საბჭოთა საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის ტრადიციები

23 ოქტომბერი 2015 Shadow

ავტორი: ლევან ავალაიშვილი

სტატია მომზადებულია ჟურნალ "საარქივო მოამბესთვის"

ქვეყნდება მცირედი შემოკლებით

ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების პირველივე თვეებში უცხო ქვეყნებზე და რუსეთში მყოფ მათ მოქალაქეებზე პროპაგანდის საწარმოებლად სასწრაფოდ შეიქმნა საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის კოორდინაციის ორგანოები.

1918-1919 წლებში მოქმედებდა:1_2

1) საბჭოთა პროპაგანდის განყოფილება (ბრესტის ზავამდე მას ერქვა საერთაშორისო რევოლუციური პროპაგანდის განყოფილება);

2) კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზღვარგარეთის ჯგუფთა ფედერაცია;

3) იგივე ცკ-სთან არსებული ნაციონალურ უმცირესობათა ცენტრალური ბიუროს სექცია;

4) სამხედრო განყოფილებასთან არსებული ტყვეთა ბიურო;

5) უცხოეთში საბჭოთა წარმომადგენლობების პრეს ბიურო.

დიდ საქმიანობას ეწეოდა საბჭოთა არმიის პროპაგანდისტული სამსახური. 1920 წლის სექტემბრიდან მთელს მსოფლიოში დაიწყო გაზეთ "საბჭოთა პრესის მიმოხილვის” უფასოდ გავრცელება. ლენინის ბრძანებით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობების საინფორმაციო ბიუროები. მაგ. აშშ-ში უკვე 1919 წელს გამოსცემდნენ ჟურნალს "სოვიეტ რაშა” ("საბჭოთა რუსეთი”).

საბჭოთა მეცნიერთა აზრით, საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ვითარდებოდა:

ა) საგარეო-პოლიტიკურ პროპაგანდაში პარტიული და საბჭოთა პრესის გააქტიურება მსოფლიოს მასშტაბით;

ბ) რადიო საშუალებებზე, როგორც პროპაგანდის გავრცელების მასობრივ ხერხზე, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა;

გ) საინფორმაციო სამსახურებისა და სააგენტოების შექმნა და სრულყოფა;

დ) საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) საინფორმაციო საქმიანობის გააქტიურება. 

საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის აპარატის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების ოპერატიული სამსახურის შექმნას.1941 წლის ივნისში, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, შეიქმნა ახალი საინფორმაციო სააგენტო -საბჭოთა საინფორმაციო ბიურო ("სოვინფორმბიურო"). მას დაევალა პრესასა და რადიოში საერთაშორისო ამბებისა და საომარი ცნობების გაშუქება. ხელმძღვანელად დაინიშნა პოლიტბიუროს წევრი შერბაკოვი. "სოვინფორმბიუროს" ძირითადი ტაქტიკის განსაზღვრაზე ერთად მუშაობდნენ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, რადიოკომიტეტის, "ტასს"-ის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ყველასთვის ცნობილი გამოთქმა: _"от Советского Информбюро" ღრმად დამკვიდრდა ყოველი საბჭოთა ადამიანის მეხსიერებაში.

ომის ბოლოსთვის "სოვინფორმბიურო" სხვადასხვა მასალით ამარაგებდა 32 სატელეგრაფო და საგაზეთო სააგენტოს, 18 რადიოსადგურს, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, კანადაში, ავსტრალიაში, შვეციაში, ჩინეთში, კუბაში, მექსიკასა და ჩილეში და ა.შ. ომის განმავლობაში მან უცხოეთში გაგზავნა 135 ათასი საბჭოთა სტატია.

ომის შემდეგ "სოვინფორმბიურო", 1961 წლამდე აგრძელებდა უცხოეთში საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე სტატიებისა და ნაშრომების გავრცელებას. 1961 წელს კი ეს ფუნქცია დაეკისრა აპნ-ს (АПН-Агенство печати Новости).

