თამაზ მეჭიაურმა დუმის დეპუტატს ოკუპირებულ ხაზთან არსებული სოფლები დაათვალიერებინა

27 ივლისი 2016 Shadow

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები დაათვალიერებინა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მეჭიაურმა დუმის დეპუტატები, მოსკოვში ვიზიტის დროს, დაპატიჟა.

მეჭიაური რუს დეპუტატთან ერთად გუშინ მეჯვრისხევსა და ჯარიაშენს ესტუმრა. საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

,,მე ვთხოვე, (სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს) მოვიდეს და გაეცნოს კონფლიქტის ზონაში მოსახლეობას, შეხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. პარლამენტარები შედარებით თავისუფალი ადამიანები არიან, მათ პოლიტიკურ განცხადებებს მიმდინარე პროცესებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია", - განაცხადა მეჭიაურმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარი თამაზ მეჭიაური რუსეთის დუმის დეპუტატთან იგორ მოროზოვთან ერთად რესტორან ,,ნაჭარმაგევში" იმყოფებოდა, აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესტორანში მყოფებმა მიაწოდეს.

12

თვითმხილველის ინფორმაციით, რუს და ქართველ დეპუტატთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა მომღერალი ჯემალ სეფიაშვილიც, რომელმაც დარბაზში მყოფებს ასე მიმართა:
„დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმას, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბატონი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი-იგორ მოროზოვი  უმშვენებს, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვს. აბა, ვის გჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ?! „

რაზე პასუხადაც თვითმხილველისაგან -„არავის გვჯერა“ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ქართველი პარლამენტარი რუს დეპუტატთან ერთად სამომავლო გეგმებზე მსჯელობდა, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონში, სოფელ კირბალში მცხოვრები ზაქარია თაყაძე ოკუპირებულ ზოლთან ცემეს. დაზარალებული საქონელს მწყემსავდა, როცა მას რუსმა სამხედროებმა დაკავება დაუპირეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.