კრემლის ჰიბრიდული ომი და რეალობის არარსებობის საფრთხე

5 მაისი 2016 Shadow

„თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით - „რეალობის არარსებობის საფრთხე: როგორ იყენებს კრემლი ინფორმაციას, ფულსა და კულტურას როგორც იარაღს“.  

„თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტი“ არის არამომგებიანი, საჯარო პოლიტიკის შემსწავლელი კვლევითი ინსტიტუტი ნიუ იორკში. ინსტიტუტის მისიაა კვლევების, ადვოკატირებისა და საჯარო ღონისძიებების საშუალებით რუსეთში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

კვლევაში წარმოდგენილია კრემლის ხელთ არსებული ინსტრუმენტების კლასიფიკაცია, მეთოდები რომლითაც რუსეთი დასავლური ფუნდამენტური ღირებულებების შესუსტებას ცდილობს და რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს საერთაშორისო საზოგადოება კრემლისგან მომავალ საფრთხეს. ამასთანავე, უკრაინის მაგალითზე, კვლევაში განხილულია თუ როგორაა რუსეთი ჩაბმული ჰიბრიდულ ომში.

damoukidebloba.com გთავაზობთ კვლევის ძირითადი მიგნებების თარგმანს:

 

კრემლის ინსტრუმენტები

1. კრემლი ბოროტად იყენებს ინფორმაციის თავისუფლების იდეას, საზოგადოებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მთავარი მიზანი არა ვინმეს დარწმუნება ან დაყოლიებაა (როგორც ეს სამოქალაქო დიპლომატიის შემთხვევაშია), არამედ კონსპირაციის თეორიებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში გაურკვევლობის დანერგვა

2. კრემლი დიდ თანხას ხარჯავს საინფორმაციო ომზე. მაგალითისთვის, „RT“-ს, რომელიც მოიცავს მრავალენოვან საინფორმაციო გადაცემებს და რადიო სადგურებს, აქვს $300 მილიონიანი ბიუჯეტი და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც საბჭოთა კავშირი ძირითადად მემარცხენე ჯგუფებს უჭერდა მხარს, იდეოლოგიისადმი უფრო მოქნილი მიდგომა კრემლს საშუალებას აძლევს ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკიდურესად მემარცხენე თუ მემარჯვენე მოძრაობებს, ანტი-გლობალისტებს და ფინანსურ ელიტას. მთავარი მიზანია კრემლის მხარდამჭერთა გუნდის შექმნა და საზოგადოების დაყოფა

4. „ვალდაის ფორუმის“ მსგავსი პლატფორმებით კრემლი ცდილობს დასავლელი ექსპერტების „გადმობირებას“. ამ ექსპერტებს, კრემლის დღის წესრიგის წინ წამოწევის სანაცვლოდ სთავაზობენ პოზიციებს რუსულ კომპანიებში და ისინი ხდებიან კრემლის დე ფაქტო წარმომადგენლები

5. ფინანსური და PR კომპანიები დაქირავებულნი არიან, რათა გაამყარონ კრემლისთვის სახარბიელო მოსაზრება, რომ „ფინანსები და პოლიტიკა არ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან“. გლობალიზაციის ლიბერალური ხედვის თანახმად, ფული პოლიტიკურად ნეიტრალურია და იწვევს ურთიერთდამოკიდებულებასა და მშვიდობას. კრემლი კი ვაჭრობას, ფინანსურ და ენერგო რესურსებს იყენებს როგორც საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტს.

6. დასავლეთის მიერ რუსული კორუფციული ფინანსური აქტივების მოხმარება მას უფრო დამოკიდებულს ხდის კრემლზე, ამასთანავე რუსული ოპოზიციის დემორალიზებას ახდენს

7. კრემლი ანტი-დასავლური, ავტორიტარული „ინტერნაციონალის“ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც ფეხს იკიდებს ცენტრალურ ევროპასა და მსოფლიოში

8. ინფორმაციის, კულტურისა და ფინანსური რესურსების იარაღად ქცევა კრემლის ჰიბრიდული ომის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ზემოთ მოყვანილ ინსტრუმენტებს ისევე როგორც მცირე მასშტაბის სამხედრო ოპერაციებს

 

დასავლეთის სუსტი წერტილების განსაზღვრა

1. კრემლი სხვადასხვა რეგიონებისადმი განსხვავებულ მიდგომებს იყენებს, თუმცა ძირითადად მისდევს „გათიშე და იბატონე“-ს პრინციპს

2. კრემლი პროპაგანდისტული საქმიანობით წარმატებით უთხრის ძირს საგამოძიებო და პოლიტიკურ ჟურნალისტიკას

3. ოფშორული ზონები და ამ ზონებში რეგისტრირებული ჰოლდინგ-კომპანიები კრემლს ეხმარება კორუფციისა და გავლენის შენარჩუნებაში

4. კვლევითი ინსტიტუტებისა და ლობისტური ჯგუფების დაფინანსების გაუმჭვირვალობა კრემლის დღის წესრიგის გატარებას უწყობს ხელს, რასაც ოფიციალური მოსკოვი წარმატებით იყენებს

