უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ასევე კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის სხვა არაწევრი სახელმწიფოების ნაწილმა, 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და სახელმწიფო მაღალჩინოსნებს არაერთი სანქცია დაუწესეს. მიუხედავად აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნებისა, სანქციებს არ შეერთებია საქართველო. უფრო მეტიც, 20014 წლის დეკემბერში ფოთის ნავთობტერმინალები და გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი სანქცირებული რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ საკუთრებაში აღმოჩნდა. საერთაშორისო სანქციები, ძირითადად, შეეხო ენერგეტიკის, ნავთობისა და საბანკო სექტორებს. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები, მათ შორის VTB ბანკი, რომლის ფილიალიცაა საქართველოში მოქმედი VTB ბანკი, ნავთობკომპანია “ლუკოილი”.
Civil.ge-ს ინფორმაციით, 2014 წელს მოქმედმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თქვა: „ეს არ არის მხოლოდ საკმარისი იმისათვის, რომ კრიზისული ვითარება გადაიჭრას“. მაია ფანჯიკიძის ეს განცხადება გააკრიტიკა საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც განაცხადა: “პირველად საჯაროდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ეწინააღმდეგება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოზიციას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით საკუთარი განცხადება განმარტა და თქვა, რომ ოპონენტებმა მისი განცხადების „არასწორი ინტერპრეტაცია“ მოახდინეს.
„ჩემმა განცხადებამ გარკვეული არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. ეს ბუნებრივია, რადგანაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ხშირად მიგვიღია არასწორი ინტერპრეტაცია იმ სიტყვებისა, რომლებსაც ჩვენ ვამბობთ, რომლებიც ყოველთვის იმას ცდილობენ, რომ ისეთი რამ დაგვაბრალონ, რაც არასდროს სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მე საჭიროდ ჩავთვალე გამეკეთებინა ეს განმარტება“, - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წლის 6 მარტს განაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ს მიეცა უფლება, გაეყინა საბანკო ანგარიშები, ასევე, გამოეყენებინა სამგზავრო აკრძალვები იმ პირთა მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის უკრაინიდან გამოყოფაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მალევე, ევროკავშირმა და კანადამ რუსეთის ფედერაციას, კონკრეტულად კი რუს პოლიტიკოსებსა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კომპანიებს პირველი სანქციები 2014 წლის 17 მარტს, უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და 16 მარტს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ დაუწესეს.
ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და აქტივები გაუყინა რუსეთისა და ყირიმის 21 თანამდებობის პირს, მათ შორის დუმას რამდენიმე დეპუტატს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კი გარდა რუსი დეპუტატებისთვის შეზღუდვების დაწესებისა, სანქცია დაუწესა კომპანიებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები როგორები არიან „ავიაგრუპი“ (მოსკოვის აეროპორტ „შერემეტიევოს“ მფლობელი), „აკუანიკა“, „ინვესტბანკი“, „სობინბანკი“, „ვოლგა გრუპი“ და ა.შ.
რუსეთის მიმართ სანქციები ამით არ ამოწურულა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის არაწევრმა სახელმწიფოებმაც, მათ შორის ნორვეგიამ, შვეიცარიამ, უკრაინამ, მოლდავეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ.
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გააფართოვეს ევროკავშირმა და აშშ-მ, მიზეზი კი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ უკრაინელი ამბოხებულების მხარდაჭერა და კონფლიქტის ესკალაცია გახდა. ყველაზე ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ აშშ-მ და ევროკავშირმა 2014 წლის სექტემბერში გამოაცხადეს.
სანქციების მიხედვით, ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა, მათთვის ნავთობის მომპოვებელი და ნავთობსაბადოების საკვლევი ტექნოლოგიების მიწოდება, ასევე, გრძელვადიანი სესხების მიცემა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა საერთაშორისო სანქციებისთვის მიერთების პრაქტიკა, რუსეთის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არ მიიღო. მაგალითად, საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს და ირანულ კომპანიებსა და ბიზნესმენებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, თუმცა, ეს არ მომხდარა რუსეთთან დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წელს თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებს ირანელების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში და „მკაცრ კონტროლს“ უწესებს ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ირანის ფიზიკური და იურიდიული პირების, დაახლოებით, 150 საბანკო ანგარიში გაყინა.
რუსული კომპანიებისთვის სანქციების არაერთგზის გაფართოების შემდეგ, 2014 წლის 29 დეკემბერს რუსულმა სახელმწიფო კომპანია “როსნეფტმა“ განაცხადა, რომ მან ქართული კომპანია “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-იანი წილი შეიძინა, თუმცა, აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის საქართველოს საჯარო რეესტრში. სავარაუდოდ, აღნიშნული გარიგება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს შორის გაფორმდა.
“როსნეფტის” ინფორმაციით, გარიგების შედეგად კომპანიამ გაიმყარა ლიდერის პოზიციები კავკასიის რეგიონში არსებულ ნავთობბაზარზე. გარდა ამისა, “როსნეფტისვე” განცხადებით, “პეტროკასთან“ თანამშრომლობით მოხდება კავკასიისა და ცენტრალური აზიის მზარდი ბაზრების უკეთ ათვისება და ნავთობით მომარაგების დივერსიფიცირება.
„პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ სხვა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, თუმცა, აღნიშნული მფლობელობა საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. გარიგებები ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ხორციელდება.
კომპანიის წარმომადგენლების საჯარო განცხადებების მიხედვით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” ძირითადი მეწილე რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, რომელიც ამჟამად შვეიცარიის მოქალაქეა. რუსულმა „ფორბსმა“ დავით იაკობაშვილი რუსეთის ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა შორის 2014 წელს 91-ე ადგილი მიანიჭა და მისი ქონება 1.2 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.
“როსნეფტის” ინფორმაციით, “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49% მათ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენისგან, დავით იაკობაშვილისგან შეიძინეს, კომპანიაში დანარჩენი წილი კი კვლავ იაკობაშვილის საკუთრებაში დარჩა.
“როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი.
საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ხელი შეეშალა ფოთის ნავთობტერმინალის რუსულ სახელმწიფო კომპანიაზე მიყიდვისთვის. მოქალაქეთა ნაწილმა პეტიციაც კი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მათ „როსნეფტის“ სანქცირება მოითხოვეს, სანქცირების ერთ-ერთ საფუძვლად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაასახელეს. აღნიშნული კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. „როსნეფტი“ უკვე წლებია აფხაზეთში საქმიანობს, კომპანია იქ ბენზინგასამართი სადგურების ქსელსაც ფლობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ ისინი ხელს ვერ შეუშლიდნენ ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ხელშეკრულების გაფორმებას.
“ეს ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენკენ, რომ ვყიდით რაღაცას რუსულ კომპანიებზე. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის რუსული სახელმწიფო სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას, ამიტომ ჩვენს მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია”, - „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მსგავსი განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც: “ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმენაირად შევაფერხოთ ან ჩავშალოთ ეს ტრანზაქცია, რადგან ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა”.
უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქცირებულთა შორის მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“, რომლის შვილობილიცაა საქართველოში მოქმედი „ლუკოილ ჯორჯია“
დასავლეთის სანქციები ასევე შეეხო „VTB ბანკს“, რომლის ფილიალიცაა საქართველოში მოქმედი “VTB ბანკი”. საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნების მიუხედავად, ამ და სხვა სანქცირებულ კომპანიების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ზომები არ მიუღია და ისინი უპრობლემოდ აგრძელებენ ქვეყანაში საქმიანობას.