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის წარმოება ძირითადად საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ხელში გადავიდა.  კომიტეტმა ჩამოაყალიბა საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოება "ვოკს"-ი (ВОКС – Всесоюзное Общество Культурной Связи с заграницей), რომელსაც დაევალა კულტურული ექსპანსიის გზით საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ინტერესების დაცვის მხარდაჭერა.

2_2რუსი მეცნიერი ა. ს. სტიკალინი თავის ნაშრომში "საბჭოთა პროპაგანდა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინტელიგენციის განწყობილება 1940-იანი წლების II ნახევარში”, აღნიშნავს იმ დიდ ღვაწლს, რომელიც მიუძღვით "ვოკს"-ის მუშაკებს საბჭოთა იდეების პროპაგანდის საქმეში. კომუნისტური მოძრაობა გაძლიერდა არა მარტო იმ რეგიონებში, სადაც იდგა საბჭოთა ჯარი და სადაც დამყარებული იყო მკაცრი კონტროლი მოსკოვის მხრიდან, არამედ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც საფრანგეთი და იტალია იყო. საბჭოთა პროპაგანდისტები კარგად სარგებლობდნენ ევროპულ მასებში კომუნისტურ იდეებზე მწირი წარმოდგენებით და ყველაფერს აკეთებდნენ სსრ კავშირისადმი სიმპათიების გასაძლიერებლად.

საერთოდ, ცივი ომის საწყის ეტაპზე საბჭოთა პროპაგანდას ძალზე ბევრი სუსტი მხარე და ნაკლოვანება ჰქონდა. ამაზე მოწმობს ჩვენ მიერ საქართველოს შსს-ს არქივში მოძიებული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის, გიორგი ჟუკოვის მოხსენებას საბჭოთა პროპაგანდის ორგანიზაციაზე აზიისა და აფრიკის ქვეყნებში 1958 წლისთვის. ამ დოკუმენტის გაანალიზებისას კარგად ჩანს საბჭოთა პროპაგანდის ორგანიზაციის მექანიზმი.

"აღმოსავლეთ ქვეყნებზე ჩვენი პროპაგანდის მთავარი მიზანია -დავარწმუნოთ ამ ქვეყნების ხალხები კაპიტალიზმთან შედარებით სოციალიზმის უპირატესობაში და გადმოვიბიროთ ისინი ჩვენს სოციალისტურ ბანაკში. მაგრამ ეს ამოცანა  გადასაწყვეტია არა "ფრონტალური" შეტევით, არამედ მოქნილი, ტაქტიანი, ადგილობრივი ტრადიციებისა და ვითარებით გათვალისწინებული საბჭოთა პროპაგანდით" , -ნათქვამია ამ დოკუმენტში. ამავე დროს იქვეა მითითებული, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ეს "არ გამოიყურებოდეს, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა".  აქედან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა სამსახურები კარგად აფასებდნენ საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის გამოყენების მნიშვნელობას და ამასთან ერთად სიფრთხილის აუცილებლობასაც.

კომიტეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები აზიის ხალხთა მასებზე იდეოლოგიური გავლენის მოსაპოვებლად ფართოდ იყენებდნენ ისეთ იარაღს, როგორიც იყო პროპაგანდა და ამავე დროს ხაზს უსვამდნენ იმას, რომ "თავისი მატერიალურ-ტექნიკური მოწყობითა და გაქანებით ამერიკული პროპაგანდა აღმოსავლეთში ბევრად სჯობია საბჭოთა პროპაგანდას ".

აქვე მოყვანილია ის მთავარი უპირატესობა, რომელიც ჰქონდათ ამერიკელებს საბჭოთა პროპაგანდისტულ აპარატთან შედარებით -ამერიკის საინფორმაციო სამსახური აერთიანებდა პროპაგანდისტული საქმიანობის ყველა ფორმას: ბეჭდვითი, საინფორმაციო, კინოპროპაგანდა, რადიოპროპაგანდა. აწყობდა გამოფენებს, ინგლისური ენების კურსებს, მხატვრულ საღამოებს. იგი აკონტროლებდა ისეთი ორგანიზაციების საქმიანობებს, როგორიც იყო "ფორდის ფონდი" და "როკფელერ ფაუნდეიშენი". ამერიკის საინფორმაციო სამსახური მჭიდრო კონტაქტებს ამყარებდა ადგილობრივ გამომცემლებთან და მათი მეშვეობით აწარმოებდა პროპაგანდისტული მასალის გამოშვებას, ერთი სიტყვით, ცენტრალიზაციას უწევდა მთელ პროპაგანდისტულ საქმიანობას.

