წყარო: netgazeti.ge
“რია- ნოვოსტის” ინფორმაციით, 2016 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო მომსახურეობის სტრუქტურას 3 სამხედრო სანატორიუმი გადაეცემა, მათ შორის აფხაზეთში არსებული საკურორტო სახლი “გაგრა”.
სანატორიუმების გადაცემის შესახებ 4 იანვარს მთავრი სამხედრო სამედიცინო უწყების ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრ ფისუნმა განაცხადა.
“ახალი წლიდან რუსეთის არმიის საკურორტო უზრუნველყოფის სისტემაში 3 ახალი საკურორტო სახლი ჩაერთვება- ყირიმის, აფხაზეთისა და ციმბირის. სისტემაში სანატორიუმების- “სუდაკი”, “გაგრა” და სარეაბილიტაციო ცენტრ “ერგაკის” ჩართვის გამო სამედიცინო მომსახურების შემადგენლობის გაფართოვება იგეგმება” – განაცხადა ფისუნმა.
მისივე თქმით, გამაჯანსაღებელ ცენტრ “ერგაკში” რუსეთის სამედიცინო მუშაკების მიერ შემუშავებული ნოუ -ჰაუ, იგივე პრევენციული მკურნალობა დაინერგება, ეს კურსი სამხედრო მოსამსახურეებს არა მხოლოდ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ, არამედ დავალების შესრულებამდეც ჩაუტარდებათ.
რუსეთის მთავარმა სამხედრო ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 37 სანატორიუმი, 6 გამაჯანსაღებელი სახლი და 6 დასასვენებელი ბაზა აქვს, სადაც რეგულარულად ისვენებს და მკურნალობს დაახლოებით 19 000 ადამიანი.