ამერიკის შეერთებულმა შტატებმა VTB ბანკის ფილიალები, მათ შორის საქართველოში არსებული „VTB ბანკი ჯორჯია“ იმ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა, ვის მიმართაც სექტორული სანქციები დაწესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, ეკრძალებათ აღნიშნული კომპანიების გრძელვადიანი ფინანსირება (SSIL).
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძემ საინფორმაციო სააგენტო „ტაიმერს“ განუცხადა, რომ „შეზღუდვები მხოლოდ ამერიკის ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების შეზღუდვას ეხება. ბანკის მეანაბრეებს და კლიენტურას არაფერი ემუქრება“.
აშშ-მ 22 დეკემბერს გააფართოვა იმ კომპანიების და პირების სია, რომლებსაც გარკვეული სანქციები დაეკისრათ. სიაში გარდა VTB-სა არაერთი სხვა კომპანია მოხვდა.
უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ასევე კანადამ, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და სახელმწიფო მაღალჩინოსნებს არაერთი სანქცია დაუწესეს.
“ვითიბი ბანკი ჯორჯია” ყოფილი გაერთიანებული ქართული ბანკია. ეროვნული ბანკისთვის 2014 წელს წარდგენილი მონაცემებით, “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა 96.81%-ს რუსული ღსს “ვითიბი ბანკი” ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 58.99% მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსული “ვითიბი ბანკი” რამდენიმე ათეულ საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციას ფლობს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში არსებული „ვითიბი ბანკიც“ მათ შორისაა.
„გაერთიანებული ქართული ბანკის“ აქციები რუსულმა “ვითიბიმ” 2005 წელს შეიძინა. კომპანიის რებრენდინგი 2006 წლის დეკემბერში განხორციელდა, შეიცვალა სახელწოდება და “ვითიბი ბანკი” ეწოდა. “ვითიბი ბანკის ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს ხელმძღვანელობს ვასილ ტიტოვი, რომელიც რუსული “ვითიბი ბანკის” პრეზიდენტის პირველი მოადგილეა. საბჭოში ასევე შედიან ცენტრალური ბანკის მენეჯერები - ვიცე პრეზიდენტი მიხეილ იაკუნინი, ცენტრალური აზრიის ბანკების ფილიალების ხელმძღვანელი განყოფილების მენეჯერი სერგეი ცარიოვი, საცალო გაყიდვების განყოფილების ზედამხედველი სვსევოლოდ სმაკოვი, რომელიც გარდა საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკისა”, “ვითიბი ჯგუფში“ შემავალი ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ბელარუსში, ყაზახეთში, საფრანგეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.