2015 წლის 28 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, საქართველო პირველად აირჩიეს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად. მომავალი სამი წლის (2016-2018 ) ვადით საქართველოს არჩევის გადაწყვეტილება ასამბლეამ 177 ხმით მიიღო. საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არამარტო დიპლომატიური პოზიციების გამყარების თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების კიდევ ერთ საერთაშორისო პლათფორმაზე გაჟღერებისთვის.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს მთავრობათაშორის ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზეა პასუხისმგებელი. მისი შექმნის გადაწყვეტილება, გაეროს ამავე სახელწოდების კომისიამ 2005 წლის სამიტზე მიიღო, უფლებამოსილების რეზოლუცია და შექმნის განრიგი კი გაეროს 2006 წლის 15 მარტის ასამბლეაზე მიიღეს.
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათი არჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 3 წლის ვადით შემდეგი რეგიონალური კვოტის მიხედვით ხდება: 13-13 წევრი აზია-აფრიკიდან, 6 - აღმოსავლეთ ევროპიდან, 8 - ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, ხოლო 7 წევრი - დასავლეთ ევროპიდან. საბჭო 4 წელიწადში ერთხელ უნივერსალური პერიოდული გადახედვის მექანიზმის ფარგლებში მიმოიხილავს გაეროს ყველა წევრი ქვეყნის მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს პირველად არჩევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა დიპლომატიურ ასპარეზზე. საბჭოს წევრობა საქართველოს საშუალებას მისცემს დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და უფლებათა დაცვის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში. მნიშვნელოვან წარმატებასთან ერთად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა საქართველოს მეტ მოვალეობა-პასუხისმგებლობასაც აკისრებს, იზრდება საქართველოს როლი საერთაშორისო ასპარეზზე, რადგანაც მოუწევს ჩაერთოს ადამიანის უფლებების კუთხით მსოფლიოში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით: "მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შეასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. „
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების საბჭოს გააჩნია საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც - „სპეციალურ პროცედურებს“. იგულისხმება დამოუკიდებელ ექსპერტთა საქმიანობა, რომლებიც აგროვებენ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა თემატური მიმართულებებით, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ.
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების წარმოსაჩენად და ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მისი თქმით, ეს ასპარეზი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილ მოსახლეობის პრობლემებს.