პუტინის პოლიტიკის გამტარებლები კვლევითი ორგანიზაციის ნიღბის ქვეშ

28 აპრილი 2017 Shadow

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გასულ კვირას კრემლის მიერ მართული კვლევითი ორგანიზაციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მას აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანონიმური წყაროები აშშ-ის არჩევნებში პუტინის პოლიტიკის გამტარებლად მოიხსენიებენ.

ორგანიზაციის „სტრატეგიული კვლევების რუსული ინსტიტუტი“ ოფიციალური მიზანი პოლიტიკის დოკუმენტებისა და ანალიტიკური ნაშრომების მომზადებაა. თუმცა, დასავლეთში მას ხშირად ადანაშაულებენ პრო-რუსული პროპაგანდის გავრცელებაში. მაგალითად, მის როლს ხედავენ შვედეთსა და მონტენეგროში ანტი-ჩრდილო ატლანტიკური გამოსვლების პროვოცირებაში.

ასევე, სწორედ  ამ ორგანიზაციას უკავშირდება დასავლეთის ქვეყნებში ანტი-რუსული განწყობების კვლევა და შედეგების მიხედვით რეიტინგის გამოქვეყნება.

ინსტიტუტის ყოფილი და ამჟამინდელი დირექტორიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ორგანიზაციის მიმართ არსებულ ეჭვებს.

 

Damoukidebloba.com გთავაზობთ „როიტერსის“ სტატიის თარგმანს.

 

აშშ-ის სამმა მოქმედმა და ოთხმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, კრემლის მიერ დაგეგმილი აქტივობების უკან რუსეთის მთავრობის Think-Tank (კვლევითი ორგანიზაცია) ორგანიზაცია - „სტრატეგიული კვლევების რუსული ინსტიტუტი“ იდგა.

მათი თქმით, ორგანიზაციას ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს და ინსტიტუტმა სწორედ მისი დაკვეთით შეიმუშავა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთისთვის მეტად სასურველი კანდიდატის გამარჯვებას და საარჩევნო სისტემის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის შერყევას.

ანონიმური წყაროები კვლევითი ორგანიზაციის ორ კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით საუბრობენ. „როიტერსთან“ საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა ნოემბრის არჩევნებში ჩარევაში.

პირველი დოკუმენტი, 2016 წლის ივნისში რუსეთის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი შექმნილი სტრატეგიული ნარკვევია და სოციალური ქსელებისა და რუსული გლობალური საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, კრემლს პროპაგანდისტული კამპანიის წამოწყების რეკომენდაციას უწევდა. კონკრეტულად კი, ოფიციალურ მოსკოვს ამერიკელი ამომრჩევლების წახალისებას ურჩევდა, რათა მათ აერჩიათ პრეზიდენტი, რომელიც მეტად რბილ პოლიტიკას გაატარებდა რუსეთის მიმართ, ვიდრე იმდროინდელი პრეზიდენტის - ბარაკ ობამას ადმინისტრაცია.  

მეორე დოკუმენტი უკვე ოქტომბერშია შემუშავებული და იმავე ნარატივს იმეორებს, თუმცა დამატებით, მთავრობას აფრთხილებდა, რომ სავარაუდოდ, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი - ჰილარი კლინტონი მოიგებდა არჩევნებს. ამიტომ, კრემლს ურჩევდნენ, ტრამპის მხარდამჭერი პროპაგანდის ნაცვლად, აქცენტი კლინტონის რეპუტაციის შერყევაზე, ამომრჩეველთა მოტყუებასა და აშშ-ის საარჩევნო სისტემის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე გაეკეთებინა.   

ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები ანონიმურად საუბრობენ, რადგან ხსენებული დოკუმენტები გასაიდუმლოებულია აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურების მიერ. ასევე, მათ დოკუმენტების მოპოვების გზებზე საუბარზეც უარი განაცხადეს.

