რუსული არხების პოპულარობა და მისია საქართველოში

1 აპრილი 2016 Shadow

რუსული NTV და რუსეთის პირველი არხი (ORT) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში ყველაზე პოპულარული უცხოური არხებია.

რუსული პროპაგანდა საქართველოში ციფრები

საზოგადოებრივი აზრის კვლევა GNCC -ის დაკვეთით ”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა”  ჩაატარა და შედეგები კომისიას 2015 წლის 25 დეკემბერს წარუდგინა. ქვეყნის მასშტაბით 2700 პირისპირ ინტერვიუ ჩაატარეს. კვლევა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა, თუმცა მისი ერთი ნაწილი სატელევიზიო მაუწყებლობებსა და უცხოურ ტელევიზიასაც ეხება.

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (47.7%) უყურებს უცხოურ სატელევიზიო არხებს.  მათი 75% ამბობს, რომ ამ პრაქტიკას ყოველდღიურად მიმართავს.

inforgafika1

საზოგადოებრივი ინიციატივის საფუძველზე შექმნილი ონლაინ-პლატფორმის, Damoukidebloba.com-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი საქართველოში რუსული პროპაგანდის და ე.წ. რბილი ძალის სხვა ინსტრუმენტების გავრცელების ანალიზითაა დაკავებული. იგი ფიქრობს, რომ ზემოხსენებული მონაცემები პრობლემურია:

“ამ კვლევის მიხედვით, საქართველოდან მაყურებლები ძირითადად NTV-ს და ORT-ს ჰყავს… ეს მედია არ არის. ეს არის რუსეთის სახელმწიფო აპარატის ერთ-ერთი განშტოება. ეს არის რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლირებადი ინსტრუმენტი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს”.

Damoukidebloba.com-ის დამფუძნებლის აზრით, ეს მიზნები, ერთი მხრივ, რუსეთის მოსახლეობის კონტროლი და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაა, მეორე მხრივ კი გავლენის გაზრდის მიზნით კულტურული თუ საინფორმაციო პროპაგანდა ქვეყნის გარეთ.

“იყენებენ ბევრ მეთოდს, სპეციალურ მესიჯებს, დეზინფორმაციას და ხდება ისეთი რეალობის წარმოჩენა, როცა ადამიანი გაურკვევლობაში ვარდება და უჭირს ინფორმაციული გადაწყვეტილების მიღება. საუბარია გარკვეული მითების დანერგვაზე, იქნება ეს ანტი დასავლური განწყობების კულტივირება, რელიგიურ საკითხებზე დაფუძნებული თემები თუ ადამიანის უფლებათა საკითხები. სამწუხაროდ, ამის რეფლექსია ჩვენს საზოგადოებაშიც ხდება”, – განმარტავს ლევან ავალიშვილი.

ევრაზიული კავშირი რუსული არხების პოპულარობის შედეგი?

GNCC-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან შეუძლებელია იმის დადგენა, არსებობს თუ არა რაიმე სახის  მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საქართველოში რუსული სახელმწიფო არხების პოპულარობასა და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეების ზრდას შორის.  NDI-ის ბოლო კვლევით  ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 31% უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა მცირდება.

GNCC-ის კვლევაში არ ჩანს, რა მიზნით უყურებენ ადამიანები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებს: ინფორმაციის მისაღებად თუ, მაგალითად, სერიალების სიყვარულის გამო – კვლევის ფოკუსი ეს არ ყოფილა.

თუმცა ორივე კითხვაზე მიახლოებითი პასუხის მიღება შეგვიძლია, CRRC-ის 2015 წლის აპრილის კვლევის მიხედვით – ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 20 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უცხოური ტელევიზიების მეშვეობითაც იღებს. მათ შორისაა რუსული არხებიც.

ამ  კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების 44%,  რომლებმაც RTR- დაასახელეს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის წყაროდ, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ხოლო ყველა გამოკითხულის მხოლოდ 31 პროცენტს სურს ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაცია. იმავე მეთოდით დათვლისას აღმოჩნდა, რომ ORT-ს მაყურებელთა 45%-ს სურს საქართველოს ევრაზიულ კავშირში ხილვა, როცა, მაგალითად, CNN-ის მაყურებლის 27%-ია ამაზე თანახმა.

info2

info3

როგორ ებრძვის საქართველო რუსულ პროპაგანდას?

