წყარო: new.civil.ge
ჯოან როულინგის ცნობილ „ჰარი პოტერის" ზღაპრებში ბოროტი ჯადოქრების დასაოკებლად სულთამხუთავ მაჯლაჯუნებს იყენებენ. ეს „დემენტორები" ზეადამიანური ძალებით აღჭურვილ ჯადოქრებს იმით იმონებენ, რომ სულიდან იმედებს ამოხდიან ხოლმე. როულინგის სულთამხუთავების მსგავსად, რუსული პროპაგანდა მის მეზობლებს ამ შხამს აწვეთებს: იმედი არსაითაა, გასაქცევი - არსაითაა.
უიმედობა როგორც ტერორი
კრემლის მიერ ინფორმაციის იარაღად გამოყენების შესახებ ბევრი დაწერილა. ისიც ცნობილია, რომ კომუნისტური პროპაგანდისაგან განსხვავებით, რუსეთი არ ცდილობს სახელმწიფო მართვის ან ეკონომიკის საკუთარი მოდელის უპირატესობა დაამტკიცოს. ის მეზობლებს არც კომუნისტურ სამოთხეს უსახავს გვირაბის ბოლოს. პუტინის რეჟიმი გარშემო უიმედობას თესავს. მისი საგარეო წარმატებებიც უიმედობის ნიადაგზე ისხამენ ნაყოფს.
სტალინის მმართველობაც შიშსა და უიმედობას აღვივებდა, მაგრამ საყოველთაო ტერორის ფასად. კაგებეს და პოლიტ-ტექნოლოგიების დღევანდელმა ნაჯვარმა ახალი მიდგომა შვა. თუ აკონტროლებ ტელევიზორს, საყოველთაო რეპრესიები აღარაა საჭირო: სულ რამოდენიმე, კარგად გამოზომილი და გათვლილი, სამაგალითო სასჯელიც საკმარისია - ხოდორკოვსკი, ლიტვინენკო, პუსი რაიოტი.
პუტინმა მაგიურ ფორმულას მიაგნო: თუ საინფორმაციო საშუალებებს აკონტროლებ, უიმედობის დანერგვით უფრო სწრაფად მიაღწევ მორჩილებას, ვიდრე ტერორით. ძალის ჩვენება იშვიათადღა დაგჭირდება - განწირულთა ჯანყის დასათრგუნად.
უიმედობის დასანერგად კი საჭიროა შეიქმნას დამდეგი წარღვნის დამაჯერებელი სურათი.
ქაოსის მბრძანებელი
ყურადღებით თუ მოუსმენთ პუტინსა და მის დამქაშებს, მათი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე არის თავად ქაოსი.
ქაოსი - წესრიგის არარსებობა. წესრიგი - პუტინის რუსეთის წმინდა გრაალი.
პუტინის თეზისი სსრკ-ს დანგრევის, როგორც „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის" შესახებ სწორედ მისი თანამდევი ქაოსის კონტექსტში იძენს მნიშვნელობას და დამაჯერებლობას საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ადამიანისათვის.
პუტინის პოლიტიკური კარიერა, მის გარშემო შექმნილი სუპერ-გმირის ხატების განმსაზღვრელი თიკუნი სწორედ „წესრიგის მომტანია" ელცინის ქაოტური 90-იანების შემდეგ.
პუტინის აზრით დემოკრატია თავისი არსით ქაოტურია და ამდენად - სახიფათო.
სწორედ ამ შეგნებას ამკვიდრებს პუტინის მედია საბჭოთა სისტემით ნასაზრდოებ ტვინებში და იმდენად წარმატებითაც, რომ ერთი შეხედვით განათლებული ადამიანებიც კი ცეცხლივით უფრთხიან დემოკრატიული წესით გადაწყვეტილებების მიღებას.
ქვეყნის შიგნით წარმატებული ეს სვლა, რუსეთის მეზობლებზეც მოქმედებს.
კრემლის საინფორმაციო მანქანა თავის მეზობლებს შავბნელი საღებავებით უსახავს ქაოტურ მსოფლიოს, რომელიც გაუგებარი საფრთხეებით, წარსულის აჩრდილებითა და შიშებითაა სავსე.