სწორედ ამ დოკუმენტებს უკავიათ ცენტრალური როლი ობამას ადმინისტრაციის დასკვნაში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა პროპაგანდისა და კიბერ თავდასხმების საშუალებით  გავლენა მოახდინა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიაზე.

„პუტინს მთელი ამ დროის განმავლობაში გონებაში ჰქონდა ეს მიზანი, ინსტიტუტს კი სთხოვა, მისთვის საორიენტაციო რუკა დაეხაზათ.“- ამბობს აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

პროპაგანდისტული კამპანიის უმაღლეს დონეზე წარმართვისთვის, კრემლმა ინსტრუქტაჟი ჩაუტარა მთავრობასთან აფილირებულ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, საერთაშორისო პლატფორმა “Russia today”-ს და „სპუტნიკს“.  „Russia Today”-ს წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულ საკითხზე. „სპუტნიკის“ პრესსპიკერმა კი ყოველივეს ტყუილი და ცილისწამება უწოდა.

პრო-რუსული ბლოგერები

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნის მიხედვით, “Russia Today” და სპუტნიკი კლინტონის რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობდნენ, პარალელურად კი, პრო-რუსული ბლოგერები ტვიტერ კამპანიას ამზადებდნენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდნენ კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების სამართლიანობას.

ყველაზე პოპულარული ვიდეო, რომელიც Russia Today-მ გაავრცელა, კლინტონს ტყუილში ადანაშაულებდა. „კლინტონის ქველმოქმედების 100% 2015 წელს.... თავად მას დაუბრუნდა“. იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ვიდეომ ჯამში 9 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა სოციალურ მედიაში.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „Russia Today“ და „სპუტნიკი“ გამუდმებით ცდილობდნენ, ტრამპი  ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ არასამართლიანად გაშუქებულ პირად წარმოეჩინათ.   

კიბერ თავდასხმები

ანონიმური წყაროების თქმით, რუსული ინსტიტუტის არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას დემოკრატიული პარტიის ელ-ფოსტის გატეხვასთან დაკავშირებით. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ეს კრემლისგან დამოუკიდებლად ორგანიზებული ოპერაცია იყო.  

თუმცა, საბოლოოდ, აშკარა პროპაგანდამ და ფარულმა ჰაკერულმა მცდელობებმა გაამაგრეს ერთმანეთი. „Russia Today“-მ და „Sputnik“-მა ხელი შეუწყვეს ამ მეილების გავრცელებას, რომელიც ხშირად პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავდა.

ხუთმა ოფიციალურმა პირმა ინსტიტუტი დაახასიათა, როგორც კრემლის საგარეო პოლიტიკის გამტარებელი კვლევითი ორგანიზაცია .

ზემოთ აღნიშნული ორი დოკუმენტის შექმნის პროცესში ინსტიტუტის დირექტორი ლეონიდ რეშეტნიკოვი იყო, რომელმაც, ინსტიტუტის ვებ-საიტის მიხედვით, ლეიტენანტ გენერლის თანამდებობა მიიღო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობის 33 წლიანი სტაჟის შემდეგ. მის შემცვლელად კი პუტინმა მიხაილ ფრედკოვი დაასახელა, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი იყო 2007 წლიდან 2016 წლამდე.  

31 იანვარს, პუტინის ოფისისა და ინსტიტუტის ვებ-საიტზე რეშეტნიკოვისა და მისი შემცვლელის ფრადკოვის პუტინთან შეხვედრის ფოტო გამოქვეყნდა. პუტინმა მადლობა გადაუხადა რეშეტნიკოვს გაწეული სამსახურისთვის, ფრადკოვს კი განუცხადა, რომ მას სურდა ინსტიტუტს ობიექტური ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდება გაეგრძელებინა კრემლისთვის.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 8 წლის განმალობაში, რათა საერთაშორისო პოლიტიკის კონცეპტი შეგვექმნა. რუსეთის და მისი პრეზიდენტის პოლიტიკა ჩვენი ქვაკუთხედი იყო“ - განაცხადა რეშენტიკოვმა პუტინთან შეხვედრისას.