ავტორი: ლუკა ჩიტიანი
რედაქტორი: ნინო გოზალიშვილი
24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, თავიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანია, როგორც ციფრულ, ისე სატელევიზიო და ფიზიკურ სივრცეში. რუსული პროპაგანდის, ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი სიმბოლიკის გამოყენებაა. გარდა “Z”; „V” და სხვა სიმბოლური მანიშნებლებისა, უკრაინაში აგრესიის განმავლობაში აქტიურადაა გამოყენებული საბჭოთა სიმბოლიკაც.
რუსული ჯავშანტექნიკა საბჭოთა სიმბოლიკით
წყარო: https://bit.ly/3bI14aC
წყარო: https://bit.ly/3dltfNc
საბჭოთა სიმბოლიკა რუსეთში
საინტერესოა, რომ ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთში საბჭოთა წარსული ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიება. ლევადა ჯგუფის კვლევის თანახმად, რუსი მოსახლეობის 75 პროცენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა ეპოქა საუკეთესო იყო.
გარდა ამისა, რუსეთში აქტიურადაა გამოყენებული საბჭოთა გადმონაშთები მაგალითად, „რუსი სტუდენტების დანაყოფების“ შექმნა; „ზამპოლიტების“ თანამდებობის დამკვიდრება ჯარში; რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნში უცვლელადაა შენარჩუნებული საბჭოთა ჰიმნის მელოდია; ასევე უცვლელადაა შემორჩენილი დასახლებული პუნქტებისა და ქუჩების სახელები, (მაგ: ოქტომბრის ქუჩა, ლენინის გამზირი, რევოლუციის მოედანი...); გარდა ამისა, კულტურასა და სპორტში, ხშირად ჩნდება საბჭოთა სიმბოლოები. მაგალითისთვის, რუსული ჰოკეის გუნდი აქტიურად აიდენტიფიცირებს თავს წითელ ფერთან, რაც ასოციაციას ქმნის „წითელ მანქანასთან“ (საბჭოთა კავშირის ჰოკეის გუნდის მეტსახელი იყო). საინტერესოა ისიც, რომ საბჭოთა ლიდერების, მაგალითად სტალინის, ძეგლების აღმართვა და გახსნა აქტიურად გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - მაგალითად, 2005 წლის შემდეგ, მხოლოდ მოსკოვში სტალინის სულ მცირე ოთხი ძეგლი დაიდგა.
სტალინის ბიუსტის გახსნა 2019 წელს ნოვოსიბირსკში.
წყარო: https://bit.ly/3QhKDAQ
„როსკოსმოსმა“ 7 მაისს, საკუთარი ლოგო დროებით წითელი ვარსკვლავით ჩაანაცვლა. მათი განცხადებით, ამის მიზეზი რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერა და საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსურ სფეროში მიღწეული წარმატებების დაფასება იყო.
საბჭოთა სიმბოლიკა რუსეთ-უკრაინის ომში
რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობაში არ შეინიშნება აშკარა წინააღმდეგობა საბჭოთა სიმბოლიკასთან და ხშირად პირიქით. უფრო მეტიც, თუ დავაკვირდებით პოლიტიკაში, სპორტსა და სხვა აქტივობებში მათ ეფექტურ გამოყენებას, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობაში ეს დადებით ასოციაციებსაც კი იწვევს. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, რუსეთის არმიის მიერ ამ სიმბოლოების გამოყენება. ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ხშირად ვრცელდება უკრაინის ტერიტორიზე შეჭრილი რუსული ჯარის მიერ საკუთარ ჯავშანტექნიკაზე საბჭოთა კავშირის დროშების, სიმბოლოების და საბჭოთა ლიდერების გამოსახულებების დატანის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები.
არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული დროშებისა და სიმბოლოების გამოყენება ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა არსებობს საბჭოთა სიმბოლიკის უფრო მასშტაბური გამოყენების შემთხვევებიც, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც.
მაგალითად, რუსულ პროპაგანდაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ე.წ. „ბებიას საბჭოთა დროშით“.