რუსეთის სახელმწიფო პირველი არხი (ОРТ ) სხვა რუსულ ტელევიზიებთან ერთად ქართულ საკაბელო ქსელებში 2014 წელს დაბრუნდა. რუსულენოვანი არხების დიდი ნაწილის რეტრანსლირება საქართველოში მოქმედმა საკაბელო კომპანიებმა 2008 წლის ომის შემდეგ შეწყვიტეს, თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ეს ისე მოხდა, რომ კანონმდებლობაში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების წინააღმდეგ არავითარი ცვლილება არ შესულა.

2014 წელს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე  გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიების ტირაჟირების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვის ინიციატივით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ჩავარდა.

GNCC-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა, რომელიც ლევან ავალიშვილის აზრით მოწმობს იმას, რომ მათი შეზღუდვა ეფექტური არ იქნება. გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ სატელევიზიო მომსახურების მისაღებად თანამგზავრული ტიპის მაუწყებლობას იყენებს, 31%- საეთეროს, საკაბელოს- 18.7%, ხოლო ინტერნეტ ტელევიზიას – 9.7%.

“ხშირად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს რუსული მაუწყებლობა საქართველოში, მისი პროპაგანდისტული ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ, მე მგონია, რომ ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთ ქმედებებს შეზღუდვას ეფექტი არ ექნება, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციას სატელიტის მეშვეობით იღებს და სატელიტზე შეზღუდვების გავრცელება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ესაა დასკვნა, რაც შეიძლება კვლევის შედეგებიდან გამოვიტანოთ, რადგან დაახლოებით 60 პროცენტი სატელიტს იყენებს”, – ამბობს ლევან ავალიშვილი.

იგი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მომხრეა, თუმცა არა შეზღუდვების და კონტრპროპაგანდის მეშვეობით:

“საზოგადოების კონსოლიდაცია და შეთანხმებაა აუცილებელი და არა რაღაც საბიუჯეტო სახსრებით კონტრპროპაგანდის წარმოება, რაც შედეგს არ მოიტანს”, – ამბობს ავალიშვილი და დასძენს, რომ საქართველომაც იგივე სტრატეგია უნდა აირჩიოს, რაც ევროკავშირის, მათ შორის ბალტიის ქვეყნებს აქვთ.

“ისინი არა კონტრპროპაგანდით ცდილობენ ამ ინფორმაციულ ომში ჩართვას, არამედ დეზინფორმაციის მხილებით. ამას სჭირდება აქტიური საქმიანობა. აუცილებელია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ პოლიტიკოსები, მმართველი ელიტა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები იმიტომ, რომ ხშირად სწორედ მათი გზავნილები არის გადამწყვეტი ასეთ საკითხებთან მიმართებაში. მე ასეთ აქტიურობას ვერ ვხედავ, მათ შორის, ვერც პოლიტიკოსებისგან”, – ამბობს იგი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა არა პირდაპირი აკრძალვის გზით.

“ [ამ შემთხვევაში] რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია შეიძლება იყოს მოთხოვნა, რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი. დავავალოთ ხალხის მიერ დაფინანსებულ პირველ არხს, რომ ყურადღებით შეისწავლოს რუსული პროპაგანდა და გამოყოს ცოტა დრო მასზე საპასუხოდ იმავე ენაზე. ქართული რუსულენოვანი არხი აშკარად საჭიროა. ასეთი გზა ჯობია მათ დახურვას”, – ამბობს იგი და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

“შევხედოთ, როგორ იქცევა ევროპული საზოგადოება. იქ გადის “რაშა თუდეი”, მათ ენაზე მაუწყებლობს. ამას ითმენენ, გადაწყვეტილება აქვთ, რომ [დეზინფორმაცია ამხილონ] და ფული დაიხარჯოს ამაზე”, – ამბობს იგი.

 

წყარო: netgazeti.ge