წყარო: radiotavisufleba.ge
სირიის კონფლიქტი კვლავ წამყვანი თემაა აშშ-ისა და დასავლეთის მედიაში, თუმცა ,ამის გარდა, მსოფლიო გამოცემები რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
„ტაიმსში“ ცნობილი ანალიტიკოსისა და რუსეთის ექსპერტის ედვარდ ლუკასის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი ცდილობს ახსნას, თუ რატომ წალეკა დასავლეთის მედიასივრცე რუსეთის პროპაგანდამ და რატომ ვერ უპირისპირდება ეფექტიანად დასავლეთი რუსეთის მძლავრ პროპაგანდას.
„მაშინ როცა თავად შორს არის დასავლეთის ჟურნალისტების მონიტორინგისგან, კრემლის ტყუილი და პროპაგანდა ჩვენს მედიას ბიზნესის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. გაზეთები უხვად ბეჭდავენ კრემლის მიერ შედგენილ და დაფინანსებულ სარეკლამო ხასიათის ინფორმაციებს. ვებსაიტებს აღაფრთოვანებს პუბლიკაციები, რომელთაც თან ერთვის მრავალი კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის ავტორები , სავარაუდოდ, ე.წ. „ტროლები“ არიან - ადამიანები, რომლებიც კრემლის არგუმენტების ინტერნეტში გასახმოვანებლად ანაზღაურებას იღებენ. რუსეთის ე.წ. „მოლაპარაკე თავები“, რომლებიც საკუთარ თავს „ჟურნალისტებს“ უწოდებენ, კრემლს ეხმარებიან შეავსონ საეთერო დრო რადიო და ტელე თოქ-შოუებით, ჩვენს რედაქტორებსა და ჟურნალისტებს კი ასწავლეს, რომ სინდისიერად მოეკიდონ ფაქტებს. ცენზურა დაუშვებელია. კრიტიკოსები და კრიტიკის ობიექტები თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდნენ. მაგრამ რუსეთი ხედავს ჩვენს სისუსტეს და იყენებს ამას“, - წერს ავტორი
ავტორი დაგვიანებულად და ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევს რუსეთის საზოგადოებაზე გათვლილი დასავლური სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიაპროექტების შექმნას, როგორიცაა, მაგალითად, ნატოს მიერ ლატვიაში დაფუძნებული „სტრატეგიული კომუნიკაციების“ ცენტრი თუ ევროკავშირის დაფინანსებით ახლახან ამოქმედებული ბრწყინვალე დაიჯესტი რუსულ ენაზე. ედვარდ ლუკასს უფრო ნაყოფიერად სხვა ტექნიკის გამოყენება მიაჩნია. “სატირა მთლიანად გაქრა რუსეთის ტელეარხებიდან. ჩვენ უნდა დავიქირაოთ მახვილგონიერი სატირიკოსები, რომლებიც კრემლის თემაზე იუმორისტულ გადაცემას შექმნიან, და შემდეგ ეს შოუ უნდა ავტვირთოთ youtube-ზე. კიდევ უფრო მეტად ამბიციური იქნებოდა „ვესტ ვინგის“ (ცნობილი სატირული სერიალის) რუსული ვერსიის შექმნა, კრემლის დეკორაციის გამოყენებით. ბატონ პუტინს სატირისა უფრო მეტად ეშინია, ვიდრე კრიტიკის“, - ამბობს ედვარდ ლუკასი.