Vice News- „რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია„

6 ნოემბერი 2015 Shadow

2015 წლის ივლისში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, მავთულხლართების გადმოწევით, კიდევ ერთხელ დაარღვიეს საქართველოს საზღვრები. მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ერთ ღამეში, რამდენიმე ათობით ადამიანი, რომელიც სადაო საზღვარზე ცხოვრობდა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

 „VICE News „   ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებით დაინტერესდა და გადაწყვიტა გამოეკვლია რა გავლენას ახდენს მათზე რუსეთის მცოცავი ოკუპაცია. „რუსები მოდიან: საქართველოს მცოცავი ოკუპაცია“- ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმი გადაიღო  „VICE news“-მა. აღსანიშნავია, რომ „VICE news” აქტიურად ადევნებს თვალყურს რუსეთის ქმედებებს და ამ თემატიკაზე სხვა რეპორტაჟებიც აქვს მომზადებული :  "რუსები მოდიან: ნატო-ს საზღვარი" - http://bit.ly/1O5ruzt ; "რუსები მოდიან: ლიტვის ოპერაცია" - http://bit.ly/1FjHRxS

 დოკუმენტური ფილმის ავტორი - ჟურნალისტი სიმონ ოსტროვსკი - ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ესტუმრა და მავთულხლართების მიღმა დარჩენილ მოსახლეობას ესაუბრა.  ავტორი ჰყვება, რომ რუსები აკავებენ ყველას, ვინც ახალ დე ფაქტო საზღვარს გადაკვეთს. ამის დასტურად,  ფილმში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი მწყემსების დაკავება-გათავისუფლების ფაქტებია მოყვანილი. 

ჟურნალისტი საუბრობს იმაზეც, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებას და საზღვრის აღმნიშვნელ ახალ ნიშნებს ათავსებს დროგამოშვებით. სწორედ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში გაყვანილი BP -ის მილსადენი, რაც რუსეთს საბოტაჟის მოწყობის საშუალებას აძლევს.

ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების პოზიციას და აღნიშნავს, რომ რუსეთის გარდა, მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ საზღვრის ორივე მხარე საქართველოს ეკუთვნის.

„VICE News” -ის მიერ ამ დოკუმენტური ფილმის მომზადება მნიშვნელოვანია, რადგანაც ის კიდევ ერთხელ ახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას .