წყარო: liberali.ge
„გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, ძალას, იმისათვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და სათანადო გამოხმაურება და რეაგირება მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან“, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება ახლა საოკაუპაციო ხაზის გასწვრივ. საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს.
კერესელიძის თქმით, ამ მიზნით უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაეროს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებშიც.
10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღმართეს.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და აღნიშნული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.