წყარო: reuters.com
16 იანვარს, რუსეთის პირველმა არხმა საღამოს 9 საათიანი გამოშვება ბერლინიდან შოკისმომგვრელი სიახლით დაიწყო. „ბერლინში მუსლიმმა მიგრანტმა 13 წლის რუსი გოგონა მოიტაცა და გააუპატიურა“. 13 წლის რუსი გოგონა ლიზას სახელით გაიცნო საზოგადოებამ, მისმა ნათესავებმა რუსულ პირველ არხს განუცხადეს, რომ გოგონა სკოლისკენ მიმავალი გზიდან მოიტაცეს და რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, პოლიცია კი უარს აცხადებდა დამნაშავეების პოვნაზე. ასევე, „youtube“-ზე გავრცელდა ვიდეო მასალაც. მოსახლეობის აღელვება და სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ბერლინის პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა, რამაც, თავის მხრივ, გერმანიის მოქალაქეებში არსებული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა ჩამოაყალიბა.
ამ ამბით აღშფოთებული გერმანიის რუსული წარმოშობის მოსახლეობა, 24 იანვარს „სპონტანური“ პროტესტისთვის ბერლინში, მარზანის უბანში შეიკრიბა. რუსულმა ტელეარხებმა აქცია გააშუქეს და მეტი ემოციურობისთვის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი ჩაწერეს, რომელიც ამბობდა, რომ მის 14 წლის შვილს სკოლაში წასვლის ეშინოდა, რადგანაც გზად ლტოლვილების სახლი უნდა გაევლო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ბანერების უმეტესობა იდეალური გერმანულით იყო დაწერილი, თავად აქციის ორგანიზატორებში კი ძნელად თუ მოიძებნებოდა ვინმე, ვისაც გამართული გერმანულით შეეძლო საუბარი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა არავის გაუტაცებია. ის 19 წლის გერმანელ ახალგაზრდასთან, სახლში თავისი ნებით მივიდა, სადაც დროებით მშობლებისგან იმალებოდა, სკოლაში არსებული პრობლემების გამო. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა ისიც, რომ გოგონაზე ძალადობის კვალი არ იყო. ”youtube“-ზე გავრცელებული ვიდეო ყალბი გამოდგა, აღმოჩნდა, რომ პორტალზე ის ჯერ კიდევ 6 წლის წინ იყო გავრცელებული. მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ საპროტესტო აქცია ნეო-ნაცისტური ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ და „რუს-გერმანელთა საერთაშორისო კონგრესის“ მიერ იყო ორგანიზებული. უკანასკნელისთვის ეს პირველი გამოჩენა იყო.
გერმანიისთვის უცხო იყო რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის სამიზნედ ყოფნა, რადგანაც ბოლო პერიოდამდე გერმანია და რუსეთის ფედერაცია ბევრ საკითხში აქტიურად თანამშრომლობდნენ. სიტუაცია 2014 წელს შეიცვალა, როდესაც გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
როგორც ჩანს, 2016 წლის იანვარში გერმანია რუსეთის ჰიბრიდული პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, რომელიც ამჟამინდელი მთავრობისა და კანცლერის წინააღმდეგ იყო მიმართული. რამდენადაც გერმანია უკრაინის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს და რუსეთისთვის სანქციებს დაწესებას ეთანხმება, რუსეთმა თავისი პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება დაიწყო, დევნილთა კრიზისმა კი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნა ამისთვის.
მიუხედავად ვითარების გარკვევისა, რუსულმა მედიამ მაინც გააგრძელა გერმანიის შიდა მდგომარეობის მუქ ფერებში დახატვა და ქვეყანას ანარქიას უწინასწარმეტყველებდა „გაზრდილი კრიმინალისა და ტერორისტი მიგრანტების“ გამო.
