კომუნისტური პარტიის წევრი-ვლადიმირ სიმაგინი "ობიექტივის" ეთერში

20 ივნისი 2016 Shadow

19 ივნისს, მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემაში „პოლიტიკური ღამე“ ვალერი კვარაცხელიას სტუმრად კომუნისტური პარტიის წევრი, რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმირ სიმაგინი ყავდა.

სამაგინი რუსეთის სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ), ევროინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კავშირების სათათბიროს მდივანია და აქტიურად უჭერს მხარს ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას, არც იმის თქმას ერიდება ღიად, რომ ევრაზიული კავშირის წევრობისთვის ქვეყნებს მოუწევთ მსხვერპლად საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი გაიღონ.

სამაგინი სტუდენტებთან შეხვედრების დროს ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დასავლეთს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ საფრთხედ წარმოაჩენს, დასავლური ცივილიზაციისგან მტრის ხატს ქმნის და ცდილობს, მოსახლეობაში მეტად პოპულარული გახადოს ეს ნარატივი. ამის ერთ-ერთი დასტურია სტუდენტებთან მისი ერთ-ერთი გამოსვლა:ყველა პროგრესული ადამიანისთვის ცხადია, რომ ამერიკის მთავარი სამიზნე რუსეთია- მსოფლიოს ხმელეთის 30%, სადაც უდიდესი ბუნებრივი რესურსებია- მინერალები, ნაყოფიერი მიწა და, რაც მთავარია, ამოუწურავი ადამიანური რესურსებია.“ ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კი, სამაგინის თქმით, საჭიროა ისეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. სამაგინი ღიად უჭერს მხარს საბჭოთა კავშირის პოლიტიკას და მის მიერ მიღწეულ შედეგებს სამაგალითოს უწოდებს. რუსეთი განადგურებული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშისტალინისა და ლენინის მიერ გატარებულმა რეფორმებმა კი ნახევრად მკვდარი რუსეთისგან საბჭოთა კავშირი შექმნა, სადაც არ იყო სიღარიბის, უსამართლობის, ჩაგვრის ადგილი. საბჭოთა კავშირი სოციალისტური სისტემის უპირატესობის მტკიცებულებაა ევროპული კაპიტალიზმის ყოველგვარი ვარიაციასთან შედარებით“.

მსგავსი გამოსვლებით რუსეთის დუმის დეპუტატი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს რუს მოსახლეობაზე, გააძლიეროს საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტები, შექმნას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის საერთო ნარატივი, სადაც რუსეთი და ევრაზიული კავშირი ერთადერთი მხსნელია, დასავლეთი კი ეროვნული ღირებულებების მტერი. სწორედ ასეთივე შინაარსის იყო მისი გამოსვლაც ობიექტივის ეთერში, სადაც ის ქართულ-რუსულ მეგობრობაზე საუბრობდა, ხაზს უსვამდა, რომ არსებული დაძაბულობა ამერიკის მიერ არის პროვოცირებული და სრულიად უყურადღებოდ ტოვებდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ გატარებულ თითქმის ორსაუკუნოვან პოლიტიკას. 

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ „ობიექტივის“ ეთერში ხშირია ანტიდასავლური და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი გადაცემები, ეს განსაკუთრებით გადაცემა „პოლიტიკურ ღამეს“ ეხება.ხოლო აღნიშნული გადაცემის წამყვანი, ვალერი კვარაცხელია, კრემლთან დაახლოებული ორგანიზაციების „ისტორიული მემკვიდრეობის“ და „გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის“ მიერ საქართველოში ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. უკანასკნელ პერიოდში, რუსული პროპაგანდა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს საქართველოში და ქართულ მედია-სივრცეში კომუნისტური პარტიის წევრის, რუსეთის დუმის დეპუტატის, იმ ადამიანის რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვლადიმერ სამაგინის გამოჩენაც საზოგადოებაში სწორედ პრო-რუსული განწყობების გაძლიერებას და კრემლის პოლიტიკის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად.