შავი ზღვის ფლოტისა და სამხრეთის სამხედრო ოლქის წვრთნები უკრაინის დაძაბულობის ფონზე

21 აპრილი 2021 Shadow

2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტმა შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს. წვრთნების დაწყება იყო ერთგვარი პასუხი გადაწყვეტილებაზე აშშ-ის ორი სამხედრო ხომალდის შავი ზღვის წყლებში გაგზავნის თაობაზე, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიბაკოვი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „"ვაფრთხილებთ აშშ-ს, რომ მათთვისვე უკეთესი იქნება, თუ ყირიმისგან, ჩვენი შავიზღვისპირეთისგან, თავს შორს დაიჭერენ".

სამხედრო გემი "ადმირალ მაკაროვი"

წყარო: TASS

 

მოგვიანებით, 20 აპრილს, კი რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავი ზღვის ფლოტის 20-ზე მეტმა ხომალდმა სამხრეთის სამხედრო ოლქის საბრძოლო თვითმფრინავის Su-25SM3 ეკიპაჟთან და საჰაერო თავდაცვის სარდლობასთან ერთად დაიწყო ერთობლივი წვრთნები. ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნებში ჩართულები არიან სამხედრო გემები "ადმირალ მაკაროვი" და "ადმირალ ესენი", კორვეტები, რაკეტის გამშვები გემები, სამხედრო ნავსაწინააღმდეგო და წყალხმელეთა საიერიშო ხომალდები. წვრთნების მიზანია საჰაერო თავდასხმების მოგერიება. ამასთანავე, წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთის სამხედრო ოლქის ესკადრონებმა. საყურადღებოა, რომ ცოტა ხნით ადრე, სამხრეთის სამხედრო ოლქის 50-ზე მეტი თვითმფრინავი ყირიმში გაიგზავნა საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად. 

სამხრეთის სამხედრო ოლქი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს. სამხრეთის სამხედრო ოლქის უშუალო დაქვემდებარებაშია პირველი და მეორე ოპერატიული სარდლობა, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია და საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა. სამხრეთის სამხედრო ოლქის შენაერთები ჩართული იყვნენ სამხედრო მოქმედებებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიაში და სირიის სამხედრო ოპერაციებში. აღსანიშნავია, რომ „დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად“, სამხრეთის სამხედრო ოლქი რეგულარულად ატარებს წვრთნებს, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. შესაბამისად, უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის გააქტიურებაც მოულოდნელი არ ყოფილა.

რუსეთის სამხედრო ოლქების რუკა

წყარო: GlobalSecurity.org