მომხდარ ფაქტზე კომენტარი მაღალი რანგის პირებმაც გააკეთეს. 26 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა გერმანია პოლიტიკური მიზეზების გამო გამოძიების თავიდან არიდებაში დაადანაშაულა. „ვიმედოვნებ, რომ მიგრანტების საკითხი და პოლიტკორექტულობის სურვილი არ გახდება საბაბი აღნიშნული ფაქტის დამალვისთვის“. ლავროვი უფრო შორსაც წავიდა განაცხადა, რომ გერმანიაში რუსი მოქალაქეების დაცვა რუსეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ განცხადებამ ყველას რუსეთის პოლიტიკა გაახსენა. სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის სახელით იმართლებდა პუტინი თავს საქართველოსა და უკრაინაში შეჭრისას, შესაბამისად, ამ შემთხვევაში კრემლის მიზანი რუსული დიასპორის მობილიზებით გერმანიაში დაძაბულობის შექმნა იყო. ამ პოლიტიკით რუსეთი ცდილობდა დასავლეთის მაცხოვრებლებისთვის მულტი-კულტურალიზმი და ტოლერანტობა უარყოფით ჭრილში წარმოეჩინა. გერმანიის მთავრობისთვის ნათელი გახდა რუსეთის მიზნები. მერკელის პრეს-სპიკერმა, შტეფან შიბერტმა საჯაროდ განაცხადა, რომ საკითხი სრულად პოლიტიზირებული იყო. მოთმინება დაკარგა და მკაცრი კომენტარი გააკეთა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც კრემლთან დიალოგის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, მისი თქმით, არ არსებობს არანაირი გამართლება 13 წლის გოგონას საქმის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებისთვის.
ანტი-ემიგრაციული გამოსვლები (მაგალითად, „პეგიდას“-მიერ ორგანიზებული აქცია დრეზდენში), სადაც რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ქრისტიანობის ფარად, ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სამაგალითო გმირად არის წარმოჩენილი უცხო აღარავისთვისაა გერმანიაში. თუმცა, უკანასკნელ პერიოდამდე მსგავსი ჰიბრიდული აქციები დიდ მასშტაბებს არ იძენდა. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიის მოქალაქეებისთვის, როდესაც რუსული მედიის მიერ ფაქტების დამახინჯებისა და ნახევარ სიმართლის მსხვერპლნი თავად გახდნენ.
მაგრამ, ჩნდება კითხვა ეს მხოლოდ პროპაგანდაა თუ უფრო შორს მიდის რუსეთის გეგმები? საინტერესოა, რუსეთის გეგმა გერმანიაში არსებული ულტრა-მემარჯვენე პარტიების დაფინანსება ხომ არ არის. ერთ-ერთ მაგალითად გერმანიის მეზობელ ქვეყანაში, ავსტრიის ოპოზიციურ პარტიაზე (თავისუფლების პარტია) რუსეთის გავლენა შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუ რუსეთი დღემდე პოსტ-კომუნისტურ პარტნიორებს - მემარცხენე პარტიებსა და სოციალ-დემოკრატების რუსეთის მიმართ კარგად განწყობილ ფრთას ეყრდნობოდა, უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთის შემდეგი გეგმა გერმანულ პოლიტიკასა და იდეოლოგიაზე უფრო დიდი გავლენის მოხდენაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთს გერმანიის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შეიძლება უკან ცუდად მოუბრუნდეს. პირველ რიგში, ანტი-ფაშიზმს ღრმად აქვს გადგმული ფესვები გერმანულ პოლიტიკურ კულტურაში, რუსული პროპაგანდა კი დღითიდღე უფრო ქსენოფობიური ხდება და მისი კავშირი ექსტრემისტებთან შეუმჩნეველი არავისთვის რჩება.
მეორე საკითხია ის, რომ პოსტ-კომუნისტურ მემარცხენე პარტიას, რომელიც ეჭვგარეშედ პრო-რუსულია, ნაკლები შანსი აქვს მოხვდეს მართველ ორგანოებში, რაც განპირობებულია იმით, რომ მათი ანტი-ამერიკული, ანტი-ევროპული და შოვინისტური (მიმართული არა-რუსი აღმოსავლეთ ევროპის ხალხების მიმართ) დისკურსი სულ უფრო მეტად ემსგავსება ულტრა-მემარჯვენე პარტიებს. ეს კი გერმანიის წამყვან პარტიებს სურვილს უჩენს მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შემოტევას.
გერმანიის დესტაბილიზაციის ნაცვლად, რუსულმა ჩარევამ შეიძლება გააძლიეროს კიდეც გერმანელი პოლიტიკოსების კრიტიკა რუსეთის მიმართ, მას შემდეგ, რაც მათ თავად ნახეს როგორია კრემლის საინფორმაციო შეტევა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეწყვეტს თავის მცდელობას პროპაგანდისტული გზებით გავლენა მოახდინოს ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაზე.
სიახლე აღარაა, რომ რუსეთი ქსენოფობიის გაღვივებას საქართველოშიც ცდილობს. მსგავსი გზავნილები მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გამოწვევას. ამ მხრივ, აღსანიშნავია უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ქართულ ინტერნეტ სივრცეში მომრავლებული ანტი-თურქული გზავნილები, რომელთა გამოჩენა ემთხვევა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას.