რუსული საკომუნიკაციო კომპანია საქართველოში

12 მაისი 2015 Shadow

კავშირგაბმულობის  კომპანია “მობიტელი” საქართველოში “ბილაინის” ბრენდით 2007 წელს  შემოვიდა. კომპანია რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია. “ბილაინი” საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით,2013 წლისთვის “მობიტელის”  საბაზრო წილმა მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით 22.6% შეადგინა. “მაგთიკომს” 42.8%, “ჯეოსელს” კი ბაზრის - 33.9% ეკუთვნის. 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი აბონენტების რაოდენობა 1,205,647 შეადგენს.

რუსულ კომპანია “ვიმპელკომის” მიერ “მობიტელში” განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა რამდენიმე წელია რუსეთიდან შემოსულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორისაა - 2010-2012 წლებში პირველ ადგილზე იყო,  2014 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა. მას მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, დავით იაკობიშვილი მიერ  „ვინ ბილ დანში“ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ გადაუსწრო.

„ვიმპელკომი“ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს -  „ვოთერთრაილ ინდასტრიზს“ 51% ეკუთვნის,  „ინვესტიკო ალიანსე“ - 29%, მირენ ინვესტი კი 20% ფლობს.

fridman“მობიტელის” ცნობით, „ვიმპელკომი“ მომსახურებებს აწვდის მთელ მსოფლიოში, დაახლოებით 739 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე. „ვიმპელკომ“ ჯგუფის კომპანიები მომსახურებებს შემდეგი ბრენდებით არიან ბაზარზე წარმოდგენული: „ბილაინი“, „კიევსტარი“, „djuice“, „Wind“,  „Infostrada“, „Mobilink“, „Banglalink“, „Telecel“ და „Djezzy“. აბონენტების ჯამური რაოდენობა 2014 წლის 30 ივნისის მონაცემებით 220 მილიონია.

„ვიმპელკომის“ აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია Telenor-ს ეკუთვნის.  47.9% კი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის Alfa Group-ის წევრ Altimo-ს ეკუთვნის,  „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზეა.

ფრიდმანს ეკუთვნის მინერალური წყლების კომპანია “შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო ” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა კომპანია "IDS Borjomi"-ს საკონტროლო პაკეტი "Альфа-Групп"-ს 2013 წელს მიჰყიდეს.

საქართველოში შპს „მობიტელი“ 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და მფლობელი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2004-2012 წლებში. კომპანიის საქმიანობაში მითითებული იყო - "მობილური რადიო ქსელების შექმნა, მონტაჟი, განვითარება და მომსახურება". 2004 წლის 3 თებერვალს ლევან ვარშალომიძე ორგანიზაციიდან გავიდა და 100%-იანი წილი და დირექტორის თანამდებობა კახაბერ დამენიას გადაუფორმა. დამენიამ თავის მხრივ 20 დღის შემდეგ, 23 თებერვალს, თავისი წილი ბიზნესმენ ნოდარ გიგინეიშვილს მიჰყიდა. 2005 წელს დამენია ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 

კომპანიის მესაკუთრეებს შორის ოფშორული კომპანიები 2006 წლიდან ჩნდება - ნოდარ გიგინეიშვილის წილი 2005 წელს დაფუძნებულმა Delgado Resources-მა და Watertrail Industies-მა იყიდეს. ორივე კომპანიის წარმომადგენლად კი ლევან ყარამანიშვილი მიუთითეს. ყარამანიშვილი გიგინეიშვილის ბიზნესპარტნიორია.

2006 წლის 12 ივლისს "მობიტელის" სამეთვალყურეო საბჭო ასე დაკომპლექტდა - Watertrail Industies-ის მხრიდან საბჭოში შევიდნენ რუსული "ვიმპელკომის" წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეები სერგეი ავდეევი, ელენა შმატოვა და უკრაინის მოქალაქე ვლადიმერ რიაბოკონი, ხოლო Delgado Resources-ს საბჭოში წარმოადგენდნენ - საქართველოს მოქალაქე ლევან ყარამანიშვილი და რუსეთის მოქალაქე რევაზ შარანგია. 

2015 წლისთვის "მობიტელის" დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილია. 2013 წლის იანვარში, პარტნიორთა იმ კრებაზე, რომელზეც ტყეშელაშვილი დირექტორად აირჩიეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით სხდომას ესწრებოდა ლევან ყარამანიშვილიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი. უკვე ივნისში გამართულ სხდომას, სადაც საბჭოს წევრებად თეიმურაზ არონია და ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს, ყარამანიშვილი აღარ მონაწილეობდა, თუმცა სამეწარმეო რეესტრში არ არის დაცული დოკუმენტი, სადაც საბჭოდან ყარამანიშვილის გასვლაზეა საუბარი.

varshalomidze_1სამეწარმეო რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, 2015 წლისთვის „მობიტელის“ სამეთვალყურეო საბჭოში შედიან რუსეთის მოქალაქეები - ილია ჩულიუკინი, დმიტრი კრომსკი,  ზაურეშ ლისიცინა და საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ არონია,  ხვიჩა მაქაცარია. ეს უკანასკნელი სამეთვალყურეო საბჭოში 2013 წელს შევიდა.

აღსანიშნავია, რომ „მობიტელმა“ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, თუმცა ვერც ერთ მათგანში ვერ გაიმარჯვა. სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური ხარვეზის გამო მისცა.

თეიმურაზ არონია და ხვიჩა მაქაცარია საქართველოში მსხვილ ბიზნეს კომპანიებს ფლობენ. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინი". აღსანიშნავია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს  საომარი მოქმედებების დროს, საქართველოს ინტერნეტ სივრცე სერიოზული კიბერ შეტევების წინაშე აღმოჩნდა.

მაქაცარიამ და არონიამ 2013 წელს დააფუძნეს კომპანია   Caucaus Business Solution (CBS) სადაც 11 კომპანია გააერთიანეს. მათ შორისაა სატელეკომუნიკაციო კომპანია  “კავკასუს ონლაინი”. შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, ტოტალიზატორი „ევროპაბეთი“, სატელეკომუნიკაციო კომპანია „რკინიგზის ტელეკომპანი“, სასტუმრო ბათუმში „ინტურისტ პალასი“, რესტორნების ქსელი და ლუდსახარში „მირზაანი“, რესტორნების ქსელი GMC Group, რომელიც აერთიანებს და მენეჯმენტს უწევს ცნობილ რესტორნებს ,,ძველი სახლი’’, ,,შემოიხედე გენაცვალე’’, ,,სლოვინსკაია’’, "ქალაქური", "მატრიოშკა", "გურმანი",  რესტორანი-ტერასა ,,BOHEMA’’. CBS-ს ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „ელეფანტი“, თელეთის ხორცკომბინატი და ეწ „დეზერტირების ბაზარი“.

 

 

bilaini