არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსი ახალგაზრდების საქართველოს კავშირი” ქართულ სკოლებში სპეციალურ შეხვედრებს ატარებს. შეხვედრებს “მშვიდობის ღია გაკვეთილები” ეწოდება. ორგანიზატორები ამ ღონისძიებას მეორე მსოფლიო ომის 70 წლის თავის აღნიშვნას უკავშირებენ.
იმ სკოლებს შორის, სადაც “მშვიდობის ღია გაკვეთილები ჩატარდა”, სახელდება “ინტელექტი” და “დეა” თბილისში და რუსთავის #3-ე სკოლა, სადაც ორგანიზატორებს ქვემო ქართლის რუსულენოვანი საზოგადოება “როდნიკიც” დაეხმარა.
ღონისძიება გაშუქდა რუსულ მედიაში, სადაც ხაზი გაესვა ქართველი მოსწავლეების “აქტიურ ჩართულობას”. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად შეხვედრებში “საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე მიხაილ ადანოვი იყო ჩართული, რომელმაც მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დამფინანსებლად ფონდი “რუსული სამყარო” სახელდება, რომელიც 2007 წელს პირადად პუტინის განკარგულებით შეიქმნა და ღიად ემსახურება რუსული გავლენის გამტკიცებას.