ამავე დროს კი საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (ტასსი), "საერთაშორისო წიგნი", "ექსპორტფილმი", საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული კავშირების საბჭოთა საზოგადოებების კავშირი, ანუ საბჭოთა პროპაგანდის ძირითადი სტრუქტურები, სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

საბჭოთა მხარის თვალსაზრისით, ამერიკულ პროპაგანდას ჰქონდა კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, მიუხედავად აშშ-ისა და სსრკ-ის რადიოსიმძლავრეებს შორის მცირე განსხვავებისა, ამერიკელებს თავიანთი რადიოსადგურები განლაგებული ჰქონდათ აზიური კონტინენტის სიახლოვეს -ტანჟერში, ისრაელში, ცეილონზე, იორდანიაში და ა.შ. ამიტომ მათ ჰქონდათ საშუალება, ეწარმოებინათ თავიანთი გადაცემები კონკრეტული ქვეყნების მოსახლეობის რადიომიმღებების ხარისხისა და ამ რადიომიმღებების ტალღების შესაბამისად, რაც სერიოზულ უპირატესობას ანიჭებდა ამერიკულ მხარეს.

მართლაც, საბჭოთა პროპაგანდა მოიკოჭლებდა მრავალ სფეროში. ცუდად იყო ბეჭდვითი პროპაგანდის საქმეც, რომლითაც დაკავებული იყო "სოვინფორმბიურო". პირველ რიგში, მის მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის პროდუქცია გამოირჩეოდა ძალზე დაბალი ხარისხით, არაოპერატიულობითა და ნაკლებად საინტერესო თემატიკით. მეორეც, რაც უფრო აღსანიშნავია, საბჭოთა პროპაგანდის მექანიზმი მოიკოჭლებდა ორგანიზაციაში.

საბჭოთა პროპაგანდას დიდ დაბრკოლებას უქმნიდა არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისუსტე, არამედ კვალიფიცირებული კადრების სიმცირეც. ასეთი კადრების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ შემცირდა, რაც 1953 წელს საბჭოთა კავშირში დაიხურა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

საბოლოოდ, კომიტეტმა, რომლის მთავარი დანიშნულებაც იყო აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე პროპაგანდის გაუმჯობესება კონკრეტული წინადადებების შემუშავებით, ჩამოაყალიბა აუცილებელი ღონისძიებების გეგმა, რომლის პუნქტებიც განსაზღვრავდნენ პროპაგანდისტული მუშაობისა და აპარატის განვითარების ძირითად მიმართულებები:2_2

1. საბჭოთა პროპაგანდის თეორიული დონის ამაღლება. ამისათვის მიზანშეწონილად მიაჩნდათ საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტთან  სპეციალური საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შევიდოდნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები, ჟურნალისტები და პროპაგანდის მუშაკები.

2.აზიასა და აფრიკაში საბჭოთა პროპაგანდის ფორმები და სახეობები. კომიტეტის დასკვნით, განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევი იყო აზიის მოსახლეობაში უფასო პროპაგანდისტული მასალების დარიგება და იქ საბჭოთა კულტურის მოღვაწეთა ვიზიტები. ხოლო იმისათვის, რათა უფრო ეფექტურად გაეწიათ წინააღმდეგობა დასავლეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პროპაგანდისათვის და ცოტათი მაინც შეერბილებინათ საბჭოთა პროპაგანდის მუდმივად ოფიციალური ტონი, კომიტეტი ფიქრობდა "ფორმალურად არასახელმწიფოებრივი" ორგანიზაციების შექმნას, მაგ., მახლობელი აღმოსავლეთისათვის -"აკადემიკოს კრაჩოვსკის ფონდის", ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის "მიკლუხო-მაკლაის ფონდის" შექმნას;

