინაურებული მმართველი ფენა და ინტელიგენციის ოლიგარქია ხელს უწყობს ველიკორუსს ქართველი ხალხის ასიმილაციის საქმეში... ვისაც გაგება და გული შერჩენია, მთელი სიმწვავით განიცდის ამ მდგომარეობას, იარას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ვაი, ჩვენი ბრალი: სურვილების გამომჟღავნება და მკურნალობა აკრძალული გვაქვს...
მინისტრი გ. ჯიბლაძე და ლ. ციხისთავი მოქმედებენ არა საკუთარი სურვილითა და გონებით, არამედ მბრძანებლის მითითებით. ისინი გვარწმუნებენ, რომ უკეთესია საქართველოს ახალმა თაობამ თავის წინაპართა ოცდაათსაუკუნოვანი ისტორია სსრ კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოთი შეისწავლოს, სადაც ქართველი ხალხის ვრცელ ისტორიას დათმობილი აქვს 10 ფურცელი.
სსრ კავშირის სამი წიგნი ფაქტიურად რუსი ხალხის ისტორიაა და არა საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხებისა, რადგან სამოცდაათ ხალხს ამ წიგნებში დათმობილი აქვს წიგნის მოცულობის 5%, 95% კი რუს ხალხზე მოდის. თქვენ ხედავთ, თუ როგორი ფარდობაა რუს ხალხსა და სხვა ხალხებს შორის. იგივე ითქმის ცენტრალური მართვის სისტემაზე. ასეთია ველიკორუსის გაგებით თანასწორობა და ერთობა.
ქართველი ხალხის ისტორია თავისი წარსულითა და შინაარსით, მოცულობითაც აღემატება რუსეთისას. ქართველებს რუსეთზე ათასი წლით ადრე ჰქონდათ ცივილიზაცია, სახელმწიფო წყობა და დამწერლობა. ქართველები რომ წიგნებს წერდნენ, რუსები მინდორ-ველად დაეხეტებოდნენ, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. როდესაც ჩვენში ,,ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსთა ზედა ფენაში ანბანს ძლივს კითხულობდნენ.
ქართველი ხალხი და მისი ინტელიგენცია ვერ შეურიგდება იმ ფაქტს, რომ ქართველ ახალ თაობას თავის წინაპართა ისტორიის შესწავლის უფლება წაართვას... აქვე უნდა დავსძინო: საქართველოს ისტორიას სასწავლო გეგმით კვირაში ერთი საათი აქვს დათმობილი, რაც დიდაქტიკურად გაუმართლებელია. შემომაქვს წინადადება: ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ისტორიის შესწავლას კვირაში ორი საათი დაეთმოს.“