”ბებია საბჭოთა დროშით” - ფოტო და ნახატი
წყარო: https://bit.ly/3dofHAg
ამ ისტორიის თანახმად, უკრაინაში ორ მოხუც უკრაინელს, უკრაინელი ჯარისკაცები რუსებში აერია. ისინი დიდი სიხარულით შეხვდნენ მათ და საბჭოთა დროშის ფრიალით აცნობეს, რომ მათ ელოდნენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი ქალს დროშა გამოართვეს, ტალახში ჩააგდეს და ფეხით შესდგნენ მას. მოხუცი ქალის რეაქცია დიდი რუსეთში პოლიტიკურ სიმბოლოდ გადაიქცა: მას ლექსები, ფერწერული ნაშრომები და სხვა ნაწარმოებები მიუძღვნეს.
რასაკვირველია, რუსულმა პროპაგანდამ მაშინვე აიტაცა აღნიშნული ისტორია, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. სხვადასხვა ქალაქში გაკეთდა ამ მოვლენის ამსახველი გრაფიტი. 2022 წლის 9 მაისისთვის დაიგეგმა ამ ქალბატონის სკულპტურების განთავსება რუსეთის ქალაქებში. ხოლო ამ დღის აღსანიშნავ აღლუმზე ჯავშანტექნიკამ წითელი დროშებით გაიარა.
“ბებია საბჭოთა დროშით” ქანდაკება და გრაფიტი
წყარო: https://bit.ly/3SHK592
წყარო: https://bit.ly/3zEf3Gw
მსგავსი მონუმენტი, რამდენიმე დღით ადრე, ოთხ მაისს ასევე გაიხსნა ქალაქ მარიუპოლში, ხოლო აღნიშნულ ღონისძიებაზე, რუსეთის ფედერაციის მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის”, გენერალურმა მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა, წარმოთქვა სიტყვები, რომლის თანახმადაც: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარები, მათი ბაბუებისა და მამის თაობების მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებენ. მისი თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი ნაციზმისგან თავისუფალი სამყაროს შექმნაა. ხოლო ამ ქალბატონს, ბებია ანიას „მთელი დონბასისა და რუსეთის ბებია“ უწოდა. ამრიგად,რუსეთის აგრესული შეჭრა უკრაინაში წარმოჩინდა, როგორც ისტორიის უწყვეტი მომენტი და ისტორიული მისიის განუყოფელი ნაწილი - ნარატივი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის გამოსვლაში წარუდგინა მსმენელებს.
ამავე დროს, რუსეთის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ ერთეულებში გაზრდილია საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, აქტიურად მიმდინარეობს ლენინის ძეგლების აღდგენა. აღნიშნული ტენდენცია შეიძლება მიეწეროს იმას, რომ ვლადიმირ პუტინმა სწორედ უკრაინის “ნაცისტებისგან” გაწმენდა დაასახელა, მისი ინტერპრეტაციით, ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარების მიზნად. ნაცისტებზე გამარჯვება კი რუსული პროპაგანდის თანახმად, ძირითადად საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, რაშიც დასავლეთს გადამწყვეტი როლი არ შეუსრულებია. ამრიგად, რუსული ნარატივი უკრაინაში აგრესიული შეჭრის ფონზე, თავისსავე ისტორიულ ლოგიკას აგრძელებს.
შედარებით უფრო პოპულარულ სიმბოლოებს, მაგალითად ასო “Z-ს“ თავისთავად არ გააჩნია საბჭოთა დატვირთვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს სიმბოლო შეიძლება ინტერპრეტირებული იქნეს, როგორც „გამარჯვებისთვის; მშვიდობისთვის; სიმართლისთვის; დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.“ თუმცა, ამ სიმბოლოს სახალხოდ გამოყენებისას არის ერთი ნიუანსი, რომელიც მას საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ესაა სიმბოლოს გამოსახვისას გამოყენებული ფერები - სტაფილოსფერი და შავი.
რუსეთის ჯარის სიმბოლური ასოები, გამოსახული წმინდა გიორგის ლენტის ფერებში.
