რუსეთი აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენას Google-ის მეშვეობითაც ცდილობდა

10 ოქტომბერი 2017 Shadow

წყარო: ამერიკის ხმა

"რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემა „გუგლს“ რეკლამისთვის ათეულობით ათასი დოლარი გადაუხადეს. ამ ყველაფრის მიზანი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უძრავი ქონების მაგნატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება იყო" - ეს ინფორმაცია დღეს გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა.

ადამიანებმა, რომლებიც "გუგლის" მიერ წარმოებული შიდა გამოძიების დეტალებს იცნობენ, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კომპანიამ გაარკვია, რომ რუსეთის აგენტები მიზნად ისახავდნენ "გუგლის" რამდენიმე პლატფორმით - მათ შორის, "გუგლის" საძიებო სისტემით, "იუთუბითა" და "დაბლ-კლიკის" სარეკლამო პროგრამის საშუალებით - გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.

გაზეთის ინფორმაციით, ამ რეკლამების შეძენის კვალს კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ იმ ჯგუფთან არ მივყავართ, რომელმაც მსგავსი მიზნების შესასრულებლად "ფეისბუქისგან" შეიძინა მომსახურება.

"გუგლისა" და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამის პარალელურად, კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები ასკვნიან, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

ამასთან, რობერტ მალერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობს, რომლიც მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენაა. ამასთან, უნდა დადგინდეს სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ „რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე“ მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას „შეშლილი“ უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მალერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე უნდა მონახოს პასუხები.