 

კრემლის ჰიბრიდული ომი უკრაინის მაგალითზე

უკრაინის კონფლიქტი ყველა ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტის გამოყენების ნათელი მაგალითია. უპირველეს ყოვლისა, კრემლი იყენებდა ეგრეთწოდებულ „მწვანე კაცუნებს“, ანუ რუს სამხედროებს, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში, თუმცა არ აღიარებდნენ, რომ რუსეთის ჯარში მსახურობდნენ. მსგავსი მეთოდებით რუსეთი „შეზღუდულ ომს“ ეწევა, შესაბამისად მოსკოვი არაა ოფიციალურად ჩართული კონფლიქტში, იმის მიუხედავად, რომ რუსი სამხედროები იმყოფებიან უკრაინაში.

თუმცა, სამხედრო ნაწილების ფარული დისლოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე კრემლის კამპანიის მხოლოდ მცირე ნაწილია. რუსეთში და აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსულენოვანი ტელევიზია პოპულარულია, კრემლის პოლიტიკურმა ტექნოლოგებმა შექმნეს პარალელური რეალობა სადაც „ფაშისტებმა“ რევოლუცია მოაწყვეს უკრაინაში, ეთნიკურ რუსებს საფრთხე ემუქრებათ აღმოსავლეთ უკრაინაში და ამერიკის „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო“ (CIA) ომს აწარმოებს მოსკოვის წინააღმდეგ.

რეალობა თავდაყირაა დაყენებული და ხელახლაა გამოგონილი. რეალობის შეცვლის მცდელობა არაა შეზღუდული გეოგრაფიულად. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ტერმინი „Новороссия“ რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი მოიხსენიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას. ტერმინი „Новороссия“ რუსეთის იმპერიის დროს გაჩნდა, თუმცა განსხვავებულ ტერიტორიას მოიცავდა (შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი). ამ ტერიტორიაზე დღეს მცხოვრები ადამიანები არ თვლიდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ „Новороссия“-ში. თუმცა, ამჟამად ეს ტერიტორია წარმოდგენილია როგორც რეალური სივრცე. რუსული მედია საშუალებები აჩვენებენ მის გეოგრაფიულ „მდებარეობას“. ამასთანავე, კრემლის პოლიტიკოსები წერენ ამ ტერიტორიის „ისტორიას“ სასკოლო წიგნებისთვის. ეროვნული სიმბოლოებიც შექმნილია, მათ შორის დროშა, ისევე როგორც საინფორმაციო სააგენტო (ინგლისურ, რუსულ, პოლონურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე). არსებობს ასევე რამდენიმე Twitter-ის ანგარიშიც. შესაბამისად, „Новороссия“-ის ფანტაზია კრემლის მიერ გამოყენებულია, როგორც „კოზირი“ მოლაპარაკებებისას.

ყვითლად: „Новороссия“-ის ტერიტორია რუსეთის იმპერიის დროს (1721-1917)

წითლად: პუტინის მიერ „Новороссия“-ად წოდებული ტერიტორია

 

 

კრემლის ომში, ინფორმაცია წინ უსწრებს რეალობასა და მოვლენის არსს. სამხედრო მანევრებიც რუსული მედია საშუალებების კამერებისთვისაა დადგმული, რისი მთავარი მიზანი ინფორმაციის გავრცელებაა და არა ფართომასშტაბიანი ომი. პიტერ დიკინსონის (რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინულ არხს - „Ukraine Today“) თანახმად:

„უკრაინაში არის ხუმრობა, რომლის მიხედვითაც - თუ ხედავ რუსულ კამერას უნდა გაიქცე, ვინაიდან ეს ნიშანია, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას რუსული საინფორმაციო საშუალება RT ძირითადად დროს უთმობდა იმ ექსპერტებს, რომლებიც უკრაინის არეულობებს აბრალებდნენ ევროკავშირის გაფართოების გეგმას, რითაც ცდილობდნენ ანტი-ევროპული და უკიდურესად მემარჯვენე პარტიების (რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან) მხარდაჭერის მოპოვებას. ასევე, პეტრო პოროშენკოს მთავრობას მოიხსენიებდნენ როგორც სამხედრო ხუნტას და ავრცელებდნენ ცნობებს იმის შესახებ თუ როგორ ეშინიათ უკრაინაში მცხოვრებ ებრაელებს უკრაინული ნაციონალიზმის საფრთხის. ერთ-ერთ გადაცემაში, სიმფეროპოლის (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი) რაბინის ინტერვიუ ისე დაარედაქტირეს, თითქოს ის ყირიმს ტოვებდა უკრაინელი ნაციონალისტების ანტი-სემიტური განწყობის გამო. სინამდვილეში, რაბინი სახელად მიხეილ კაპუცინი გმობდა რუსეთის ქმედებებს რეგიონში, მხარს უჭერდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და „Times of Israel“ -ს განუცხადა, რომ ყირიმს ტოვებდა რუსეთის აგრესიის გამო.

მაიდანის მოვლენები შეფუთული იყო, როგორც უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობების აღზევება, რამაც ყოველივემ უკრაინელების ლეგიტიმურ ბრძოლას სახელი შეულახა. მეთიუ კამინსკის თანახმად, რომელიც Wall Street Journal-ის თანამშრომელი და ამასთანავე „POLITICO“-ს ევროპული წარმომადგენლობის მთავარი რედაქტორია, ის ელ-წერილებს იღებდა ამერიკის ებრაული თემის ლიდერებისგან, რომლებიც უკრაინის რევოლუციას მოიხსენიებდნენ როგორც ნაცისტურ ამბოხს.

RT ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომლის თანახმად - 3 ივლისს „RAND Corporation“-ის დოკუმენტი (სინამდვილეში ეს დოკუმენტი ამ კვლევით ინსტიტუტს არ ეკუთვნოდა) მოხვდა ინტერნეტში, რომელშიც ვითომდა უკრაინის პრეზიდენტს ურჩევდა ჩაეტარებინა ეთნიკური წმენდა აღმოსავლეთ უკრაინაში. თავდაპირველად, ინფორმაცია დაიდო ერთ-ერთ კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელ ვებ-საიტზე (beforeitsnews.com). ეს ინფორმაცია შემდგომ საიტიდან იყო ჩახსნილი, თუმცა RT-ის მიერ გრძელდებოდა ყალბი ინფორმაციის გამოყენება, რომლის თანახმად - აშშ გენოციდის გზამკვლევის ექსპორტს ახდენს.

რუსეთისთვის დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი საშუალებაა სოციალური ქსელები. იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები როდესაც სანდო მედია წყარო შეცდომაში შედის, რისი მაგალითიცაა - The Guardian. გამომცემლობის ჟურნალისტმა, ჯონ პილგერმა საკუთარ სტატიაში გამოიყენა „უკრაინელი ექიმის“ (როზოვსკი) Facebook პოსტი, სადაც ის აღწერდა თუ როგორ დაიღუპა ათობით პრო-რუსი მებრძოლი პრო-უკრაინელ მებრძოლებთან დაპირისპირებისას, იმის გამო, რომ უკრაინელები მას უფლებას არ აძლევდნენ დახმარებოდა დაჭრილებს. შემდგომ გაირკვა, რომ Facebook გვერდი ყალბი აღმოჩნდა და მსგავსი ექიმი ოდესაში არ ცხოვრობდა, სურათი კი სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ექიმს ეკუთვნოდა.

კრემლის ინსტრუმენტებიდან ერთ-ერთი ძირითადია სატელევიზიო გადაცემები. მიუნხენის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ფაბიან ბურკჰარტმა, უკრაინის კრიზისის მიმდინარეობისას ჩაატარა კვლევა, რომელშიც ის იკვლევდა პოლიტიკურ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილე სტუმრების მიკერძოებულობას და ითვლიდა პრო-რუსული, ისევე როგორც პრო-უკრაინელი სტუმრების რაოდენობას. მკვლევარმა გაანალიზა 30 პროგრამა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით. მისი დასკვნის თანახმად გადაცემების 81 სტუმრიდან უმეტესობა პრო-რუსული განწყობებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრების გარკვეულ ნაწილს ეკონომიკური კავშირები ქონდა რუსეთში. 81 სტუმრიდან 27 იყო ჟურნალისტი (მათ შორის 8 რუსული მედიის წარმომადგენლები). ჟურნალისტების უმეტესობა იყვნენ რუსეთის ექსპერტები და ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი უკრაინის საკითხებზე.

კრემლი ასევე ეკონომიკურ კავშირებსა და ფულს იყენებს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გერმანული ბიზნეს ლობისტური ჯგუფები არ ემხრობოდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. აშშ-ში სავაჭრო პალატა და მეწარმეთა ეროვნული ასოციაცია ამერიკის ძირითად გაზეთებში ლობირებდნენ დღის წესრიგიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების ამოღებას.

როგორც აღინიშნა, იდეოლოგიური მოქნილობა კრემლს აძლევს დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკური გაერთიანებების მხარდაჭერის საშუალებას. მაგალითად, ბრიტანეთის ულტრა მემარცხენე და ულტრა მემარჯვენე მოძრაობები კრემლს უჭერენ მხარს. ულტრა მემარცხენეების აზრით კრიზისი აშშ-ის ბრალია, ხოლო ულტრა მემარჯვენეები კრიზისში ბრალს სდებენ ევროკავშირს.

შესაბამისად, კვლევაში უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე მოყვანილია კრემლის ჰიბრიდული ომის თითქმის ყველა ინსტრუმენტი. აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის პოლიტიკის საფრთხეს მის მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისათვის. კვლევა ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რუსულ პროპაგანდას და საინფორმაციო ომს არ გააჩნია საზღვრები და მოქმედებს გლობალური მასშტაბით.