დასავლეთია ამ ქაოსის მთავარი შემოქმედი - ცივ ომში გამარჯვებით თავს გასული, მორალურად გახრწნილი და კულტურულად გადაგვარებული. „ნუთუ არ გესმით, რა მოიმოქმედეთ?!" ანამუსებს პუტინი დასავლელ ლიდერებს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან.
და თუკი დასავლეთია საძულველი პანდორა, მაშ პუტინია ქაოსის მბრძანებელი. სწორედ მას, მის რუსეთს უპყრია ქაოსის კარიბჭე.
ქაოსისგან რუსეთის დასაცავად პუტინი მზადაა გამოიყვანოს არმია, აიტანოს დანაკარგები, სანქციები და, თუ საჭირო გახდა, გამოიყენოს ატომური იარაღიც კი. უარყოფ პუტინს?! ქაოსის ტალღა წალეკავს დედა რუსეთს.
მეზობლებისთვის კრემლს მსგავსი გზავნილი აქვს შემონახული: თუ დამმორჩილდებით, მსოფლიოში არსებული ქაოსისაგან (ისლამისტები, მიგრანტები, ტერორისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სექსუალური უმცირესობები - თქვენ აირჩიეთ) ნაწილობრივ დაგიცავთ. თუ მეურჩებით, ქაოსს გზას გავუხსნი და მაშინ ვაი, თქვენ.
ასე, რომ პუტინი ჩვეულებრივი რეკეტიორი ყაჩაღივით იქცევა - მეზობლებს უკეთეს ცხოვრებას კი არ სთავაზობს, ეუბნება, თუ დამემორჩილები და ხარკს გადამიხდი, ძალიანაც არ დაგასახიჩრებო.
ევროპის დამთრგუნველი მელანქოლია
მეზობლებზე რუსეთის საინფორმაციო ომის გავლენის შესახებ ბევრი იწერება. თუმცა, კრემლი უიმედობას ასეთი წარმატებით ვერ დათესავდა, რომ არა ევროპის მიდრეკილება საჯარო თვითგვემისაკენ. რომ არა ევროპული წყაროებიდანვე მოპოვებული ინფორმაცია, კრემლის პროპაგანდა ისევე გახდებოდა დასაცინი, როგორც საბჭოთა პროპაგანდის განუწყვეტელი ჩიჩინი „დასავლეთის ლპობის" შესახებ იქცა ნაცარტუტად დასავლეთ ევროპის თვალშისაცემი კეთილდღეობის ფონზე.
გადაავლეთ თვალი ბრიტანულ თუ ფრანგულ გაზეთებს - გინდ ყვითელ პრესას და გინდაც პატივცემულ გამოცემებს - და უიმედობა თვალშისაცემია.
ისინი საუბრობენ „ევროპის საბოლოო დაღმასვლაზე", ბებერი კონტინენტის „უკანასკნელ გაბრძოლებაზე" ეკონომიკური, ლტოლვილების, უსაფრთხოების, ევროს და ბევრი სხვა კრიზისის წინაშე.
ამგვარი განწყობით შთაგონებული პოლიტიკოსები ევროპის წმინდა ძროხებს რიგრიგობით ერეკებიან სასაკლაოზე: ზოგი ევროკავშირიდან გასვლას ითხოვს, ზოგი საზღვრების ჩაკეტვას, პიროვნული თავისუფლებების შეზღუდვას, უცხოელებსა და არა-ქრისტიანული რელიგიების წარმომადგენლების საქმიანობის შეზღუდვას და ათას სხვა რამეს.
ევროპელების მიერ ღირებულებითი ორიენტირების დაკარგვა, ევროპის აღსასრულზე დაუსრულებელი გოდება იმ ავტორიტარული რეჟიმების წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც თავის ქვეშევრდომებს უკეთესი არჩევანის არარსებობას ჩასჩიჩინებენ.
არცაა გასაკვირი, რომ კრემლი დასავლეთში სწორედ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს წყალობს, ვინც უიმედობას ღაღადებს. მათ განცხადებებს რუსეთი სათუთად აგროვებს, აძლიერებს და მერე უკვე საკუთარ მოქალაქეებს და მეზობლებს ასაღებს ევროპის დაღმასვლის დასტურად, იმ იგავის მელასავით, თავისივე კუდი რომ მოჰყავს მოწმედ.
იმედით აცრა
ევროპელები თავს დალხენილად არ გრძნობენ, მაგრამ თუ გამოკითხვებს გადავხედავთ, არც მთლად უიმედოდ არიან.
ევრობარომეტრის გამოკითხვით, რომელიც ყოველწლიურად აფასებს ევროპელების მოსაზრებებს, 2015 წელს გამოკითხულთა 60% თქვა, ეკონომიკური ვითარება გაუარესდაო და მხოლოდ 38%-მა - გაუმჯობესდაო. თუმცა, ამავე დროს, 60% კმაყოფილია საკუთარ ქვეყანაში და მთლიანად ევროპაში ცხოვრების დონით. 2013 წლიდან მოყოლებული ოპტიმისტების რაოდენობა თითქმის ათი პუნქტით გაიზარდა.
ევროკავშირი კვლავაც მსოფლიოს ლიდერია კეთილდღეობით, ნატო კი დღესაც ყველაზე დაცული სამხედრო კავშირია.
რუსეთის მეზობლები - და მისი მოკავშირეებიც - ამჯობინებენ ევროკავშირისა და ნატოს დროშის ქვეშ გაგზავნონ თავისი სამხედროები მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად.
უკრაინელები ევროპული არჩევნისთვის იბრძვიან და იღუპებიან იმიტომ, რომ ამ უსაფრთხო და ნაყოფიერი ოჯახის წევრობა სურთ.
ბალტიის ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება გამოხვიდე საბჭოეთის წიაღიდან და ევროპის ლიდერი გახდე ტექნოლოგიური, სამეცნიერო, მომსახურების, მმართველობისა თუ ბიზნესის სფეროებში სიახლეების დანერგვაში.
საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებისადმი ევროკავშირის და ნატოს წევრების ინსტინქტური სკეპტიციზმი საზიანოა იმიტომ, რომ თავად შობს იმას, რის წინააღმდეგ ბრძოლასაც ლამობს.
ამ ქვეყნებთან დაახლოებისადმი სკეპტიციზმი უკრაინისა და საქართველოსადმი ევროკავშირის უყურადღებობას იწვევს. უყურადღებობის შედეგია ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების არასწორი ანალიზი და მათი დახმარების პოლიტიკის ცუდად დაგეგმვა. ცუდად დაგეგმილი პოლიტიკის და უყურადღებობის შედეგად კი წარსულის მარწუხებს გამოქცეული ეს ქვეყნები ძველ, მოჯადოებულ წრეზე ბრუნდებიან.
უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის იმედის წართმევა, ამ ქვეყნების პროგრესულ ნაწილს საკუთარ მოქალაქეებთან მისასვლელ გზებს უჭრის.
ევროკავშირს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის იმ პოლიტიკური ყურადღების და ფინანსური მხარდაჭერის ორი-მესამედიც რომ დაეთმო, რაც დასავლეთ ბალკანების ომისშემდგომ ტრანზიციას მოახმარა, შედეგები ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ეს წარსული ამბავია.
ცოტა ხნის წინათ, ევროკავშირმა სამუშაო ჯგუფი შექმნა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც რუსული სახელმწიფო მედიის შეთითხნილ მითებსა და ლეგენდებს ებრძვის. თუმცა ტყუილების გამოაშკარავება საქმის მხოლოდ ერთი ნაწილია. როგორც ამას წინათ ცნობილმა ჟურნალისტმა, ენ ეპლბაუმმა თქვა, ტყუილების გამოაშკარავება მხოლოდ იმ ადამიანებს არგებს, ვისაც სიმართლე აინტერესებს.
ევროპული არჩევანის წახალისებისათვის ევროპიდან ახალი, იმედის მომნიჭებელი, მომავლისკენ მიმართული გზავნილია საჭირო.
ჰარი პოტერის მოთხრობებში, სულთამხუთავების მოსაგერიებლად სიყვარულისა და თავგანწირვის ყველაზე სათუთი მოგონებების მოძიება იყო საკმარისი. იმედის გასაცოცხლებლად, იქნებ ევროპაც თავისუფლებისა და სოლიდარობის სწორედ იმ იდეებს უნდა მიუბრუნდეს, რამაც კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან აღადგინა და მშვიდობისა და კეთილდღეობის ჯერაც დაუმარცხებელ მაგალითად აქცია.