3. აზიასა და აფრიკაზე მიმდინარე პროპაგანდის კოორდინაცია საბჭოთა და სოციალისტური  ბანაკის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს შორის;

4. საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკების, განსაკუთრებით კი შუა აზიისა და ამიერკავკასიის, პროპაგანდისტული საშუალებების უფრო აქტიური გამოყენება და ამ მიზნით მათი ბიუჯეტებიდან სპეციალური თანხების გამოყოფა;

5. აღმოსავლეთში არსებული პროპაგანდისტული საშუალებებისა და ძალების კოორდინაცია. კომიტეტის აზრით, საჭირო იყო ისეთი სტრუქტურების მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც იყო "სოვინფორმბიურო," "ტასსი," "საერთაშორისო წიგნი”, "სოვექსპორტფილმი” ი. უკეთესი იქნებოდა, თუ შეიქმნებოდა საინფორმაციო ცენტრები და  კულტურის საკითხებზე მრჩევლების ინსტიტუტი.

6. აღმოსავლეთში საბჭოთა პროპაგანდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება. აშშ კვლავ სჯობდა საბჭოთა კავშირს თავისი გადამცემების სიძლიერით. ამავე დროს ამერიკის რადიოსადგურები აშენებული იყო დას. გერმანიაში, საბერძნეთში, ჰავაის კუნძულებზე, ფილიპინებზე, კუნძულ ოკინავაზე -ანუ აზიის და აფრიკის ქვეყნების სიახლოვეს. ამიტომ, კომიტეტის დასკვნით, საჭირო იყო საბჭოთა გადამცემების სასწრაფოდ აშენება არა მარტო სსრკ-ის ტერიტორიაზე, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგ., ჩინეთი და ვიეტნამია.

 

ეს დოკუმენტი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის წარმოებას საბჭოთა კავშირში, იგი აყვანილი იყო საგარეო პოლიტიკის რანგში. ფაქტობრივად, ეს იყო ცივი ომის წინა ხაზი.

თანამედროვე პერიოდში ტერმინი "პროპაგანდა" შეიცვალა ტერმინით -"საინფორმაციო პოლიტიკა", მაგრამ, მიუხედავად ამისა, შინაარსი იგივე დარჩა.

დღესდღეობით ნებისმიერი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური სვლა აუცილებლად საჭიროებს შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემზადებული საინფორმაციო ფონის შექმნა კრიზისულ და საომარ ვითარებაში. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის "საუკეთესო” ტრადიციებს, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა აგვისტოს მოვლენების დროს.

ვლადიმერ პუტინის მოსვლისთანავე ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იყო რუსულ მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარება. ნებისმიერი ტოტალიტარული ან ნახევრად ტოტალიტარული სახელმწიფოს არსებობისათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის წარმოებისთვის შეიქმნა სპეციალური ტელეარხი "ღუსსია თოდაყ" დაწესდა მკაცრი კონტროლი რუსულ ინტერნეტსივრცეზე.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა შესაბამისი მიზნით ამოქმედდა. რუსული მხარე ომის მსვლელობისას საკმაოდ პრიმიტიულ, მაგრამ ამავე დროს საბჭოთა კავშირში წლების განმავლობაში აპრობირებულ ხერხებს მიმართავდა. მაგ., თქვი რაც შეიძლება მეტი ტყუილი, გაავრცელე რაც შეიძლება მეტი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, აქცენტი გააკეთე ყველაზე ემოციურ მომენტებზე და, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში რეალური ფაქტები გააქარწყლებენ ცრუ ინფორმაციის უმეტესობას მასებში, მაინც დარჩება რაღაც იმ წარმოდგენებიდან, რომლებიც შენ გაავრცელე სპეციალურად.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო დაღუპულების არარეალური ციფრის გავრცელება კონფლიქტის მეორე დღეს. გადაუმოწმებელი, აშკარად გამოგონილი ინფორმაცია ცხინვალში 2000 დაღუპული მოქალაქის შესახებ ყოველდღე ფონად გასდევდა ყველა რუსულ საინფორმაციო გამოშვებას, მათ შორის, ინგლისურენოვან "ღუსსია თოდაყ"-ის. ამავე დროს, საგარეო- პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, ეს მითი გამოყენებულ იქნა რუსეთის უმაღლეს ხელისუფალთა მხრიდან საქართველოს ოსური მოსახლეობის გენოციდში დასადანაშაულებლად და შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების გასამართლებლად  (შემდგომში თავად რუსული მხარის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი მინიმუმ ათჯერ ნაკლები იყო, სადაც უმეტესობას სამხედრო მოსამსახურეები შეადგენდნენ).

