რუსული გაზის საფრთხე

15 ოქტომბერი 2015 Shadow


ავტორი: გიორგი ლომთაძე

9 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" შესაძლოა დაბრუნდეს საქართველოში. ამას იუწყება რუსული გამოცემა "კომერსანტი", რასაც ადასტურებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ/ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადება. 25 სექტემბერს, ქალაქ ბრიუსელში, ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის" ხელმძღვანელს ალექსეი მილერს, სადაც მათ ისაუბრეს სომხეთისთვის გაზის მიწოდების საკითხებზე და ასევე საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შეძენაზე.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან ამ ინფორმაციის გავრცელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა:

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან ხორციელდება და არასდროს არანაირი პრობლემა არ გვქონია. როდესაც არსებობს კომერციული გარიგებები, ეს გარიგებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის სრულდებოდა. რაც შეეხება „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხს, ჩვენ პრაგმატული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით:

„მე არ ვიცი, "გაზპრომთან" რაიმე მოლაპარაკებები იყო თუ არა. მაგრამ თუ იქნება, ამაში სახიფათოს ვერაფერს ვხედავ. რუსეთიდან გაზი ისედაც შემოდის. ის ტრანზიტით მიდის სომხეთში და გაზის გარკვეული ნაწილი, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ჩვენთან რჩება. თუ გაზის მოწოდება გაიზრდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კარგი იქნება, დამოკიდებული ვიყოთ არა ერთ, არამედ რამდენიმე მომწოდებელზე"

მაშინ როდესაც საქართველოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს, ენერგეტიკის მინისტრი ვერ ხედავს აჟიოტაჟის ატეხვის საჭიროებას და მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვის აუცილებლობას.

უკვე 13 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები მხოლოდ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს შეეხებოდა და არ იგეგმება აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება.

შესაბამისად, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ ქაოტური მოვლენების ახსნამდე, აუცილებელია განვიხილოთ, თუ რატომაა სახიფათო გაზპრომის საქართველოში დამკვიდრება, რაც თავისთავად ნათელი უნდა იყოს, თუმცა, მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ მოქალაქეს შესაძლოა არ აქვს კარგად გათავისებული ეს საფრთხეები.

ეს გადაწყვეტილება შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ვინაიდან კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ეფექტიანად იყენებს რუსეთი ბუნებრივ აირს, როგორც ეკონომიკურ იარაღს. ამ ფაქტის დასამტკიცებლად საკმარისია უამრავი მაგალითიდან მხოლოდ ერთის მოყვანა - 2013 წელს, როდესაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა "გაზპრომმა" ერთი მესამედით დააკლო ფასი ბუნებრივ აირს, რომელსაც უკრაინას აწვდიდა. ამის საპირისპიროდ, უკვე 2014 წლის აპრილში კიევში მაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, "გაზპრომმა" ფასი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 81%-ით გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“.

უსაფრთხო ენერგომომარაგება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების მრავალი ასპექტისთვის. ბუნებრივი აირი საჭიროა გათბობისთვის, განათებისთვის, საკვების მომზადებისთვის, ტრანსპორტისთვის და სხვა მრავალი საბაზისო მოთხოვნილებებისთვის. არც თუ ისე შორეულ წარსულში, საქართველომ გამოსცადა საკუთარ თავზე რუსულ გაზზე დამოკიდებულების სიმწარე, როდესაც 2006 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, საეჭვო გარემოებებში, მილსადენის აფეთქების შემდეგ  საქართველოს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდებოდა და მოქალაქეთა უმრავლესობა რამდენიმე დღის განმავლობაში გათბობის გარეშე დარჩა. ეს აფეთქება ემთხვევა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას და კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად არასტაბილური და სახიფათოა რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც აცნობიერებენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების საფრთხეებს (ფასების მანიპულირება და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის), ცდილობენ ალტერნატიული საშუალებებით ჩაანაცვლონ რუსული გაზი ან მოახდინონ მიმწოდებელთა დივერსიფიკაცია. ამ დროს კი ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხდება საქართველოსა და გაზპრომს შორის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის სესიაზე, რეზოლუცია 424-ში საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს თავისი წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მოახდინონ ენერგომომარაგების ბაზის  დივერსიფიკაცია, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე.

სრული სურათის უკეთესად დასანახად, ყველა რისკის გასათვალისწინებლად და სახიფათო გადაწყვეტილებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გადავხედოთ საქართველოს გაზმომარაგების და ბუნებრივი აირის მოხმარების მაჩვენებლებს.

oil 1

ეს მონაცემები USAID-ის კვლევიდანაა, რომელიც შეეხება საქართველოს ენერგო სტრატეგიას და კარგად გვაჩვენებს თუ რამდენად დამოკიდებულები ვართ იმპორტირებულ ენერგო რესურსებზე.

12168083_1190892034258077_548561519_n

 

  • - საქართველო საკუთარი ენერგო მოთხოვნილების მხოლოდ 35% თუ უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია;

  • - საქართველოს ენერგო-მიქსში (Energy Mix), ანუ რა სახის ენერგიას მოვიხმართ მთლიანობაში, იმპორტირებული გაზის წილი 43%-ია. გაზის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 2,400 მილიონ კუბურ მეტრს;

  • - საქართველოს გაზზე დამოკიდებულება სეზონურია. ჰიდროენერგია გაზაფხულ-ზაფხულში შეადგენს საერთო ენერგო მოხმარების დიდ ნაწილს, მაშინ როდესაც გაზის მოხმარება მცირდება. თუმცა, ზამთრის პერიოდში, როდესაც გათბობა არის საჭირო და წყლის რეზერვებიც მცირდება, გაზი მოწინავეა ენერგო მოხმარების თვალსაზრისით;

  • - საქართველო ბუნებრივ აირს იღებს გაზპრომისგან (0,3 მილიარდი კუბური მეტრი) და აზერბაიჯანული სოკარისგან (2,1 მილიარდი კუბური მეტრი);

  • - რუსულ გაზს საქართველო იღებს სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით;

  • - „შაჰ–დენიზის“ პროექტის პირველი ფაზიდან საქართველო იღებს 800 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 60 დოლარად ათას კუბურ მეტრზე. ამასთანავე, პროექტის სრულად განხორციელების შემთხვევაში საქართვლო გაზის დამატებითი ტრანზიტიდან მიიღებს საქართველოს მოთხოვნილების 75% შეღავათიან ფასებში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები იქნება.

შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ უფასო გაზს, როგორც ტრანზიტის საფასურს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, გვყავს საიმედო სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი, რომელიც უკონკურენტოდ იაფ გაზს გვაწვდის. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარია, თუ რა მოტივით შეიძლება სურდეს სახელმწიფოს შემოუშვას რუსეთის „ენერგოგიგანტი“, და მისცეს რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

რასაკვირველია, არაა სასურველი რომ საქართველო ერთ მიმწოდებელზე იყოს დამოკიდებული, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი თუ სხვა სახელმწიფო. დივერსიფიკაცია საჭიროა და სასიკეთო, თუმცა გასათვალისწინებელია, თუ რის ხარჯზე მოხდება ეს პროცესი. თუ დივერსიფიკაცია გულისხმობს ბუნებრივი აირის შესყიდვას რუსეთის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც კრემლის ბრძანებით ცვლის ბუნებრივი აირის ფასებს, წარმოადგენს რუსეთის (რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული) ეკონომიკურ იარაღს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ასეთი დივერსიფიკაცია დამღუპველია!

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, აღნიშნულს ორი ძირითადი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ:

  1. 1. საქართველოს მთავარობის წევრებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა და შედეგად ვიღებთ შეუთანხმებელ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

  2. 2. საუბარი იყო "გაზპრომისგან" მხოლოდ კომერციული გაზის შესყიდვაზე, რაც სავარაუდოდ საწყისი ეტაპია, რათა გამოსცადონ საქართველოს მოქალაქეების რეაქცია, რაც ნამდვილად ხიფათის შემცველია.

 

ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ეკონომიკა პოლიტიკისგან, რადგან თავად რუსეთი არ აკეთებს ამას, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს რუსული ენერგოკომპანიის გავლენის ქვეშ მოქცევა, რადგან ეს ჩვენ სუვერენიტეტს კიდევ უფრო შეასუსტებს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ გაზპრომს უარი, ვინაიდან გაზპრომის საქართველოში დამკვიდრება რუსეთის ინტერესების გატარებაა და შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი გახდეს!