წყარო: interpressnews.ge
რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში აღარ იქნება, ის 29 ოქტომბერს საბჭოს შემადგენლობის არჩევნებში აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში დამარცხდა. როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, კენჭისყრის ჩატარებამდე 80-ზე მეტმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რუსეთს ხმა არ მისცენ, რადგან მოსკოვი სირიის რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს. Human Rights Watch-ი აცხადებდა, რომ რუსეთის ხელახლა არჩევა საბჭოს მუშაობას შეაფერხებს.
ფარული კენჭისყრის შედეგად, უნგრეთმა და ხორვატიამ 114-114 ხმა მიიღეს, ხოლო რუსეთმა - 112. 2006 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევნები წააგო.
ფარული კენჭისყრით არჩეული 14 წევრი ქვეყანა უფლებამოსილებას 2017-2019 წლებში შეასრულებს. ხორვატიასთან და უნგრეთთან ერთად, საბჭოში აირჩიეს ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, საუდის არაბეთი, ტუნისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ და იაპონია.