საკუთარი და მსოფლიო აუდიტორიის ემოციური დამუხტვისთვის გამოყენებულ იქნა შეთხზული კლიშეების მასობრივად გავრცელება. ერთ-ერთ ნიმუშად გამოდგება "მძინარე ქალაქის დაბომბვა.” ამ პროპაგანდისტულ კლიშეში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სიტყვაზე -მძინარე ქალაქი. გაუცნობიერებელ მაყურებელს იმწამსვე უჩნდება თანაგრძნობა "მშვიდობიან ქალაქში” დაბომბვის ქვეშ მოყოლილი მძინარე უდანაშაულო მოსახლეობისადმი. საინტერესოა, რომ ღამით ქართული საარტილერიო ცეცხლის კადრებს თუ იხილავთ, ვერსად ნახავთ ცხინვალში იმავე ღამეს საარტილერიო ჭურვების მასობრივად ჩამოვარდნის კადრებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში კონფლიქტის ესკალაციამდე სპეციალურად გაგზავნილი იყო რუსეთის საუკეთესო ჟურნალისტების ათეულობით ჯგუფი, რომლებიც ასეთ "ბრწყინვალე შანსს” ნამდვილად არ გაუშვებდნენ ხელიდან. კიდევ ერთი კლიშე, რომელიც გავრცელდა იმ დღეებში, იყო ქართული ოპერაციის გამოგონილი სახელწოდება "чистое поле”. ვფიქრობ, დიდ ახსნას არ საჭიროებს, რა ემოციას გამოიწვევდა ესეთი სიტყვათა წყობა მოსახლეობაში.  

თუ საბჭოთა კავშირში უცხო ქვეყანაში ინტერვენციის გასამართლებლად იყენებდნენ ტერმინს "ინტერნაციონალური სოლიდარობა”, ამჯერად თანამედროვეობის გათვალისწინებით გამოიყენეს ტერმინი "მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია.”

ნამდვილი საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული ინტერნეტსივრცეში. უნდა აღინიშნოს, რომ აქაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, თანაც არა ხარისხის, არამედ რაოდენობის ხარჯზე. ვერ ნახავთ ინტერნეტსივრცეში თემას, რომელიც ეხება აგვისტოს მოვლენებს და არ არის გაკეთებული რუსული მხარის კომენტარები.

დასკვნის სახით მინდა, აღვნიშნო, რომ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის აშკარა მავნე პროპაგანდას და საინფორმაციო ზეწოლას საკადრისი პასუხი გაეცეს, საჭიროა მისი მოქმედების სერიოზული ანალიზი. მასალები გასაანალიზებლად საკმარისზე მეტი არის დაცული ქართულ არქივებში. ამავე დროს, საბჭოთა კავშირი, პირველ რიგში, დამარცხდა საინფორმაციო ომში დასავლურ ღირებულებებთან, რადგანაც ტოტალიტარული ქვეყნის პროპაგანდა თავისი არსით არის განწირული მარცხისთვის, საჭიროა, უბრალოდ საკადრისი წინააღმდეგობის გაწევა და ეს განვლილი ისტორიის შესწავლითაც უნდა მოხდეს.