7 მარტს, აშშ-ს სენატის ასიგნებების კომიტეტის ფარგლებში შედგა მოსმენა თემაზე: „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ“, რომლის ფარგლებშიც მოხსენება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტი განკარგავს აშშ-ის ბიუჯეტის იმ ნაწილს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების ფინანსური დახმარებისთვისაა გამიზნული. ქვეკომიტეტში მოსმენა შედგა სენატორ ლინდსი გრემის (Lindsey Graham) ინიციატივით, რომელიც ამა წლის 1-2 იანვარს თავად ეწვია საქართველოს და ოკუპაციის ხაზიც მოინახულა.
საქართველოს ელჩმა სენატორებს შეახსენა საქართველოში რუსული ინტერვენციისა და ოკუპაციის ისტორია, და დეტალურად გააცნო შედეგები:
„მე დღეს თქვენთან ვარ რათა შეგახსენოთ რომ უკრაინაში კონფლიქტამდე, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. მიუხედავად მიმდინარე რუსული აგრესიისა, შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველომ შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა, და ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზის უფრო მეტად გაკვალვა.“
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 90-იან წლებში დაწყებულმა კონფლიქტმა, პიკს 2008 წლის ინტერვენციითა და ტერიტორიების ოკუპაციით მიაღწია, რასაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა და საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები მოყვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსული მზარდი აგრესიის ადრეული ნიშნები სამწუხაროდ თავის დროზე ადეკვატურად ვერ შეაფასა. ელჩმა დამსწრე აუდიტორიას შეახსენა რომ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართი ქვეყნის შუაგულში თითქმის 100 კილომეტრზეა გაჭიმული.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც აქტიური სამხედრო მოქმედებების გარდა გამოიხატება არაკონვენციური ჰიბრიდული სტრატეგიით, რაც გულისხმობს, მათ შორის, რუსული საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესუსტების მცდელობებს. ელჩმა აღწერა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რითაც საქართველოს მოსახლეობაში შენარჩუნდა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა.
ელჩის ინფორმაციით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პირობას იცავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების გზით აგრძელებს. აღინიშნა აშშ-ს როლი არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით. ელჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესისა და ოკუპაციის ხაზთან მათი ხშირი ვიზიტების გამო.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რთულ რეგიონში აშშ-სთვის ყველაზე საიმედო დემოკრატიული მოკავშირე და იმედი გამოთქვა ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე:
"ძლიერი საქართველო ისევე სჭირდება ამერიკას, როგორც ძლიერი ამერიკა - საქართველოს," - აღნიშნა ელჩმა სიტყვის დასასრულს.