წყარო: https://bit.ly/3p7AiLV
წყარო: https://nyti.ms/3zH1O7Y
აღნიშნული ფერის ხაზები გამოყენებული იყო წმინდა გიორგის სახელობის ორდენის ლენტზე. იგი სათავეს მეფის რუსეთიდან იღებს, 1769 წელს. იგი უმაღლესი სამხედრო ჯილდო იყო, რომლის მიღებაც ოფიცერს შეეძლო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, აღნიშნული სიმბოლიკის გამოყენება შეწყდა და გარკვეული ხნის განმავლობაში მენშევიკებიც კი იყენებდნენ სამოქალაქო ომის პერიოდში. ამის შემდეგ, ეს ფერები ფაქტობრივად არსად არ გვხვდება 1945 წლამდე, როდესაც აღნიშნული ფერები გამოიყენეს „გერმანიაზე გამარჯვების“ მედლისთვის. აღნიშნული ჯილდო მეორე მსოფლიო ომის თითქმის ყველა ვეტერანს გადაეცა, ნაციზმის დამარცხებაში შეტანილი წვილილისთვის. ამრიგად, ფერების, ისევე როგორც ლენტის, ისტორიული დატვირთვა პირდაპირ ეხმიანება ნაციზმზე გამარჯვების კოლექტიურ მეხსიერებას და კიდევ ერთხელ, რუსული ნარატივის ისტორიული ლოგიკის გამყარებას ემსახურება.
უკვე აშკარა ხდება, რომ რუსეთის მიერ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება სცდება ჯარისკაცების მიერ ინდივიდუალურად მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქმე გვაქვს უფრო მასშტაბურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან, რომლის მიზანიც რუსეთის ანტი-ფაშისტურ ძალად წარმოჩენა და მოსახლეობაში ერთიანობის განცდის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეგვიძლია როგორც საგარეო, ისე შიდაპოლიტიკურ მიზნად მოვიაზროთ.
პროპაგანდის აქტიური კამპანიის შედეგად, ასო Z, მალევე იქცა რუსული აგრესიის სიმბოლოდ. რუსეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუდმივად ჰქონდა პრობლემა, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდენტობა. მოსახლეობის შედარებით ასაკობრივ სეგმენტში კი, მაგალითად 45-50 წელს გადაცილებულ ნაწილში, ახალი სიმბოლოს დამკვიდრება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ პუტინის რეჟიმის საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. ამ აზრს რამდენიმე არგუმენტი ამყარებს. პირველი, რასაკვირველია, არის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საბჭოთა სიმბოლიკა აქტიურადაა ინტეგრირებული ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამონაკლისი არც უკრაინაში მიმდინარე ომია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოწყობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ფაქტორია პუტინის პირადი შეხედულებები. ის, როგორც ყოფილი KGB-ს აგენტი მეტად მტკივნეულად აღიქვამს საბჭოთა კავშირის დაშლას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პუტინის შეხედულებით, საბჭოთა კავშირის ჩამოშლამ, რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. მისი, წარსულისა და ხედვების გათვალისწინებით, მოსაზრება, რომ პუტინის საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა, აზრს მოკლებული სულაც არაა.
დასკვნა
ამგვარად, სისტემურ ინსტრუმენტალიზაციაზე დაკვირვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის მთავრობა, სულაც არ ერიდება საბჭოთა კავშირის სიმბოლიკის ღიად გამოყენებას ომის პერიოდში. ნაცვლად ამისა, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის სიმბოლოები მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ისტორიული ნარატივის ლეგიტიმაციისთვის, რომელსაც მიმდინარე ომის ამხსნელ საბაბად იყენებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. დაწყებული აშკარად აღქმადი პროპაგანდისტული ნარატივებით, როგორიცაა „ბებია საბჭოთა დროშით“, დამთავრებული შედარებით ნაკლებად შესამჩნევი ნიუანსებით, როგორიც წმინდა გიორგის ლენტის ფერებია, რუსული ნარატივი ისტორიის უწყვეტობის დამტკიცებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ომის მიმდინარეობასთან ერთად, რუსეთი უფრო და უფრო აქტიურად იყენებს საბჭოთა სიმბოლიკას. ამის მიზეზი კი, ნაწილობრივ ეროვნული იდენტობის გამყარება და მოსახლეობის სიმბოლოების გარშემო გაერთიანება და მეორეს მხრივ, მიმდინარე გაუმართლებელ ომში, გამამართლებელი ნარატივის ძიებაა.