2020 წლის 2 დეკემბერს ევროკომისია წარადგენს ევროპული დემოკრატიის სამოქმედო გეგმას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა განავითაროს მექანიზმები, რომლითაც შეეწინააღმდეგება უცხო ქვეყნების მიერ ევროპული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევის ოპერაციებს. სწორედ ამგვარ შესაძლო მექანიზმებს შორისაა მოხსენიებული სანქციები დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოელი პირებისთვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია განიხილავს სანქციების დაწესებას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
Radio Liberty-ის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული COVID-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რის შესახებაც დოკუმენტში ვკითხულობთ: „ზოგიერთი მესამე ქვეყანა (კონკრეტულად - ჩინეთი და რუსეთი) ჩართული იყო COVID-19-ის ირგვლივ ზეგავლენის მოხდენის ოპერაციებსა და დეზინფორმაციის კამპანიებში ევროკავშირში, მის სამეზობლოში და გლობალურად, რისი მიზანიც იყო დემოკრატიული დისკუსიის შეფერხება, პოლარიზაციის გამწვავება და საკუთარი იმიჯის გაუმჯობესება“.
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ქვედანაყოფმა, East StratCom-ის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც რუსულ დეზინფორმაციაზე მუშაობს, მხოლოდ 2020 წელს აღმოაჩინა COVID-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის 500 შემთხვევა, რომელიც ატარებდა პროკრემლისტურ ხასიათს, ხოლო 2015 წლიდან დღემდე იდენტიფიცირებულია 10,000-ზე მეტი პროკრემლისტური დეზინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმაში საუბარია იმაზეც, რომ ევროკავშირმა უნდა გაამკაცროს იმ ონლაინ პლატფორმებთან (სავარაუდოდ, Facebook, Twitter, Instagram და ა.შ.) დაკავშირებით რეგულაციები, სადაც ძირითადად ვრცელდება დეზინფორმაცია.
COVID-19-ის პანდემიის დაწყების დღიდან, სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში განსაკუთრებით გააქტიურდა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანიები. ასეთი იყო, მაგალითად, კონსპირაციის თეორიები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G ტექნოლოგიასთანაა დაკავშირებული. თეორია, რომ 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის გართულებებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცირკულირებს საინფორმაციო სივრცეში, თუმცა ამან განსაკუთრებით მასშტაბური სახე შეიძინა პანდემიის პერიოდში. მარკ ოუენ ჯონსმა, ყატარის ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის მკვლევარმა, Twitter-ზე გაანალიზა 22,000 პოსტი, რომელიც შეიცავდა სიტყვებს „5G” და “corona”. მისი თქმით, ტენდენცია, რომელიც აღნიშნულ პოსტებთან დაკავშირებით შეიმჩნეოდა, ძალიან ჰგავდა რუსეთის ე.წ. ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ქმედებას, რომლის კვალიც აშკარად იკვეთებოდა აშშ-ის 2016 წლის არჩევნების დროს გაღვივებულ დეზინფორმაციის კამპანიაში. კორონავირუსის პანდემიასა და 5G ტექნოლოგიას შორის კავშირების შესახებ კონსპირაციული თეორიები საქართველოშიც აქტიურად ვრცელდებოდა კონკრეტული დეზინფორმაციის წყაროებისა და ჯგუფების მიერ. ამ შინაარსის მასალა გაავრცელეს შემდეგმა წყაროებმა: iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“.
გარდა ზემოაღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიისა, პანდემიის დროს, საქართველო ბევრად უფრო მასშტაბური საინფორმაციო თავდასხმების მსხვერპლიც გახდა, რომელიც დადასტურებულად რუსეთიდან იმართებოდა. რუსული და ქართული პრორუსული გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გავრცელდა საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიიდან. ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ოფიციალური განცხადებები გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც. 2020 წლის 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს“. ამასთანავე, რუსეთმა 2020 წლის მაისში მოითხოვა, რომ რუს ექსპერტებს მისცემოდათ წვდომა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე.
2020 წლის 3 სექტემბერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა. კიბერშეტევის მიზანი იყო სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება. კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი აიტვირთა ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე. გარდა ავთენტიკური დოკუმენტებისა, აღნიშნულ ვებგვერდზე აიტვირთა ფალსიფიცირებული მასალები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საზოგადოების დაშინება, დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს არ დაუსახელებია ქვეყანას საიდანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელდა კიბერშეტევა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ივარაუდა, რომ შეტევა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ასევე, კიბერშეტევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთი ახსენა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება დეზინფორმაციის გამავრცელებელი უცხოელი პირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი მექანიზმი დეზინფორმაციის კოორდინირებული კამპანიების შესაჩერებლად, თუმცა ეს, ცხადია, არაა საკმარისი არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამისთვის აუცილებელია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების აქტიური თანამშრომლობა, რათა შემუშავდეს რუსულ დეზინფორმაციასთან და კიბერ საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავების სტრატეგია, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემუშავებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან.