ლიტვის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (VSD), რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთოხების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს, დეკემბერში ანგარიში წარმოადგინა, სადაც რუსეთის მიერ ლიტვაში განხორციელებული ანტი-დასავლური და პრო-რუსული პროპაგანდის გავრცელების სქემაზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშის თანახმად, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ლიტვის პარლმენტის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტს წარუდგინა, უმეტეს შემთხვევებში რუსეთი არალეგალურ გზებს იყენებს ლიტვაში პრო-რუსული პროპაგანდის დასაფინანსებლად. კომიტეტის თავჯდომარის, დეპუტატ არტურას პაულაუსკასის თქმით, რუსეთის მიერ დაფინანსებული პროგრამის მუშაობის სტრატეგია ასე გამოიყურება : „ რუსეთში იქმნება ადგილობრივი ან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები, რომელთაც დიმიტრი კისელოვი ხელმძღვანელობს. მათი მთავარი მიზანი ევროპაში პრო-რუსული პროპაგანდის გავრცელებაა. ისინი კონკრეტულ გამოცემებსა და ინტერნეტ პორტალებს აფინანსებენ. ლიტვაში ფული ოფშორული კომპანიებისგან შემოდის, შემდეგ ხდება ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, პროპაგანდისტული სტატიების /სიუჟეტების ავტორებისთვის ხელფასების ხელზე გადახდა. „
პაულაუსკასი ხაზს უსვამს, რომ ეს სქემა ლიტვის კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, ყველაზე წარმატებულად ლიტვაში პრო-რუსულ პროპაგანდას რუსეთის მაუწყებლები ახორციელებენ, შემდეგ ადგილობრივი მცირე მასშტაბის საინფორმაციო საშუალებები, მოსკოვის საერთაშორისო მედია გამოცემები, მაგალითად, სპუტნიკი. პაუალაუსკასის თქმით, რუსებს ლიტვური რადიოს შეძენის სურვილიც ჰქონდათ.
თუმცა, დეპუტატი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდა ლიტვაში შეზღუდულია და უმეტესად რუსულენოვან მოსახლეობაზეა გათვლილი, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ რუსეთის აგენტებს შეზღუდული აქვთ გზები პროპაგანდის ლიტვურ მედიაში გასავრცელებლად და ძირითადად მხოლოდ რეგიონალურ და მცირე მასებზე გათვლილ მაუწყებლობებზე მიუწვდებათ ხელი.
მანტას მარტიზიუსი, ვილნიუსის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორი, აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდის გავლენა ისეთი დიდი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ლიტვის ლიდერების მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურებაა. პარლამენტმა ცოტახნის წინ მიიღო კანონი, რომელმაც დეზინფორმაციის, ომის წამქეზებელი და ეთნიკური დაძაბულობის გამომწვევი ინფორმაციის გამავრცელებელ არხებზე სანქციების დაწესება გაამარტივა. ეს კანონი სულ მცირე ერთ რუსულ არხს- „რტრ პლანეტას“ შეეხო, რომელსაც მაუწყებლობის ლიცენზია გასული წლის გაზაფხულზე სამი თვით ჰქონდა შეჩერებული.
პროფესორის თქმით, ამ კანონმა ლიტვას საშუალება მისცა მეტად ეფექტურად შებრძოლებოდა რუსულ პროპაგანდას. „ მე რომ რუსი პროპაგანდისტი ვყოფილიყავი, საქმის გაკეტება რამდენიმე წლის წინ გაცილებით მარტივი იქნებოდა. ვიტყოდი, ვიყიდოთ რადიო სადგური ან ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება. ახლა კი ასე მარტივი აღარ არის, რადგანაც უკვე ამოწმებენ ვინ არის მყიდველი და რა ინტერესები აქვს მას.“
ლიტვურ-ენოვანი მოსახლეობა შედარებით შეუვალია რუსულ პროპაგანდის მიმართ, მაგრამ ლიტვის რუსულ და პოლონურ ენოვანი საზოგადოება უფრო დაუცველია. აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ლაურინას კაშიუნასი სწორედ ამას მიიჩნევს იმის მიზეზად, რომ ეთნიკური უმცირესობები ხშირად "პარალელური რეალობაში“ ცხოვრობენ.
კვლევის თანახმად, რომელიც ვილნიუსის უნივერსიტეტმა ჩაატარა, კითხვაზე „ ვინ არის დამნაშავე უკრაინაში“, ლიტვურ-ენოვან რესპოდენტთა 75% რუსეთს და პრო-რუსული სეპარატისტებს ადანაშაულებდნენ. პოლონური და რუსულ-ენოვანი რესპოდენტების დაახლოებით 60% კი უკრაინას ან დასავლეთს თვლიდა კონფლიქტში დამნაშავედ. ეს კი იმას მოწმობს, რომ ლიტვამ უნდა იზრუნოს რუსეთისთვის ამ გზის ჩაკეტვისთვის.