დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი, შილდა ჰესი, ავანი ჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი, ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2 - ეს საქართველოში არსებული იმ ჰიდროელექტროსადგურების ჩამონათვალია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ.
2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მევლუდ ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა.
მევლუდ ბლიაძე საქართველოში დაიბადა. მოგვიანებით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს კი რუსული სააქციო საზოგადოება „პილონის“ ხელმძღვანელობა დაიწყო. დღეს ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. „პილონი“ სანკტ პეტერბურგში ხიდების, გზების რეკონსტრუქციასა და შეკეთებას უზრუნველყოფს და ერთ ერთი ლიდერი კომპანიაა ამ მიმართულებით. 2012 წელს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის გახსნას თავად პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა. მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება .
მევლუდ ბლიაძის შპს „ენერგია“ სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია. ამ უკანასკნელთან საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 19 მაისს გააფორმა მემორანდუმი დარიალის ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ . დარიალი ჰესი მდინარე თერგზე მდებარეობს. ინვესტიციის ოდენობა 135 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგზე, დარიალის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 109 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას. ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებს. დარიალი ჰესის მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.
უკვე გაიხსნა შპს „ენერგიას“ მიერ აშენებული ლარსი ჰესიც. მემორანდუმი საქართველოს მთავრობას, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს “ენერგიასთან” 2011 წლის 17 მაისს გაფორმდა, ორი დღით ადრე დარიალი ჰესის გადაცემამდე. ამ მემორანდუმის თანახმად, კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ექსპლუატაციის და 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
შპს „ენერგია“ ფლობს 5მგვტ სიმძლავრის ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებულ შილდა ჰესსაც, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გახსნა . მისი მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგიას“, სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა” და სს GGEDC-ს შორის 2012 წლის 13 ივლისს გაფორმდა. მემორანდუმით ინვესტიციის საერთო ღირებულება 5 500 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს “ენერგო ინვესტს”, რომელმაც ავანიჰესი უნდა ააშენოს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის (#545) დადგენილებით კახეთის რეგიონში „ავანი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად “ენერგო ინვესტი” გამოვლინდა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე, 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა. მისი დირექტორიც ბეკხან ალიევი, მფლობელის, ამი მარაევის მსგავსად რუსეთის მოქალაქეა.
ინტერესთა გამოხატვაში „ენერგო ინვესტის“ გამარჯვების შემდეგ ენერგეტიკის სამინისტროს მასთან გასაფორმებელი მემორანდუმის მომზადება დაევალა. აღსანიშნავია, რომ “ენერგო ინვესტთან” გაფორმებული მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე სხვა მემორანდუმებისგან განსხვავებით, გამოქვეყნებული არ არის, უცნობია გაფორმდა თუ არა საერთოდ აღნიშნული მემორანდუმი.
შპს “ჯ.ბ.ჯ.” ფლობს 1.25 მგვტ სიმძლავრის ალგეთიჰესს, კომპანიის 50 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე სოლომონ ჩხაიძეა, დანარჩენი 50 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქე ელისო ქორიძის საკუთრებაშია.
რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელის, რაული ქურდაძის საკუთრებაშია შპს “ფშავი ჰიდრო”, რომელმაც სკურდიდი ჰესი უნდა ააშენოს. რაულ ქურდაძემ კომპანიის 75% 2015 წლის 20 იანვარს ნოდარ საბანაძისგან 750 ლარად შეიძინა. დანარჩენი 25% პროცენტი ზაზა არდიშვილის საკუთრებაშია, ის ასრულებს დირექტორის მოვალეობასაც.
საქართველოს მთავრობამ შპს “ფშავი ჰიდროსთან” მემორანდუმი 2014 წლის 19 ივნისს გააფორმა. კომპანია იმ პერიოდში რამდენიმე თვის დაფუძნებული იყო - “ფშავი ჰიდროს” რეგისტრაციის თარიღი 2014 წლის 17 იანვარია.
მემორანდუმი კომპანიისთვის აჭარაში მდინარე სკურდიდზე სკურდიდი ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლების გაცემას ითვალისწინებდა, თუმცა, ამავე მემორანდუმში ჩაიწერა, რომ მშენებლობის დაწყებამდე, მემორანდუმის ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში “ფშავი ჰიდრო” იღებს სხვდასხვა ტიპის კვლევების ჩატარების ვალდებულებას, რის საფუძველზეც მხარეები იღებენ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ან მშენებლობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოთხი თვის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება ჰესის მშენებლობის შესახებ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 198,800.00 აშშ დოლარია. ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის ეტაპი ჯერ არ დასრულებულა.
ხრამჰესი 1 და ხრამჰესი 2 კი რუსული ენერგო კომპანია „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია. „ინტერ რაოს“ აქციონერები კი რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან.