ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გიორგი გიუნაშვილი დააკავეს. სოფელი დისევი, სადაც გიუნაშვილი დააკავეს, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებრეობს და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთს ესაზღვრება.
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გიუნაშვილი 2004 წლიდან სხვადასხვა დივერსიულ აქტებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოს სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა. ამ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული მედია-საშუალებები ავრცელებს.
სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, გიუნაშვილმა 2007 წელს სოფელ ხელჩუასთან აფეთქება ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს მოაწყო, რა დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, ერთი - დაიჭრა. ის ,,დისევის დაცვის" ჯგუფის წევრი იყო - იუწყებიან ცხინვალის სააგენტოები.დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახური სხვა საიდუმლო მასალებს არ აჯაროვებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმიანობის შესწავლას განაგრძობს.
ოფიციალური თბილისი არ ადასტურებს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი დივერსანტობისთვის აქვს წაყენებული. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით გიუნაშვილი უკანონო პატიმარია და ის საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს და არა ტერორიზმის.